წრომის ტაძარი

წრომის ტაძარი

წრომის ტაძარი შიდა ქართლშიხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში მდებარეობს. იგი 626-634/35 წლებით თარიღდება. “წმინდა რაჟდენის მარტვილობის” მიხედვით, V საუკუნეში წრომში მოუკლავთ წამებით ვახტანგ გორგასლის მეუღლის გამზრდელი რაჟდენი: “…წრომს, სადა იგი იყო დაკრძალული მრავალ მოღუაწე იგი გუამი ღუაწლით შემოსილისა მის მოწამისა. …და წარიღეს ნიქოზს, საეპისკოპოზოსა მას ეკლესიასა მისვე მეფისა ვახტანგის მიერ აღშენებულსა”. აღნიშნულ ცნობას ადასტურებს წრომის ტაძრის საკურთხეველსა და სამკვეთლოს შორის მდებარე ნიშის მარჯვნივ არსებული, სავარაუდოდ VIII საუკუნით დათარიღებული, წარწერა: “წ(მიდა)ო რ(ა)ჟ(დე)ნ, შეიწყალე, წმიდაო, თბნ (შესაძლოა: თყნ.)”. წრომის ტაძარზე ჩატარებული სამუშაოებისას გამოვლინდა სხვადასხვა სახის არქიტექტურული ელემენტები და ფრაგმენტები, სვეტები, კაპიტელები, ლავგარდნის ფრაგმენტები. აღმოჩენილ არქიტექტურულ ელემენტებზე დაყრდნობით, ივარაუდება, რომ აქ ჯერ კიდევ V საუკუნეში უნდა არსებულიყო ეკლესია. ამჟამინდელი გუმბათოვანი ტაძარი, მის სამხრეთ ფასადზე მოთავსებული წარწერის მიხედვით, სტეფანოზ ვიბატოსს აუგია: “წმიდაო ეკლესიაო, სტეფანოზ ჳბატოსი შეიწყალე”. ითვლება, რომ წარწერაში მოხსენიებული სტეფანოზი, ერისმთავარი სტეფანოზ II უნდა იყოს და წარწერა შესრულებული უნდა იყოს მას შემდეგ, რაც მან 626 წელს იმპერატორ ჰერაკლესგან, თბილისის აღების ხანებში, ბიზანტიური საკარისკაცო ტიტული მიიღო და იქამდე, ვიდრე ერისმთავარი გახდებოდა, ე.ი. 634/35 წლებამდე. სწორედ ამ წარწერას ეყრდნობა ძეგლის ზუსტი დათარიღება. ძეგლის მომდევნო ხანების ისტორია ცნობილი არ არის. ტაძარი რამდენჯერმე დაზიანებულა და გადაკეთებულა XI-XII და XVI-XVII საუკუნეებში. 1731 წლის ლეკთა შემოსევის დროს გალავანი დაინგრა. 1940 წლის მიწისძვრამ ეკლესია მნიშვნელოვნად დააზიანა, დაინგრა გუმბათი, გუმბათქვეშა კვადრატის კედლები და დასავლეთისა და სამხრეთის მკლავების ცილინდრული თაღების დიდი ნაწილი, გადაიხარა დასავლეთის კედელი. წრომის ტაძარი XX საუკუნეში სრულიად აღადგინეს. 

წრომის ტაძარი ჯვრის ტიპის ძეგლების შემდგომ ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენს და მხატვრული ღირსებებითა თუ საეტაპო მნიშვნელობით ერთ-ერთი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ძეგლია. აღსანიშნავია მისი მხატვრული მთლიანობა, ჰარმონიული პროპორციები, მასების წონასწორობა, დიდი ოსტატობით ნაგები მკაცრი კედლები, ფასადთა დასრულებული კომპოზიცია, განათების კარგად გააზრებული სისტემა, შიდა სივრცის სიხალვათე, ქვაზე ნაკვეთი ძუნწი, თუმცა ფაქიზი მორთულობა მსუბუქი მახვილების სახით და ა.შ. წრომში გვხვდება შიგა სივრცის გადაწყვეტის ახალი კონსტრუქციული სისტემა. წრომი პირველი ჩახაზული ჯვრის ტიპის ძეგლია საქართველოში, აქ გუმბათი ეყრდნობა თავისუფლად მდგომ ოთხ ბურჯს, განსხვავებით წინა ხანების ტაძრებისგან, სადაც გუმბათი კედლებს ეყრდნობოდა. თუკი ჯვრის ტიპის ძეგლებში (კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქი) გუმბათისთვის დამატებითი საყრდენების შექმნით მისი დიამეტრი იზრდება და შესაბამისად იზრდება ნაგებობის ზომებიც, თავისუფლად მდგომი ბურჯები სივრცის მნიშვნელოვნად გაზრდის საშულებას აძლევს ხუროთმოძღვარს, გუმბათის დიამეტრის ზრდის გარეშე. იმავ ხანებში ჩნდება ჩახაზული ჯვრის ტიპი სომხეთშიც, ასეთი უადრესი ნიმუშებია ეჩმიაძინის წმ. გაიანე (630-636 წწ.), ბაგავანი (631-639 წწ.), მრენი (639-640 წწ.) და ოძუნი (VII ს.). წრომი, ეჩმიაძინის წმ. გაიანესთან ერთად, ამ ხუროთმოძღვრული ტიპის უადრეს ნიმუშებს შორისაა აღმოსავლეთ საქრისტიანოში. წრომის კიდევ ერთი სიახლეა აღმოსავლეთ ფასადზე, საკურთხეველსა და პასტოფორიუმებს შორის ჩაჭრილი გეგმაში სამკუთხა თაღოვანი ნიშები, რომლებიც კედელს ზედმეტი მასებისგან ათავისუფლებს და ამავე დროს მხატვრული ფუნქციაც აქვს. ნიშების საშულებით ხუროთმოძღვარმა შვერილი აფსიდის უგულებელყოფის რთული ამოცანა გადაჭრა და აფსიდების სიმრგვლესა და კედლის გარე სწორ ხაზს შორის წარმოქმნილი ზედმეტი მასები მოხსნა. ასევე მან ძლიერი აქცენტი გააკეთა იდეურად ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, საკურთხეველზე და შუქ-ჩრდილის მხატვრული კონტრასტიც შექმნა ფასადზე. წრომი და სომხური ადრეული ჩახაზული ჯვრის ტიპის ძეგლები ერთ ხუროთმოძღვრულ ტიპში ერთიანდება, თუმცა ჩანს ეროვნული ნიშნები, რაც სომხურ ნიმუშებს წრომისგან განასხვავებს. სომხურ ნიმუშთაგან ბაგავანსა და მრენს შვერილი აფსიდი აქვთ, იმ ძეგლებში კი, რომლებიც სწორკუთხედშია ჩაწერილი, არაფერი არღვევს აღმოსავლეთ კედლის ერთიანობას, არცერთ მათგანში არ გამოიყენება საფასადო ნიშები. ასევე, წრომისგან განსხვავებით, გუმბათი შენობის ცენტრში კი არ არის, არამედ გადაწეულია დასავლეთისკენ, რაც სახასიათოა სომხური არქიტექტურისთვის. გარდა ამისა, სომხურ ძეგლებში გუმბათის დიამეტრი მეტად შევიწროვებულია, გუმბათქვეშა ბურჯები მეტად დაშორებულია გრძივ კედლებს და უფრო მასიურია. განსხვავებათა ნაწილი კონსტრუქციული გაუმჯობესებით უნდა აიხსნას, ნაწილი კი განსხვავებული მხატვრული მიდგომით. წრომის ტაძარი ქართული ხელოვნების ისტორიაში მნიშვნელოვანია მხატვრობის კუთხითაც, აქ, საკურთხევლის კონქში, შემორჩენილი იყო ქართული ქრისტიანული მხატვრობის (მოზაიკა და მხატვრობა) ერთ-ერთი უადრესი, VII საუკუნის ნიმუში. მოზაიკის უმეტესი ნაწილი განადგურდა, გადარჩენილი ფრაგმენტები კი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. დღესდღეობით საკურთხეველში მხოლოდ მოსამზადებელი ნახატის კონტურებია შემორჩენილი. 

 

ძეგლის აღწერა

წრომის ტაძარი ჩახაზული ჯვრის ტიპის ჯვარ–გუმბათოვანი ნაგებობაა. შესასვლელი სამია — დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით. როგორც ჩანს, ტაძარს ჩრდილოეთითა და სამხრეთით გალერეები გასდევდა. აღმოსავლეთის მკლავი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, დანარჩენი სამი მკლავი კი სწორკუთხაა. საკურთხევლის აფსიდი გადახურულია კონქით. საკურთხევლის ორივე მხარეს განივი პროპორციების პასტოფორიუმია, რომლებიც მცირედით სცდება ნაგებობის ძირითად გრძივ კედლებს და გალერეებს უერთდება. დამხმარე სათავსებს შესასვლელები აქვთ, როგორც დასავლეთიდან, შესაბამისი მკლავებიდან, ასევე გარედან, გრძივი გალერეებიდან. პასტოფორიუმთა აღმოსავლეთ კედლების ცენტრში სწორკუთხედში ჩაწერილი აფსიდებია. აფსიდები ფლანკირებულია გეგმაში სწორკუთხა, საკმაოდ ღრმა, დეკორატიული თაღებით. სამკვეთლო ჯვრული კამარითაა გადახურული, სადიაკვნე კი ვარსკვლავისებური კამარით. გუმბათი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან რვაწახნაგა გუმბათის ყელზე გადასვლა ტრომპების საშუალებით ხორციელდება. ტაძრის დასავლეთით ნართექსია, რომლის თავზე პატრონიკეა მოწყობილი. ნართექსი მთავარ სივრცეს სამი შესასვლელით უკავშირდება. ნართექსის შუა ნაწილი გადახურულია ცილინდრული კამარით, ხოლო გვერდითები — ჯვრული კამარით. პატრონიკე სამხრეთითა და ჩრდილოეთით გუმბათქვეშა ბურჯებამდე გრძელდება. ინტერიერისკენ პატრონიკეს სრული გახსნილობის საშულებით, სივრცის წონასწორობაა მიღწეული, დასავლეთის პატრონიკე აღმოსავლეთის აფსიდს აწონასწორებს და გუმბათი ტრადიციისამებრ ნაგებობის ცენტრში ექცევა. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში სათავსია, რომელიც საქალებო იყო. ჩრდილო დასავლეთ კუთხეში მდებარე სათავსი პატრონიკეზე ასასვლელი კიბის უჯრედია. განათების მთავარი წყარო გუმბათის ყელში გაჭრილი ოთხი და მკლავებში გაჭრილი თითო დიდი სარკმელია, რასაც რამდენიმე მრგვალი სარკმელიც ემატება. ორ-ორი პატარა სარკმელი აქვთ პასტოფორიუმებსაც. საკურთხევლის კონქი შემკული იყო მოზაიკით, აფსიდის კედლების ზედა მონაკვეთი კი — ფრესკული მხატვრობით. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ მოსამზადებელი ნახატის ფრაგმენტები, რომელზეც მოზაიკა იწყობოდა, თავად მოზაიკის გადარჩენილი ნაწილები კი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია გადატანილი. საკურთხეველში გამოსახული იყო ქრისტეს დიდება ორ რეგისტრად. კოქში მოზაიკით გამოსახული იყო კვარცხლბეკზე მდგომი ქრისტე მთავარანგელოზებთან ერთად. მეორე რეგისტრში ფრესკული მხატვრობით გამოსახულია ღვთისმშობელი ორანტა, მის ორივე მხარეს კი მოციქულთა ფიგურები იყო განლაგებული, რომელთაგან შედარებით სრულად შემორჩა წმ. პეტრესა და წმ. პავლეს ფიგურები. რეგისტრები ერთმანეთისგან აკანთის ფოთლებიანი ორნამენტული ფრიზით იყო გამოყოფილი. ფრიზის ქვემოთ, სავარაუდოდ, ისტორიული შინაარსის, მოზაიკური, სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა იყო, რომლის აღდგენაც ვერ ხერხდება. საკურთხევლის სარკმლის თაღს მედალიონში ჩასმული ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. ჯვრის ორივე მხარეს მედალიონში მოქცეული წმინდა მოწამის თითო ნახევარფიგურაა. მოხატულობა იყო ასევე დარბაზში, ჩრდილო-დასავლეთი ბურჯის აღმოსავლეთ პირზე. ბურჯზე გამოსახულია საერო პირის ლოცვად მდგომი ფიგურა, რომელიც საკურთხეველსა და სამკვეთლოს შორის არსებული მემორიალური ნიშასკენაა მიმართული. საერო პირი წელში გამოყვანილი კაბითაა შემოსილი, სამოსი წრეებში ჩასმული სენმურვის გამოსახულების სახეებითაა შემკული. წელს ზემოთ, სამოსის ზედაპირზე ბათქაშით რელიეფურადაა გამოყვანილი სხივის ფორმის ხაზები. ფასადები მკაცრი და მონუმენტურია. გამორჩეულია აღმოსავლეთის ფასადი ორი გეგმაში სამკუთხა ნიშით. სამკუთხა ნიშებს შორის საკმაოდ ღრმა დეკორატიული თაღია, რომელიც ნიშებთან ერთად მთლიან კომპოზიციას ქმნის. დეკორატიული თაღის წირთხლები ორნამენტული ჩუქურთმითაა შემკული. თაღში საკურთხევლის განიერი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სამკუთხა ნიშებში ორი მსხვილი ლილვისგან შედგენილი პილასტრებია, რომელსაც კაპიტელები ასრულებს. პილასტრები ნიშების მთელს სიმაღლეზე არ ადის, მათ თავზე გარკვეული სივრცე რჩება. გ. ჩუბინაშვილის ვარაუდით, პილასტრების კაპიტელებზე ქანდაკებები უნდა მდგარიყო. დასავლეთის ფასადი ხასიათდება მარტივი მონუმენტურობით, ერთიან სიბრტყეს მხოლოდ კარ-სარკმლების ღიობები ანაწევრებს. მშვიდი და თავშეკავებული გვერდითი ფასადები ქმნიან გადასვლას მდიდრული აღმოსავლეთის ფასადიდან მკაცრ დასავლეთის ფასადზე. სარკმლები ჰორიზონტალურ გადანაკეცებიანი თაღოვანი სათაურებითაა შემკული. შესასვლელთა ტიმპანებზე ჯვრების რელიეფური გამოსახულებებია მოთავსებული. შესასვლელთა ჩარჩოები და სარკმელთა სათაურები შემკულია მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტებით. ტაძრის ფორმები გაცოცხლებულია მსუბუქი და ნატიფი ორნამენტული დეკორით, რომელიც გამოყენებულია დიდი ტაქტით, მხოლოდ ძირითადი ფორმების ხაზგასასმელად, მახვილებად. წრომის ტაძრის კედლების მკვეთრი და მკაცრი წყობა, ოსტატურად გამოყვანილი თაღები და მათი დახვეწილი პროპორციები, განათების კარგად გააზრებული სისტემა, მოწმობს მშენებელთა დიდ ოსტატობასა და გემოვნებას. ტაძრის ინტერიერში ინახება ძეგლზე ჩატარებული სამუშაოებისას გამოვლენილი არქიტექტურული ელემენტები, კაპიტელები და კანელურებიანი და გლუვი ზედაპირის მქონე გეგმაში წრიული სვეტები. 

 

 

იხილეთ ჩახაზული ჯვრის ტიპის ტაძრები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *