ავრანლოს მეგალითური ციხე-სიმაგრე

ავრანლოს (ისტორიული თეზი) მეგალითური ციხე-სიმაგრე ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოში მდებარეობს, მდინარე ქციის მარცხენა ნაპირზე ზღვის დონიდან 1640 მეტრზე. ძეგლი სხვადასხვა დროს აღწერილი აქვთ ექვთიმე თაყაიშვილს, ლეონ მელქისეთ-ბეგს და სხვებს. ავრანლოს ციხე ძვ. წ. I ათასწლეულით თარიღდება. სიმაგრეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილი უჭირავს, იგი იმ ვიწრო გასასვლელს კეტავს, რომელიც მთებს შუაა დარჩენილი. ციხის კედლებთან გადის ერთადერთი გზა, რომელიც თრიალეთს ბორჯომის ხეობასთან აკავშირებს. სასიმაგრო კომპლექსი სამ ტერასაზეა გაშენებული. პირველი ტერასა მთის ძირში მდებარეობს, მეორე – მთის ფერდობის დაახლოებით შუა ნაწილში, მესამე კი ქციის კანიონის თავზე არსებულ გაშლილ მინდორზე გადის. ციხე ციტადელისა და მასთან დაქვემდებარებული ცალკეული გამაგრებული ეზოებისა და მცირე ტერასების სისტემისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან ვიწრო გასასვლელებითა და კარიბჭეებითაა დაკავშირებული. ციტადელი, კონცხის თავზე, მესამე ტერასაზე მდებარეობს, მისი აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლები კონცხის მოყვანილობას იმეორებს. ციტადელს ორი შესასვლელი აქვს: ჩრდილო-დასავლეთითა და სამხრეთით, ისინი დიდი არქიტრავებითაა გადახურული. კედლების გარეპირი ბაზალტის დიდი ზომის დაუმუშავებელი ლოდებითაა ნაგები, გარეპირებს შორის დარჩენილი სივრცე კი უფრო მცირე ზომის ქვებითაა შევსებული. ციხის შიგნით საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთებია. ციტადელის ჩრდილო-დასავლეთის კედელს კუთხეებში და ცენტრში მკვეთრად გამოყოფილი ბურჯები აქვს. კიდევ ერთი ბურჯი შემორჩენილია ჩრდილო-აღმოსავლეთი კედლის ქვედა ნაწილში. მეორე ტერასა ციტადელის სამხრეთის კედლის ძირშია გამართული. მისი სიგანე 4-5 მ-ს უდრის და სასიმაგრო სისტემის მთელ სიგრძეზე გრძელდება. ტერასის ჩრდილოეთი კიდე კლდოვან მასივს მიუყვება, სამხრეთით კი გალავანია აგებული. ტერასაზე შეიმჩნევა ნაგებობათა ნაშთები. მდინარის ნაპირთან, კონცხის ძირში, პირველ ტერასაზე, დამოუკიდებელი გალავანია, რომელსაც სამხრეთით დიდი, ფართო არქიტრავით გადახურული შესასვლელი აქვს. კედელში რამდენიმე განსაკუთრებით დიდი ზომის ლოდია ჩართული. გალავნის შიგნით შუა საუკუნეებში ეკლესია აუგიათ, რომელიც ახლო წარსულში აღუდგენიათ. ეზოს დასავლეთ ნაწილში, ეკლესიის წინ მოწყობილა დარნები, აქვეა ძველი საფლავის ქვები. სასიმაგრო კომპლექსის ტერიტორიაზე აიკრიფა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კერამიკის მცირე ფრაგმენტები. ავრანლოს ციხის ტერიროტიაზე და მის მიმდებარედ გვხვდება გამოქვაბულები. ციხის ჩრდილოეთით განფენილ ვაკეზე მტკვარ-არაქსის კულტურის ვრცელი ნამოსახლარი. სიმაგრის აღმოსავლეთით, 150 მეტრის დაშორებით, უშუალოდ სოფელ ავრანლოს თავზე დადასტურდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის მცირე გორა-ნამოსახლარი.

 

 

2 კომენტარი პოსტზე - “ავრანლოს მეგალითური ციხე-სიმაგრე

  • აპრილი 20, 2022 at 1:03 pm
    Permalink

    გამარჯობა, მისასვლელი გზა სოფლიდან მდინარის მხრიდან შედის თუ ზემოდანაც შეიძლება მარტივად ჩასვლა? სოფლიდან მარჯვენა მხრიდან რეხასკენ მიმავალი გზიდან.

    Reply
    • აპრილი 21, 2022 at 1:44 am
      Permalink

      გამარჯობა. ჩვენ ზემოდან ჩავედით, რეხის გზიდან. ციხის ზედა ნაწილიც სანახავია და ქვედაც, ზევიდან ჩახვალთ თუ ქვევიდან მიხვალთ ორივე შემთხვევაში ასვლა-ჩამოსვლა მოგიწევთ ფეხით ქვედა ციხე-ზედა ციხეს შორის, თუ ვინმე არ დარჩება მანქანაში და წამოსვლისას მეორე მხრიდან არ მოგაკითხავთ 🙂

      Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *