კუშჩის წმინდა გიორგის ეკლესია

კუშჩის წმინდა გიორგის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშჩში მდებარეობს. იგი VI-VII საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია ხასიათდება კოხტა პროპორციებით. მხატვრულობას ქმნის სხვადასხვა ფერის ქვების ცხოველხატული წყობა და სუფთად დამუშავებული ქვის აქცენტები (სუფთად თლილი ქვით ნაგებია გალერეა, თაღები და პილასტრები, კედლები უფრო უხეშად დამუშავებული ქვისაა). ტაძარი უხვად არ არის დეკორირებული, თუმცა მისი სადა და დახვეწილი მორთულობა ყურადრებას იქცევს. ნაგებობა დაზიანებულია, ჩაქცეულია კამარები და საკურთხევლის კონქი. ეკლესია დარბაზულია, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით. ნაგებობას სამხრეთიდან მთელს სიგრძეზე გასდევს გალერეა, რომელიც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. გალერეა გახსნილია ორი ნალისებრი მოხაზულობის თაღით. თაღები წრიული გეგმის მქონე ბურჯს ეყრდნობა, რომელსაც პროფილირებული, მოჩუქურთმებული იმპოსტი ასრულებს. მთავარი დარბაზისა და გალერეის აფსიდები ერთი საფეხურითაა ამაღლებული, იატაკის ძირითად დონესთან შედარებით. მთავარი დარბაზიცა და გალერეაც გადახურული იყო კამარებით, რომლებიც პილასტრებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობოდა. გალერეის აფსიდის კონქი შემორჩენილია, მთავარი დარბაზის აფსიდისა კი ჩაქცეულია. ეკლესიას სამხრეთიდან არქიტრავული შესასვლელი აქვს. არქიტრავის ქვაზე წრეში ჩასმული ტოლმკლავა ჯვრის რელიეფია. შესასვლელის ჩარჩოს მცირე ნაწილი მოჩუქურთმებულია. ჯვრის რელიეფიანი ქვები გვხვდება ინტერიერშიც. აღმოსავლეთის თაღოვან სარკმელს სადა სათაური აქვს, სათაურის თავზე კი რელიეფური ჯვრის გამოსახულებაა. ეკლესიის ფასადები თაროსებრი ლავგარდნით სრულდებოდა, შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთის კედელზე, გალერეის სამხრეთ ფასადი კი – პატარა თაღებისგან შექმნილი ლავგარდნით, რომლისგანაც მცირე ნაწილია შემორჩენილი. მორთულობის თვალსაზრისით სამხრეთის მხარე ყველაზე მეტად აქცენტირებულია. ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით ტაძარზე არსებობდა წარწერები, თუმცა ამჟამად მხოლოდ გალერეის მარცხენა თაღზე არსებული წარწერა შეიმჩნევა. საკურთხეველში დგას ტრაპეზის მაგიდა, რომლის ბრტყელი ზედაპირი, საყრდენ ფეხთან შედარებით, უფრო განიერია. ტაძრის ეზოში გვხვდება ჯვრის რელიეფიანი მოზრდილი ქვა. სოფლის მიმდებარედ ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ XII საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია და კუშჩის ოთხმალიანი ხიდი.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *