წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი

წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი

წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი

წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში მდებარეობს. ძეგლი რამდენიმე სამშენებლო ფენას მოიცავს. “მოქცევაი ქართლისაის” მიხედვით, წილკანში პირველი ეკლესია ქართლში ქრისტიანობის გავრცელების საწყის პერიოდშივე აიგო, ბაკურ II-ის მიერ (ბაკურ რევის ძე. IV ს-ის II ნახევარი) : “ამან ბაკურ დაიწყო წილკნისა ეკლესიასა და განიშორა Read more

არმაზციხე

არმაზციხე (ბაგინეთი)

არმაზციხე

არმაზციხე, ბაგინეთი, ქართლი — სრულიად ქართლის პირველი დედაქალაქი, ძველი მცხეთის შიდაციხე. არმაზციხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს, მტკვრის მარჯვენა ნაპირას, მცხეთის სამხრეთ ნაწილში. მოხერხებული ადგილმდებარეობის გამო არმაზციხე ბატონობდა მცხეთისაკენ მიმავალ გზებზე. ნაქალაქარიდან სვეტიცხოვლის, ჯვრის მონასტრისა და მცხეთის შესანიშნავი ხედებით დატკბებით. ლეონტი მროველი ციხე-ქალაქის პირველ აღმშენებლად ქართლოსს – ქართველთა ნათესავთმთავარს ასახელებს: – “ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა… და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ-ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისი თჳსა ქართლი” სახელწოდება “არმაზციხე” ქართლის უზენაეს წარმართულ ღვთაებას არმაზს უკავშირდება. გათხრები წარმოებს 1943 წლიდან. აღმოჩნდა სამი მკაფიოდ განსხვავებული კულტურის ფენა: ქვედა (არმაზციხე I) უძველესი ქალაქისა და განეკუთვნება ძვ. წ. IV-III საუკუნეებს: შუა (არმაზციხე II) – ძვ. წ. III-I სს.; ზედა (არმაზციხე III) – I და მომდევნო საუკუნეებს (მცხეთის დედაქალაქობის ხანის დასასრულამდე). გამოვლინდა მშენებლობის ორი ძირითადი საფეხური. პირველი: უმთავრესი სამშენებლო მასალ ქვათლილი და ალიზაგურია; ალიზ-აგურის კედლები ქვათლილთა საძირკვლებზეა ამოყვანილი; თვით ქვათლილები ჩასმულია კლდეში ამოკვეთილ ბუდეებში და ერთიმეორესთან ე. წ. უწყვეტითაა გადაბმული; წყობა უდუღაბოა (ძვ. ე. IV – III სს.); მეორე: მშენებლობაში გამოყენებულია დუღაბი (ძვ. წ. III საუკუნიდან). არმაზციხის გათხრებისას აღმოჩენილია უნიკალური ნაკეთობები, რომლებიც ამჟამად ეროვნულ მუზეუმშია განთავსებული.

 

 

კალოუბნის ეკლესია

კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია

კალოუბნის ეკლესია

კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის ჩრდილოეთით, 5 კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის თხემზე, მცხეთა-შიომღვიმის საავტომობილო გზის მახლობლად. ეკლესია აგებული და მოხატულია  XII საუკუნეში. 1975 წელს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.
თუკი კალოუბნის ეკლესიას ესტუმრებით პატარა, საყვარელი ეკლესიისა და მისი სადა და საინტერესო მხავტვრობის გარდა შესანიშნავი ხედებითაც დატკბებით. ეკლესია საკმაოდ მაღალ მთაზე დგას და გარშემო მშვენიერი, დიდი სივრცეები იშლება. შორს მცხეთის ჯვარი მოჩანს, ეკლესიის პირდაპირ, მტკვრის მეორე მხარეს კი არმაზის ციხეს და არმაზის ღვთისმშობლის მონასტერს დაინახავთ. ეკლესიის გვერდით ერთი ხნიერი, შუაზე გახლეჩილი, თითქმის ძირის გარეშე დარჩენილი ხეა, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს სიმწვანეს. ეს ხე ისე გამოიყურება თითქოს მთლიანი არქიტექტურის ნაწილი იყოს და უფრო მეტ სიმყუდროვეს და ცოცხალობას მატებს მთის წვერზე შემოსკუპებულ ციცქნა ეკლესიას.

 

არქიტექტურა

ეკლესია დარბაზულია (4,51 X 2,72 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთით მასზე მიდგმულია კოშკისებრი ორსართულიანი ნაგებობა, რომლის ცილინდრული კამარით გადახურული პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის როლს ასრულებს. მინაშენს სამხრეთიდან აქვს შესასვლელი. პირველი სართულის ჩრდილოეთ ნაწილში მეორე სართულზე (სამრეკლოზე) ასასვლელი სწორკუთხა ხვრელობია. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა, ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხეველი გამოყოფილია აგურის კანკელით. სატრაპეზოს ქვის წყობაში ჩატანებულია სტელის ფრაგმენტი (ადრინდელია). აქვეა ქვის ემბაზი. სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. შესასვლელის თავზე გაჭრილი სარკმელი მინაშენის მეორე სართულის სათავსში გადის.

 

მოხატულობა

კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია მთლიანად მოუხატავთ XII საუკუნეში. დარბაზის კამარაში გამოსახულია მედალიონში ჩასმული ჯვარი. დარბაზის და საკურთხევლის მოხატულობა იყოფა ორ რეგისტრად. იატაკსა და ქვედა რეგისტრს შორის გავლებულია მარმარილოს იმიტაციის ფართო ზოლი. აფსიდის კონქში გამოსახულია ვედრება. დარბაზის მხატვრობის ზედა რეგისტრში სადღესასწაულო ციკლის ხუთი სცენაა ასახული: დასავლეთის კედელზე – ხარება, ჩრდილოეთის კედელზე – შობა, მირქმა, სამხრეთის კედელზე – ნათლისღება და ფერისცვალება. ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია წმინდანთა სადიდებელი კომპოზიციები. დასავლეთის კედლის ქვედა რეგისტრის დიდი ნაწილი თეთრ ცხენზე მჯდომ ტრიუმფატორ წმინდა გიორგის ფიგურას უჭირავს. მის მარცხნივ დარჩენილი ვიწრო ზოლი დაყოფილია სამ რეგისტრად. თითოეულში წმინდა დედათა ნახევარფიგურებია. ასეთივე პრინციპითაა დაყოფილი ჩრდილოეთ კედლის ქვედა რეგისტრი – დიდი ნაწილი აქ წაბლა ცხენზე მჯდომ წმინდა თევდორეს ფიგურას უკავია, ხოლო მარჯვენა მხარეს ვიწრო ზოლად სამ რეგისტრში წმინდა მამათა ნახევარფიგურებია. სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში წარმოდგენილია წმინდა გიორგი პატრიცის სახით, ხოლო დასავლეთ მონაკვეთში – წმინდა დიმიტრი. მათ შორის სარკმლის ქვეშ მოთავსებულია წმინდა დედის ნახევარფიგურა.
მხატვრობა მონუმენტური და მშვიდია, მაგრამ შეიმჩნევა დეკორაციულ-დინამიური სტილისაკენ გადახრა (რეგისტრებს შორის შეუთანხმებლობა, გამოსახულებათა სხვადასხვა მასშტაბი, ფიგურათა სხვადასხვაგვარი შეთანხმება სივრცესთან, თავისუფალი ადგილების შევსება ნახევარფიგურებით). ხაზი მოძრავი და დენადია. კოლორიტი გამოირჩევა დახვეწილი ფერადოვანი გამით – ვარდისფერი, ცისფერი, თეთრი, ბაცი მწვანე ფერები შეხამებულია მოწითალო ყავისფერთან.

 

 

სამთავროს სამაროვანი

სამთავროს სამაროვანი და ნამოსახლარი

სამთავროს სამაროვანი

სამთავროს სამაროვანი და ნამოსახლარი მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც მოიცავს პერიოდს ადრე ბრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. 3500-2500წწ) განვითარებული შუა საუკუნეების ჩათვლით (მე-10 – მე-13 სს). იგი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთაში, სამთავროს მონასტერთან ახლოს, მდ. არაგვის მარჯვება ნაპირზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება მდ. არაგვი, დასავლეთით – კოდმანის ვაკობი, სამხრეთით – მონასტრისხევი, ხოლო ჩრდილოეთით – ბაიათხევი. ფართობი 18 ჰა.
არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ელინისტური, გვიან ანტიკური და ადრე შუასაუკუნეების პერიოდის ნამოსახლარები. ადრე ბრინჯაოს ხანა წარმოდგენილია დაშლილი და ადგილგადანაცვლებული კულტურული ფენების მასალით. სამთავროს მინდორი სამაროვნად ქცეულა ძვ.წ. IIათასწ. Iნახ-ში. სამარხთა უმეტეს ნაწილში ქვაწრით შემოფარგლული ფართობის ცენტრში ჩადგმულია მოკლე ქვაყუთი, რომელშიც ასვენია ხელფეხმოკეცილი მიცვალებული, მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. სამთავროზე გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის (ძვ.წ. XIV-VIსს.) 600-მდე სამარხი გაითხარა. მათ შორის გვიან ბრინჯაოს ადრეულსა და განვითარებულ ეტაპს (ძვ.წ. XIVს-ის IIნახ-დან XIს-ის ჩათვლით) განეკუთვნება 100-მდე სამარხი, ბრინჯაოდან რკინაზე გარდამავალ ხანას (ძვ.წ. Xს.) – 200-მდე სამარხი, ხოლო ადრე რკინის ხანის (ძვ.წ. IX-VIIსს.) დაახლოებით 300-მდე სამარხი; შედარებით მცირე ჯგუფი სამარხებისა ძვ.წ. VI-Vსს-ით თარიღდება. სამარხები მეტნაკლებად სწორკუთხა ორმოებია (1.2X0.6-2X1.8მ.; სიღრმე 1მ-ს აღწევს). ისინი ხის ძელებით ყოფილა გადახურული და მიწაყრილით მოზვინული. ზოგიერთისვის დამახასიათებელია ფსკერზე რიყის ქვის ერთპირი სწორკუთხა ან ოვალური წყობა. ორმოსამარხთა უმრავლესობა ინჰუმაციური და ინდივიდუალურია. დადასტურდა კენოტაფებიც. სამარხეული ინვენტარიდან გამოვლინდა იარაღ-საჭურველი, სამკაული და სხვადასხვა ტიპის თიხის ჭურჭელი.
სამთავროს სამაროვნის ჩრდილო-დასავლეთით, ბორცვზე დაზვერვითი სამუშაოების დროს (ხელმძღვ. ა. კალანდაძე) შესწავლილი იქნა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარი -სამთავრო I. ოვალური ფორმის განმხოლოებული გორა წაგრძელებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ორი მხრიდან მას მშრალი ხევები ესაზღვრება, ხოლო გორის აღმოსავლეთის კალთები სამთავროს ველს უერთდება. ნამოსახლარის ნაშთები ძირითადად დადასტურდა გორის კალთებზე და თხემზე. გორა ათვისებული ჩანს გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპიდან. ნამოსახლარი დაზიანებულია გვიანდელი სამარხებისაგან. ნამოსახლარი ტერასულადაა განლაგებული. ნახევრადმიწური ბანურ-სახურავიანი სახლები ნაგებია ნატეხი ქვითა და თიხით. კედლები შელესილია ალიზით, იატაკი თიხატკეპნილია. შენობათა დასავლეთის, ე.ი. ზურგის, მხარე კონგლომერატშია გაჭრილი. ამ მხარეს თახჩებია, ხოლო მარცხენა კუთხეში – ნატეხი ქვითა და ალიზით ნაგები ორგანყოფილებიანი პურის საცხობი ღუმელი. ღუმელზე მიშენებულ თაროებზე სამსხვერპლო-საკურთხევლებია გამართული. ნაწილი საკურთხევლებისა დამოუკიდებელია. ზოგიერთ საკურთხეველზე თიხით ნაძერწი ანთროპომორფული ქანდაკებები დგას. სახლების ერთ ნაწილში გვხვდება სამეურნეო ორმოები და კერები.
სამთავროში გვხვდება ასევე მიცვალებულთა ქვევრში დამარხვის წესი. სამარხად გამოიყენებოდა ჰორიზონტალურად ჩაფლული სამეურნეო დანიშნულების (საღვინე) ქვევრები. ზოგიერთ მათგანში დადასტურდა თანადამარხვის შემთხვევებიც. სამთავროს ველის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთზე გამოვლინდა ქვევრ-სამარხების თანადროული ნამოსახლარი. შენობების საძირკველი ნაგებია ნატეხი ქვით, ხოლო კედლები ალიზით. ბათქაშით შელესილ კედლებზე ოთხუკთხა პილასტრებია. შენობებს წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამიტის სახურავი ჰქონია. აღნიშნული ნამოსახლარის ახლოს გამოვლინდა მარანი, რომელსაც მოკირწყლული იატაკი და კრამიტის სახურავი ჰქონია. ამავე პერიოდის ნამოსახლარები აღმოჩნდა სამთავროს სამხრეთ უბანზეც. ახ.წ. IV-V საუკუნეებში სამთავროზე გავრცელებულია შემდეგი ტიპის სამარხები: 1. ქვაყუთი (ორფერდა და ბანურსახურავიანი). 2. კრამიტსამარხები. 3. თიხისფილასამარხი (აგურფილა სამარხი). 4. ორმოსამარხი. 5. ქვათლილებით ნაგები სამარხი. 6. თიხის სარკოფაგი. 7. კომბინირებული სამარხი (სხვადასხვა მასალისაგან ნაგები). სამთავროზე ადრე შუასაუკუნეების პერიოდის (IV-VIII სს.) მარავალრიცხოვანი სამარხია აღმოჩენილი. ამ პერიოდის სამარხის ტიპებიდან ძირითადად წარმოდგენილია ქვაყუთები და ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები. ქვაყუთები განსხვავდებიან წინა ეპოქის სამარხებისაგან. ისინი უფრო მაღალია, დიდრონი ლოდებისაგანაა შედგენილი და ზედა ნაწილში შევიწროებული. სამარხები კოლექტიურ-საოჯახო საკრძალავს წარმოადგენს. მიცვალებულები დაკრძალულია გაშოტილი, ქრისტიანული წესით. ადრე შუასაუკუნეების ნამოსახლართა ნაშთები დადასტურდა სამთავროს სამხრეთ ნაწილში. შუა საუკუნეების შენობათა კონტურები გამოვლინდა ფერდის ძირშიც, სამთავროს სამხრეთ-დასავლეთ მხარეს.

 

წყარო: memkvidreoba.gov.ge