ფარავნის ქარვასლა

ფარავნის ქარვასლა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავანში მდებარეობს. იგი XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ქარვასლა დიდ სავაჭრო-სახელოსნო სახლს წარმოადგენდა, სადაც შორიდან მომავალი ვაჭრები ისვენებდნენ და მათი საქონელიც დროებით აქ იყო დაცულ-შენახული. მეტ-ნაკლები სიდიდის ქარვასლები საქართველოს ყველა მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქში არსებობდა. ფარავნის ქარვასლა განვითარებული შუასაუკუნეების ქართული ქარვასლების ერთ-ერთი კარგად შემონახული ნიმუშია. იგი ოთხკუთხა ფორმის სამ ნაწილად გაყოფილ დიდი ზომის ნაგებობას წარმოადგენს. შუა ნაწილი დერეფანია, რომლის ორივე მხარეს ხუთ-ხუთი სათავსია განლაგებული. სათავსები დერეფანს თაღებით უკავშირდება. ყოველ ოთახს დატანებული აქვს ბუხარი. დერეფანიცა და გვერდითა სათავსებიც გადახურული ყოფილა კამარებით, თუმცა ამჟამად გადახურვები ჩაქცეულია. შენობა ნაგებია უხეშად თლილი ქვის კვადრებითა და აგურით. ნაგებობას ეტყობა გადაკეთების კვალი. ფარავნის ქარვასლასთან ახლოს შეგიძლიათ მონახულოთ X-XI საუკუნეების ეკლესია და XIII საუკუნის მცირე საყდარი.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *