ჟაბეშის ეკლესია

ჟაბეშის მაცხოვრის ეკლესია

ჟაბეშის ეკლესია

ჟაბეშის მაცხოვრის ეკლესია X-XI საუკუნეების ძეგლია, რომელიც სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის სოფელ ჟაბეშში მდებარეობს, სოფლის განაპირას, შემაღლებულ ბორცვზე. იგი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს და ნაგებია თლილი შირიმის კვადრებით. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფასადებს მთის ფერდობი ესაზღვრება, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ფასადები ადვილად მისასვლელი და აღქმადია. აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზე წაგრძელებული ეკლესია მწყობრი პროპორციებით იქცევს ყურადღებას. სრულიად უნიკალურია სწორკუთხა გეგმარებით ამოყვანილი და ორფერდა საბურავის ქვეშ მოქცეული საფასადო კედლების მხატვრული გადაწყვეტა, რომელიც თაღედის არქიტექტურულ კომპოზიციას ეფუძნება. ეს უკანასკნელი, როგორც ეპოქისთვის ნიშნეული მხატვრული ტენდეცია და ტაძრის დამათარიღებელი ერთ-ერთი გარემოება, ამავდროულად, აღნიშნული არქიტექტურული მოტივის რეგიონალური სახესხვაობის წარმომჩენიცაა. ეკლესიის მკაცრად განსაზღვრულ აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძს დამატებით გამოკვეთს სწორედ საკურთხევლისა და ცენტრალური შესასვლელის გასწვრივ, კედლის სიბრტყეზე გაშლილი სამთაღედი. თაღედის მოხაზულობა კედლის ზედა ნაწილში მრავალმნიშვნელოვნად იმეორებს სვანური კოშკების გვირგვინებისთვის დამახასიათებელ, დაკბილულთაღებიანი სალოდეების მონახაზს, როდესაც თითოეული ფასადის შესაბამისად, სალოდეები სამთაღოვან პარაპეტშია ჩასმული. სწორედ სამთაღედის კომპოზიცია უდევს საფუძვლად ეკლესიის საფასადო გაფორმებას: სამთაღედის შიდა წყვილი ,,კბილი“ შეწყვილებული ლილვებით ,,უკავშირდება“ საფასადო კედლის ქვედა მხარეს – ცოკოლს. აღმოსავლეთ ფასადის შუა თაღში (სამივე თაღი ერთი სიმაღლისაა), ასევე თაღოვანი მოხაზულობის, მაღალი და ვიწრო, ტაძრის ერთადერთი სარკმელია გაჭრილი, ხოლო დასავლეთ კედლის შუა თაღი (შუა თაღი სიმაღლით აღემატება დანარჩენ ორს) შესასვლელს ეთმობა, რომელშიც სწორკუთხა, რკინის შეჭედილი კარია შებმული. ამჟამად, ეკლესიის შესასვლელს უხეშად ფარავს უახლოეს წარსულში მიშენებული სტოა, რომლის იატაკი და კიბის საფეხურები მეტლახის ფილებით არის მოპირკეთებული. ეს უკანასკნელი გარემოება ტაძარზე განხორციელებული უკანონო არქიტექტურული ჩარევის სავალალო შედეგია, რომელმაც დასავლეთ ფასადის გარდა, მოიცვა სამხრეთ ფასადიც. სამხრეთ ფასადზე ცალქანობა გადახურვის ქვეშ მოქცეული მინაშენი მიედგა. ორივე მინაშენი ნაგებია ბლოკითა და ბეტონით და გადახურულია თუნუქით; თუნუქით გადახურულია ტაძრის განახლებული საბურავიც, რომელიც ხის ახალ კონსტრუქციებზეა გადაყვანილი. ცუდად ხვდება თვალს საფასადო წყობაზე გამოვლენილი ბზარების ცემენტით ამოლესილი ნაპრალები და ეკლესიის ცოკოლის ბეტონით გადალესილი ზედაპირი (ჩრდილოეთ ფასადზე). მაცხოვრის ეკლესიის ინტერიერის ნახვა ვერ მოხერხდა. თუმცა ცნობილია, რომ ტაძარი მე-12 საუკუნით დათარიღებული ფრესკული მხატვრობით იყო შემკული, რომლის კვალიც თითქმის აღარაა დარჩენილი. არ შემორჩა ტაძრის დროინდელი ჯვარ-ხატებიც. სოფელ ჟაბეშის მაცხოვრის სახელობის (სვანურად – მაცხვარ) დარბაზული ეკლესიის მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობა სცილდება ლოკალური რეგიონის საზღვრებს და ის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლად მოიაზრება, რომლის დაცვა-შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობისათვის.

 

 

ხალდეს ეკლესია

ხალდეს მაცხოვრის ეკლესია

ხალდეს ეკლესია

ხალდეს მაცხოვრის ეკლესია XIX საუკუნის ძეგლია, რომელიც სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, კალის თემის სოფელ ხალდეში მდებარეობს. იგი ფიქლით ნაშენი დარბაზული ნაგებობაა. დღევანდელი ტაძარი განვითარებული შუასაუკუნეების ეკლესიის ადგილას არის აგებული, რომელიც ხალდეს აჯანყებისას რუსებმა სრულიად გაანადგურეს. ეკლესია მოხატული ყოფილა, ტაძრის მხატვრობა აღწერილი აქვს დიმტრი ბაქრაძეს. ექვთიმე თაყაიშვილი თავის ემიგრანტულ ნაშრომებში წერს: როდესაც ბაქრაძე იყო იქ, მაშინ იქ ჯერ კიდევ
ძველი ეკლესია არსებობდა მაცხოვრისა. მან ყურადღება მიაქცია ფრესკებს, 

რომლის შესახებ სწერს: სამხრეთის კედელზე წარმოდგენილნი არიან მთელი რიგი წმიდათა; ზოგნი მათგანი ცხენებზე სხედან და გაბრწყინებულნი არიან სინათლით თავების ირგვლივ; სხვები თოფებით არიან; მამაკაცნი ზოგნი წვერებით, ზოგნი უწვეროდ. საზოგადოთ რაოგორც მამაკაცები, ისე დედაკაცები შავის საბურავით არიან და გვირგვინებით. ომია, ზოგი მკვდარია და მიწაზე არიან გაფრთხობილნი. წარწერა: წჲ გი. აქა ესთუმრა: წჲ გი : ნეოფასთესა. (დ. ბაქრაძე, გვ. 115). ამის მეტს ამ ეკლესიის შესახებ დ. ბაქრაძე არაფერს არ ამბობს”. ძველი ეკლესიისგან შემორჩენილი კარნიზის ქვები გამოყენებულია ახალი ნაგებობის დეკორისთვის. ხალდეს მაცხოვრის ეკლესიაში დაცულია საუკუნის, ჭედური, მცირე ზომის წმ. გიორგის ხატი. ტაძრის დასავლეთ კედელში თაღოვანი შესასვლელია. ინტერიერიცა და ექსტერიერიც შებათქაშებული ყოფილა, თუმცა დღესდღეობით ბათქაში მხოლოდ ნაწილობრივაა შემორჩენილი. ხის, მოჩუქურთმებული კარი და კანკელი ახალია და ადგილობრივი ხეზე მკვეთის, ჯაბა ჯოხაძის მიერაა შენაწირი.

 

 

იფრარის ეკლესია

იფრარის მთავარანგელოზის ეკლესია

იფრარის ეკლესია

იფრარის მთავარანგელოზის ეკლესია (სვანურად “თარინგზელ”) XI საუკუნის ძეგლია, რომელიც სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფრარში (იფრალი) მდებარეობს, სოფლის დასავლეთ განაპირას, პატარა ბორცვზე. დარბაზული ეკლესია ნაგებია შირიმის თლილი ფილებით. ბორცვს შემოვლებული აქვს გალავანი, რომელიც ეკლესიის ტერასისათვის საყრდენი კედლის როლს ასრულებს. შესასვლელი დასავლეთიდანაა, გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – თაღოვანი. გეგმაში სწორკუთხა ნაგებობა აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელშიც საკურთხეველია მოწყობილი. საკურთხეველი, დარბაზთან შედარებით, ორი საფეხურითაა ამაღლებული და დანარჩენი სივრცისაგან სამთაღიანი კანკელითაა გამოყოფილი, რომლის შუა, შესასვლელის თაღი განიერი და ოდნავ შეისრულია, გვერდითი ღიობები კი საკურთხევლის მხარეს არქიტრავულია. კონქის თაღი აფსიდის მხრებს ეყრდნობა. სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხის პილასტრებს ეყრდნობა კამარის თაღი. ტაძარს სადა ლავგარდანი შემოუყვება. ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებს საფეხური გაუყვება. ფასადები სადაა, მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა შემორჩენილი ფრესკების ფრაგმენტები. აღსანიშნავია, რომ ტაძრების გარე ფასადების მოხატვა მხოლოდ სვანეთისთვისაა დამახასიათებელი. შესასვლელის თავზე ვიწრო სარკმელია გაჭრილი, ერთი სარკმელია აფსიდის ცენტრშიც. ეკლესია გადახურულია თუნუქის ფურცლებით.

 

მოხატულობა

იფრალის მთავარანგელოზის ეკლესიის ინტერიერი მოხატულია. ფრესკების ავტორია მეფის მხატვარი თევდორე. მისი მოხატულია აგრეთვე კალას “ლაგურკა”, ნაკიფარის “ჯგრაგ” და წვირმის “მაცხვარ”. კონქში “ვედრებაა” გამოსახული, რომლის სამი წელსზევითი ფიგურა (მაცხოვარი, ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი) მკვეთრად გამოირჩევა სხვა გამოსახულებებისაგან თავისი გრანდიოზულობით. მეორე რეგისტრში, სარკმლის ნიშის თავზე გამოსახული მახარობელთა ფიგურებიდან შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთი ნახევარფიგურა. კანკელზე, თაღებს ზემოთ, წმინდანთა მკერდზევითა ორი წყვილია გამოსახული, სამხრეთით წმ. ივლიტა და წმ. კვირიკე; ჩრდილოეთით კი – წმ. სტეფანე და წმ. დემეტრე. კანკელის კიდეებზე, აფსიდის მხრებთან ორი ანთებული კელაპტარია გამოსახული შანდლებში. ჩრდილოეთ კედლის პირველ რეგისტრში, მთავარანგელოზი საიმპერატორო სამოსში და “ნათლისღების” სცენაა გამოსახული. მეორე რეგისტრში განლაგებულია არქისტრარეგი მიქაელისა და წმ. გიორგის ფიგურები. არქისტრატეგი მიქელის ფერხთით დამხობილია იესო ნავინი, წმ. გიორგი ამხობს დიოკლეტიანეს. სამხრეთ კედლის პირველი რეგისტრი უკავია მთავარანგელოზს საიმპერატორო სამოსში და “შობის” სცენას, მეორე რეგისტრი კი ღვთისმშობელს ჩვილით, წმ. ანასა და წმ. თევდორეს დამარცხებული გველეშაპით. დასავლეთ კედლის პირველ რეგისტრში “ხარების” სცენაა მოთავსებული. მეორე რეგისტრში კი კარის ორივე მხარეს გამოსახულია წმ. ბარბალე და წმ. ეკატერინე. მოხატულობაში უხვად გვხვდება გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტები. კანკელის ლავგარდანზე ვრცელი ასომთავრული წარწერაა: “სახელითა ღმრთისაითა მოიხატა და შეიმკო წმიდაი ესე ეკლესიაი იფრარის ხევისათა სალოცველად დიდთა და მცირეთა, შვილთა და მომავალთა მათთა და ყოველთა მიცვალებულთა მათისა, წმიდანო მთავარანგელოზნო, შეიწყალენ ორითავე ცხორებითა, ამინ. მოიხატა და შეიმკო დასაბამითგანთა წელთა ხფ, ქრონიკონსა ტივ, ხელითა თევდორე მეფისა მხატვრისაითა. ღმერთო მოიხსენე სასუფეველთა შენთა”.
ფასადების მოხატულობაში სხვა ოსტატის ხელი იგრძნობა. სამხრეთ ფასადის ზედა ნაწილში მოთავსებული იყო შვიდი ნახევარფიგურიანი დეისუსის კომპოზიცია, თითოეულ ფიგურას ხატის მსგავსი მოჩარჩოება ჰქონდა. ფასადს მთელ სიგრძეზე გასდევდა გეომეტრიული ორნამენტის ზოლი, რომლის ქვემოთ გამოსახული იყო მშვილდოსანი მხედარი წარწერით – “წმ.ესატე”. ამჟამად ფასადის მოხატულობის მხოლოდ მცირედი ფრაგმენტებია შემორჩენილი.

 

 

ლაგურკა

კალის წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესია (ლაგურკა)

ლაგურკა

კალის წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესია (სვანურად – “ლაგურკა”) X საუკუნის ძეგლია, რომელიც სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, კალის თემში მდებარეობს, სოფელ ხის მიდამოებში, მაღალ მთაზე. იგი მოყვითალო შირიმის ქვით ნაგებ დარბაზულ ეკლესიას წარმოადგენს, რომელსაც სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენები აქვს. გეგმაში სწორკუთხა ნაგებობა აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, აფსიდი დარბაზის ძირითადი სივრცისგან ქვის კანკელითაა გამოყოფილი. ერთ საბჯენ თაღს ეყრდნობა ცილინდრული კამარა. გრძივი კედლები ორ-ორი თაღითაა დანაწევრებული. აფსიდსა და დასავლეთ კედელში გაჭრილია სარკმლები. ლაგურკა შუა საუკუნეებში სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენდა. იგი სვანეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სალოცავია და აქ ინახება კალას თემის მთელი საგანძური (X-XII-XIII), შუა საუკუნეების ჭედური და ფერწერული ხატები, მინანქრით შემკული სანაწილე ხატი, როლელსაც სვანები “შალიანის ხატს” უწოდებენ. 28 ივლისს, წმ. კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს კალაში კვირიკობა აღინიშნება და ლაგურკას ეკლესიას უამრავი მომლოცველი სტუმრობს.

 

მოხატულობა

წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესია მოხატულია მეფის მხატვარ თევდორეს მიერ 1112 წელს (იფრარის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატვიდან 16 წლის შემდეგ) კალის ხევის ფეოდალთა დაკვეთით, რასაც დასავლეთ კედლის წარწერის შემორჩენილი ფრაგმენტი გვამცნობს. მოხატულობა უმთავრესად უმთავრესად ცალკეულ სახეებსა და წმ. კვირიკეს და ივლიტას ცხოვრების სცენებს შეიცავს. კამარაზე სახარების ოთხი სცენაა გამოსახული: შობა, ნათლისღება, ჯვარცმა და ჯოჯოხეთის წარტყვევნა. სამხრეთ კედლის ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია ორი სცენა წმ. კვირიკესა და მისი დედის, წმ. ივლიტას ცხოვრებიდან (პატარა კვირიკეს სიკვდილი და ივლიტას თავის კვეთის კომპოზიცია). ეკლესიის მოხატულობის ლაკონურ სქემაში გამოსახულებათა შერჩევა გარკვეულად ასახავს ადგილობრივ ტრადიეციებს. ფრესკები მონუმენტური ხასიათისაა და მისი კედლებზე განაწილება ინტერიერის არქიტექტურულ დანაწევრებას მკაცრად შეესაბამება. გამოსახულებათა ექსპრესიით, გამომხატველობით და სცენათა თემატიკის ინტერპრეტაციით ლაგურკის მხატვრობა უნიკალურია არა მარტო ამ პერიოდის ქართული მონუმენტურ მხატვრობაში, არამედ ზოგადად შუა საუკუნეების მხატვრობაში. ტაძრის მოხატულობა მიწისძვრისას დაზიანებულა და გვიან შუასაუკუნეებში განუახლებიათ. ამ რესტავრაციის შესახებ სამხრეთ პილასტრზე მოთავსებული წარწერა გვაუწყებს: „საყდარი ესე წმიდისა კვირიკესი, ოდეს მიწისა ძვრამან დაარღვია, მე ანტონის შვილმა გიორგი ახლად შევამკე“. ლაგურკის ეკლესიაში შემონახულია წმ. კვირიკეს ათი ხატი, რომელბიც სხვადასხვა პერიოდს მიეკუთვნება. ეს ხატები სპეციალურად ლაგურკის ეკლესიისთვის არის დაწერილი. შესრულების განსაკუთრებულად მაღალი ოსტატობით გამოირჩევა XI ს-ის ხატი. ეკლესიაში ასევე დაცულია როგორც ადგილობრივი, ისე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშები (ჯვრები, ჭედური და ფერწერული ხატები, მინანქრები და ა.შ).