აიაზმის ღვთისმშობლის ეკლესია

აიაზმის ღვთისმშობლის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აიაზმში მდებარეობს. იგი ადრეული შუა საუკუნეების ძეგლია და VI-VII საუკუნეებით თარიღდება. ტაძრის გარშემო საკმაოდ ვრცელი ძველი ნასოფლარია. აიაზმის ეკლესია ადრეული შუასაუკუნეების ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ძეგლია, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მისი ინტერიერის რელიეფები, რომლებიც ინდივიდუალურობითა და დახვეწილობით ხასიათდება. ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი აფსიდით. ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან მას გარშემოსავლელი ეკვრის. დარბაზში შესვლა ორი მხრიდანაა შესაძლებელი –  დასავლეთის გარშემოსავლელის ღია თაღედიდან და ჩრდილოეთის არქიტავრული შესასვლელით. ჩრდილოეთისა და დასავლეთის გარშემოსავლელის სივრცე გაერთიანებულია და აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. შესასვლელის არქიტრავზე ჯვრის ამაღლების კომპოზიციაა გამოსახული. დარბაზის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მრგვალი სვეტი დგას. სვეტის იმპოსტის აღმოსავლეთ სიბრტყეზე ირემია გამოსახული, ჩრდილოეთისაზე – წრეში ამოკვეთილი ჯვარი, ხოლო დასავლეთისაზე – როზეტი. ჩრდილოეთის შესასვლელის არქიტრავზე 1045 წლით დათარიღებული ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა გვხვდება, რომელშიც მინაშენის ამგები ზაქარია და კათალიკოზი ოქროპირი იხსენიებიან. ტაძრის ეზოში რამდენიმე საინტერესო რელიეფური საფლავის ქვაა, რომლებზეც გამოსახულია მხედარი, ქტიტორები ეკლესიის მოდელში, მრავალქიმიანი ვარსკვლავები, ჯვარი, ერთ-ერთზე ამოკვეთილია წარწერა. ეკლესიას დიდი ზომის ქვების მშრალი წყობით ნაგები გალავანი შემოუყვება.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *