ბეშთაშენის ციკლოპური ნამოსახლარი

ბეშთაშენის ციკლოპური ნამოსახლარი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენში მდებარეობს. იგი მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც მოიცავს პერიოდებს მეზოლითური ხანიდან ახ.წ. XVII საუკუნის ჩათვლით. ნამოსახლარსა და სამაროვნებს 30 ჰა ფართობი უჭირავს. მდინარე გერიაკ-ჩაისა და მდინარე ბაშკოვ-სუს ხერთვისში, მაღალ კანიონებს შორის მოქცეული კონცხის ჩრდილოეთი ნაწილი გადაკეტილია მძლავრი „ციკლოპური” კედლით. კედლის წინ მოწყობილია თავდაცვითი თხრილია მოწყობილი. თხრილიცა და სასიმაგრო კედელიც მდინარე გერაკ-ჩაის მარცხენა ნაპირიდან იწყება და ბაშკევ-სუს მარჯვენა ნაპირამდე აღწევს. ნამოსახლარზე უძველეს ფენას მეზოლითური ხანის ღია სადგომის ნაშთები წარმოადგენს, რომელიც „ნაქალაქარის” სამხრეთით, მდინარის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. მდინარე ბაშკევ-სუს მარცხენა ნაპირზე მეგალითური სადგომია, რომელიც ნაპრალ-გვირაბებისა და დოლმენისებური ნაგებობებისაგან შედგება. ადგილობრივი მოსახლეობა მას „დაშლეხს” უწოდებს, რაც ქართულად „ლოდოვანს” ნიშნავს. „ციკლოპური“ ნამოსახლარის დასავლეთით, მდინარის მარჯვენა ნაპირზე ძვ. წ. XIII-VII სს-ის მრავალიარუსიანი სამაროვანია გამართული. ნამოსახლარზე გათხრილია ძვ.წ. III-II სს. ნამოსახლარის ორი ნაგებობა და ძვ.წ. IV-III და I საუკუნეების სამარხები. აქ გამართული ყოფილა ძვ. წ. IV-I სს-ის დიდი დასახლება, რომელიც მდ. ბეშქენაშენზე გადებული ხიდიდან იწყება, მიუყვება მდინარის მარჯვენა ნაპირს და გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვნამდე მიდის.  აღმოჩენილია აგრეთვე გვიანბრინჯაოს ხანის შენობების ნაშთები. შუაბრინჯაოს ხანის დასასრულის ფენას გვიანბრინჯაოს ხანისა და შუასაუკუნეების ფენები ფარავს. ციკლოპური ნაქალაქარიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს აქემენიდური და მიდიური ეპოქის სამაროვნები, რომლებსაც ჩაჭრილი აქვთ ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ფენები. ნამოსახლარის ზედა ფენები გვიან შუასაუკუნეებს განეკუთვნება.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *