ბირთვისის ციხე

ბირთვისის ციხე

ბირთვისის ციხე ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ალგეთის ხეობაში. იგი ერთ-ერთი ძლიერი და სტრატეგიული ციხე იყო და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში. ციხის ამგებისა და აგების თარიღის შესახებ არაფერია ცნობილი. წყაროებში იგი პირველად ბაგრატ III-ის პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით იხსენიება, თუმცა, მკვლევართა აზრით, უფრო ადრე უნდა იყოს აგებული. პირველი ცნობა შემოინახა ქართულმა საისტორიო წყარომ – “მატიანე ქართლისა”: “ლიპარიტ ლიპარიტის ძემან და ივანე აბაზას-ძემან, ქართლის ერისთავმან, მუხათგუერდსა გამოიტყუნეს ტფილისელი ამირა ჯაფარ, და შეიპყრეს, და დიდი ხანი დაყვეს პატიმრობასა შინა, და წარუღეს ბირთვისი”. ჩანს, ამ დროს ქვემო ქართლის ნაწილი ბირთვისთან ერთად თბილსის ამირას ხელში ყოფილა. ამირასთვის ციხის წართმევის შემდეგ ის კლდეკარის ერისთავის, ლიპარიტის ხელში აღმოჩენილა, თუმცა მალე სხვა ციხეებთან ერთად მას ბირთვისიც წაართვეს. ბირთვისის ციხისთვის საბედისწერო აღმოჩნდა თემურლენგის შემოსევების პერიოდი, მან რამდენჯერმე სცადა ციხის აღება, საბოლოოდ მიზანს მერვე ლაშქრობისას, 1403 წელს, მიაღწია. მას თავიდან ერთხელ კი შეუტევია ბირთვისისთვის, მაგრამ მისი სიმტკიცე რომ უნახავს გზა გაუგრძელებია, თუმცა სხვა ბრძოლების შემდეგ კვლავ დაბრუნდა ბირთვისს. იგი დიდხანს უტევდა ციხეს, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ ციხეში შესაღწევი გზების საძიებლად მას კლდეზე ცოცვის უნარებით გამორჩეული ტომის მეომრები გაუგზავნია, რომლებმაც ყველაზე მიუდგომელი, კლდოვანი მხარე შეარჩიეს, საიდანაც თავდასმას არავინ ელოდა, რადგან ამ მხრიდან მისვლა შეუძლებლად მიაჩნდათ. პარალელურად ერთბაშად სხვადასხვა მხრიდან აქტიურად უტევდნენ სიმაგრეს, რათა მეციხოვნეებისთვის მოსვენება არ მიეცათ. შეტევის ღამეს ეს ხმაური შეწყვიტეს და როცა ბრძოლით დაღლილ მცველებს ჩაეძინათ, სწორედ მიუვალი გზიდან გაგზავნა მეომრები ციხეში შესაღწევად, რომლებსაც შემდეგ შიგნიდან ალაყაფის კარი უნდა გაეღოთ. სწორედ ამან გადაწყვიტა ბრძოლის ბედი, თემურლენგმა ციხე აიღო და თავისი ჯარი ჩააყენა. ბირთვისის ციხის შემდგომი პერიოდების ისტორიიდან ცნობილია ასევე შაჰთამაზის ლაშქრობასთან დაკავშირებული ამბები. მან ციხეს ძალით ვერაფერი დააკლო, მეციხოვნეებს დანებების შემთხვევაში უვნებლობას შეჰპირდა და მოტყუებით შეძლო დაპყრობა. მოხერხებულობას მიმართა გიორგი სააკაძემაც ირანის წინააღმდეგ ბრძოლისას, როცა ირანის მხარეზე მყოფმა ქაიხოსრო ბარათაშვილმა ბირთვისში 500 კაციანი ყიზილბაშთა გარნიზონი ჩააყენა. გიორგი სააკაძემ ქაიხოსრო ტბისში შეიპყრო და აიძულა თავადვე გამოეყვანა ჯარი. ციხის ძალით აღება ვერც ერეკლე II-მ შეძლო აბდულა ბეგთან ბრძოლისას. მეფემ მოწინააღმდეგეთათვის სარჩოს მოსპობის მიზნით სამშვილდისა და ბირთვისის ახლომახლო ყანები ჯარს მოაცლევინა. ჩამოვიდნენ ბარათაშვილები და ბრძოლა გაიმართა. ერეკლემ სძლია და ციხემდე სდია მათ. მემატიანე ამ მოვლენებთან დაკავშირებით წერს: “ბირთვისის ციხის ომი ხომ არ იქნებოდა, ჩამოეცალნენ, წაახდინეს, საცა რამ შენობა იყო”. ბირთვისის ციხე XVIII ს-მდე მოქმედი იყო და საუკუნეთა განმავლობაში მისი ბრძოლით აღება მხოლოდ ერთხელ, თემურლენგმა შეძლო, იგი ისტორიულ წყაროებში სრულიად მიუდგომელი და აუღებელი ციხის სახელითაა ცნობილი. 

 

ძეგლის აღწერა

ბირთვისის ციხე არ არის ჩვეულებრივი, გალავნითა და კოშკებით შემოფარგლული ციხე, ეს არის კლდოვანი მთების ბუნებრივი სიმაგრე, რომელიც ადამიანმა დამატებითი ჩარევით აუღებლად აქცია. დიდი სამუშაოა ჩატარებული კლდეებს შორის ყველა გასასვლელისა და საჭირო ადგილების ხელოვნურად გამაგრებისათვის. ციხე რამდენიმე ნაწილისგან შედგება და მოიცავს როგორც საბრძოლო, ისე საცხოვრებელი და სამეურნეო სახის ნაგებობებს. ციხის საფორტიფიკაციო ფუნქცია ბუნებრივ კლდოვან მასივშია ჩაწერილი, ლანდშაფტის თავისებურებები შესანიშნავადაა გამოყენებული. ბირთვისის ციხის ქვედა ნაწილი გამაგრებული ყოფილა კედლებითა და გოდოლებით, ციხისკენ მიმავალ ბილიკზე ვხვდებით ორსართულიან გოდოლს. ციხე-სიმაგრის მთავარი კარიბჭე ქვისა და აგურის მონაცვლეობითაა ნაგები, შესასვლელი თაღოვანია და აგურითაა ამოყვანილი. დედაციხეზე ციცაბო კლდით ავდივართ, რომელზეც ოცამდე საფეხურია ამოჭრილი. საფეხურების თავზე კლდეთა შორის არე კედლითაა გადაკეტილი, რომელშიც ვიწრო კარია გაჭრილი. კარის გადახურვაში გამოყენებულია ხის ძელი. ამ კარით კლდეებში მოქცეულ მცირე ეზოში ვხვდებით, რომლის სამხრეთ მხარეც ორმაგი კედლითაა გამაგრებული. დედაციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მაღალ კლდოვან მთაზე, სათვალთვალო კოშკია შემორჩენილი (პირველი სართული და მეორე სართულის ძირი), რომელსაც “შეუპოვარს” უწოდებენ. კოშკის გეგმა წრეს უახლოვდება. ეს კოშკი მოგვიანებით უნდა იყოს აგებული, მის კედლებში სათოფურებია გაჭრილი. კოშკში კედლით შემოფარგლული ეზოდანაა შესაძლებელი. “შეუპოვრის” გზაზე შემორჩენილია კიდევ ერთი კოშკის ნაშთი. ციხის ტერიტორიაზე კლდეში ამოკაფულ წყლის რამდენიმე აუზს ვხვდებით, რომლებშიც კლდეშივე ამოჭრილი ღარებით წყალი გროვდებოდა, ციხის ქვედა ნაწილში არის წყაროებიც. 

 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

რესურსები ინტერნეტში:

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *