სნოს ციხე

სნოს ციხე

სნოს ციხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ სნოში მდებარეობს, მდინარე სნოსწყლის მარჯვენა ნაპირზე, განცალკევებით მდგარ კლდოვან შემაღლებაზე. იგი XVI საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. ციხის ამგების ან მეპატრონის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. იგი ისტორიულ წყაროებში მხოლოდ ერთხელ, XVIII საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში იხსენიება. არაგვის ერისთავი ბარძიმი რუსეთში მყოფ ვახტანგ VI- ს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობასა და ლეკთა გამუდმებულ თავდასხმებზე ატყობინებს – ერთ-ერთი შემოსევის დროს სნოსა და არშას ათი ათასი ლეკი მოადგაო. სნოს ციხე აკონტროლებდა ხევიდან მიმავალ მოკლე გზას, რომელიც გადიოდა ხევსურეთზე, ფშავსა და მთიულეთზე. იგი ხეობის ერთ-ერთ მთავარ სიმაგრედ ითვლებოდა. ლეგენდის მიხედვით, სნოს ციხე შიოლა ღუდუშაურს ეკუთვნოდა, ამიტომაც მას ღუდუშაურის ციხესაც უწოდებენ. სნოს ციხეს უკავშირდება ლეგენდა ლეკების შემოსევასა და მათ მოხერხებულად დამარცხებაზე, არშის მეციხოვნეებს დიდი დახმარება გაუწევიათ სნოვლებისთვის. ამ ამბავზე არსებობს ხალხური ლექსიც:

„სნოს ციხემ მაშინ შასტირა,
თვალები დაისველაო,
ნეტავი ჩემთა მეთოფეთ
ყელან ვინ გაუსველაო
ან ცოტა პური მიჭმივა,
ან ძილით მამისვენაო,
თოფებ ვინ დაუგრიალა,
წამალი დამისველაო“.

 

არქიტექტურა

სნოს ციხე ზომით დიდი არ არის, თუმცა ძნელად მისადგომია. იგი თითქმის წრიული გალავნისა და ერთი კოშკისგან შედგება. ნაგებია ნატეხი ქვითა და შავი ფიქლით. გალავანი მრავალ თავდაცვით ელემენტს შეიცავს. ციხეს ერთადერთი შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. შესასვლელის წინ, კლდეზე, საფეხურებია ამოკვეთილი. კარის წირთხლებთან შემორჩენილია ურდულის ბუდეები. მიუხედავად ეზოს დონის სხვადასხვაობისა, გალავანი ერთ სიმაღლეზეა დაყენებული, ამიტომაც, თუკი ჩრდილოეთით კედლის სიმაღლე ოთხ მეტრამდეა, მოპირდაპირე მხარეს ათ მეტრს აღწევს. საბრძოლო იარუსებიც ამის მიხედვითაა განლაგებული – დაბალ მხარეს ორი იარუსია, მაღალ მხარეს კი – სამი. იარუსებზე სათოფეები და სალოდეებია. მოახლოებული მტრის წინააღმდეგ სათოფეებს იყენებდნენ, ციხის ძირას მისულს კი სალოდეებიდან ქვებს აყრიდნენ ან ცხელ სითხეს ასხამდნენ. გალავნის ჩრდილოეთით ნაწილში სათავსია ჩართული. კოშკის ოც მეტრამდე ყოფილა, დღეს მას რამდენიმე მეტრი აკლია. იგი გეგმით ოთხკუთხაა და ზემოთკენ ვიწროვდება. კოშკი გალავნის სიღრმეში, ყველაზე მაღალ ადგილას დგას, ამით ის ამავე პერიოდის სხვა ქართული სიმაგრეებისაგან განსხვავდება, რომლებშიც კოშკები გალავნის ხაზშია ჩართული. ნაგებია შერჩეული, ტლანქად დამუშავებული ქვითა და დუღაბით, გამოყენებულია აგრეთვე დიდი ლოდებიც. მხოლოდ ჩრდილოეთ კედელია ნაშენი შავი ფიქლის ჯვარედინი წყობით. ნაგებობის ქვედა ნაწილი 6 მ სიმაღლეზე ყრუა, ზემოთ სამი სართულია. შესასვლელი პირველ სართულზეა. ამ სართულის დანარჩენი კედლები ყრუა. მეორე სართულის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებში ორ-ორი სათოფურია. მესამე სართულის კედლები ძალიან დაზიანებულია. დასავლეთის და ჩრდილოეთის კედლებში შემორჩენილია ცალმაგი სათოფურები და ოთხკუთხა სარკმელ-სათოფურები. ზოგ ადგილას სათოფურები წვრილია და ჯვრისებურადაა განლაგებული. კოშკს ზემოთ სწორკუთხა შვერილი მაშიკულები აქვს. სართულშუა გადახურვები ქვის იყო და ფილები კედელში ჩამაგრებულ ფიქალ-კრონშტეინებს ეყრდნობოდა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *