აძიკვის (გოხნარის) წმინდა გიორგის ეკლესია და სამაროვანი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გოხნარში (აძიკვი) მდებარეობს. იგი XI-XII საუკუნეებით თარიღდება. აძიკვის ეკლესია ყურადღებას იქცევს მშენებლობაში გამოყენებული უზარმაზარი, სუფთად დამუშავებული ქვებითა და საინტერესო რელიეფებით. ნაგებობის ინტერიერში გვხვდება ორი ლაპიდარული წარწერა, ერთი მათგანი პილასტრზეა მოთავსებული, მეორე კი ქტიტორთა გამოსახულებიან რელიეფს შემოუყვება. პილასტრზე არსებული წარწერა შემდეგნაირად იკითხება: “ქ. სახელითა ღმრთისაითა მე ვარაზბაკურ შევსწირე მიწა თავნარული აძიკურსა ეკლესიასა, სალოცავად სულისა ჩუენისა. ვინ შეუცვალოს, ანუ ლოცვისაგან კიდევ რასაც ენუკევდეს, კრულ იყოს ღმრთისა დაუსაბამოისა პირითა, ამინ”. ქტიტორთა რელიეფზე მოცემულია ოთხი პიროვნება ანფასში. ყველა ერთნაირად გამოიყურება: წვერით, გრძელი კაბით, რომელიც დიაგონალზე იკვრება (სამოსის დეკორი ერთმანეთისგან განსხვავდება) და მლოცველის პოზით (ხელებაწეულნი). რელიეფს შემოუყვება წარწერა, სადაც ქტირორების სახელებია მოხსენიებული: “ქრისტე ადიდე შოთაი და გამრეკელ და ბეშქენ და ვარაზბაკურ ამინ. ქრისტე შეიწყალე იჩქატ მონა მათსა მრთელობასა (ან მართველობასა)”. პავლე ინგოროყვა გამოთქვამს ვარაუდს, რომ აქ შესაძლოა გამოსახული იყოს შოთა რუსთაველი. მეცნიერები ამ ორ წარწერას თანადროულად მიიჩნევენ, ორივე წარწერაში მოხსენიებულ ვარაზბაკურს კი – ერთი და იგივე პიროვნებად. მნიშვნელოვანი ძეგლია ასევე ტაძრის ეზოში გამართული იმავე პერიოდის სამაროვანი რელიეფური ქვებით. გოხნარის ეკლესია ამჟამად უმძიმეს მდგომარეობაშია, ჩაქცეულია კამარები, ნახევრად ჩამოცვენილია პერანგის ქვები და ა.შ. ძეგლზე უახლოეს პერიოდში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ტაძრის გარშემო ტერიტორიები გაითხარა, გათხრებისას იპოვნეს რამდენიმე ქვის ჭურვი, როგორც ჩანს, იგი მტრის შემოსევისას დაურბევიათ. აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესია და სამაროვანი ქართული კულტურის შესანიშნავი და საყურადღებო ნიმუშებია.
არქიტექტურა
აძიკვის (გოხნარის) წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს ორი მინაშენით. ერთი მინაშენი მთელს სამხრეთ კედელს გასდევს, მეორე კი ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებს. ჩრდილოეთის მინაშენი საძირკვლის დონეზეა შემორჩენილი, მხოლოდ მის აღმოსავლეთ ნაწილშია გადარჩენილი კედლების ფრაგმენტები. მინაშენები ტაძრის თანადროული არაა, უფრო გვიანდელია, რაზეც მასში უსისტემოდ ჩართული ორნამენტული ქვები და ქტიტორთა რელიეფი მეტყველებს. ქტიტორთა გამოსახულება, როგორც წესი, ფასადზე, თვალსაჩინოდ იყო მოთავსებული. ამასთანავე რელიეფის წარწერის ნაწილი კირხსნარითაა გადალესილი, აქედან ჩანს რომ ის სხვა ადგილას უნდა ყოფილიყო და შემდეგ გადმოუტანიათ მინაშენის კედელზე. მთავარი დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელიც ორი საფეხურითაა ამაღლებული. კონქი და კამარა პილასტრებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობოდა. ტაძარს ქვის კანკელი ჰქონდა, ადგილზეა შემორჩენილი მისი ერთი, ბაზისზე დამყარებული, ცილინდრული სვეტი, რომელიც მთლიანად ჩუქურთმითაა შემკული. ნაგებობას სამხრეთ კედელზე, მინაშენის მხრიდან, თაღედი ჰქონია, რომლისგანაც ანაბეჭდია დარჩენილი. ამავე კედელზე ჯვრის რელიეფია ამოკვეთილი. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და ჩრდილოეთით. ჩრდილოეთის შესასვლელი პატარა და არქიტრავულია, სამხრეთით კი მთავარი შესასვლელია, რომელიც გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – თაღოვანი. სარკმლები თაღოვანია. ფასადები სადაა, მხოლოდ დასავლეთის სარკმლის თავზეა თავსართი შემორჩენილი. სარკმლებს ერთმანეთისგან განსხვავებული მორთულობა ჰქონია, ეზოში გვხვდება სარკმლის თავსართი, რომელსაც დასავლეთის სარკმლისგან განსხვავებული რელიეფი ამკობს. სამხრეთის მინაშენის დასავლეთ კედელს ორნამენტებში ჩასმული ლილვების დეკორი ჰქონდა, რომელიც ამჟამად ჩამოვარდნილია. ეზოში კიდევ რამდენიმე რელიეფური ქვა და სვეტის ბაზაა, ნანგრევებს შორის. აღსანიშნავია პერანგის წყობა, უზარმაზარი კვადრები სუფთადაა გათლილი და იდეალურადაა მორგებული ერთმანეთს. ეკლესია ნაგებია ალგეთის რუხი ბაზალტის კარგად თლილი დიდი ზომის კვადრებით.
აძიკვის (გოხნარის) წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში სამაროვანია, რომელიც წარმოდგენილია დიდი ზომის ოთხკუთხა, ბრტყელი ქვებით. სამარხები ჯგუფებადაა გამართული. ქვები რელიეფებითაა შემკული. გამოსახულებებში მრავლადაა მშვილდ-ისრის, სხვადასხვა ტიპის ხმლის, შუბისპირის, ისრების, კაპარჭის, ხელცულის, ოროლის ფიგურები. ასევე გვხვდება ფარი, კავი, კომბალი, ნაჯახი. გარდა საბრძოლო და სამუშაო იარაღისა, სამარხებზე წარმოდგენილია სამვოლუტიანი გამოსახულება, რგოლებით შედგენილი ჯაჭვი და სამკაპას ფორმის გამოსახულება, თავისი ტარითა და ბორბლისებური თავით. სხვადასხვა დროს გოხნარის სამაროვანზე ყურადღება გაუმახვილებიათ ე. თაყაიშვილს, გ. ლომთათიძეს, რ. შმერლინგს, ნ. ბერძენიშვილს, ე. ნადირაძეს. ბერძენიშვილს აქ ურმის გამოსახულებიანი ქვაც უნახავს, რომელიც ამჟამად აღარ ჩანს მიწით დაფარვის გამო. მეცნიერები სამაროვანს ტაძრის თანადროულად მიიჩნევენ. ქვების რელიეფების ხასიათიდან გამომდინარე, არსებობს ვარაუდი, რომ სამაროვანი ბრძოლაში დაღუპულ ძმათა სასაფლაოს წარმოადგენს. გარდა წმ. გიორგის ეკლესიისა სოფლის მიდამოებში შეგიძლიათ მოინახულოთ ერთ-ერთი მასშტაბური და საინტერესო მეგალითური კომპლექსი – გოხნარის (ბედენის) ლოდოვანი.
მოგესალმებით ბოლოს აქ არქეოლოგიური გათხრები(2020 წელს) ვინ ჩაატარა და რატომ არ არის მისი გვარი ნახსენები, მადლობა
გამარჯობა. ჩემთვის არ არის ცნობილი ვინ ჩაატარა არქეოლოგიური სამუშაოები. ვერ ვიპოვნე ვერც ჩატარებული სამუშაოების ანგარიში.