ერკეთის ეკლესია IX საუკუნის ძეგლია, რომელიც გურიაში, სოფელ ერკეთში მდებარეობს. ტაძარი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული. იგი გურულ ერისთავთა მამულს წარმოადგენდა და მისი წინამძღვრები შარვაშიძეები იყვნენ. ეკლესიის მარჯვენა კედელზე, ეპისკოპოსის სამოსელითა და მიტრით, გამოსახულია წინამძღვარი მაქსიმე III, რომელიც XVIII საუკუნის 50-იან წლებში ჯუმათის მიტროპოლიტად დაინიშნა და ერკეთის მიმართ დიდ მზრუნველობას იჩენდა. დღესდღეობით ეკლესია მოქმედია, აქ ერკეთის დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.
არქიტექტურა და მორთულობა
ერკეთის ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და დასავლეთით. ორივე შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – თაღოვანი. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი აფსიდით სრულდება. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. კამარის საყრდენი ცენტრალური თაღი პილასტრების კაპიტელებს ეყრდნობა, დასავლეთისა კი – კრონშტეინებს. საკურთხეველი კანკელითაა გამოყოფილი, რომელიც მოჩუქურთმებული ყოფილა, მოგვიანებით კი შეულესავთ და მოუხატავთ, დაზიანებული მხატვრობის ქვეშ მოჩანს ჩუქურთმების ნაწილი. ტაძრის ინტერიერი მოხატულია, ფრესკები მხოლოდ ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. მოხატულობა გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება და სიბრტყობრივ-ხაზოვანებითა და ნათელი, რბილი კოლორიტით ხასიათდება. ეკლესიას დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან გვიანდელი მინაშენები ეკვრის. ფასადების მორთულობა ძუნწია. ორივე შესასვლელის თავზე ნახევარწრიულ ტიმპანში მოთავსებული მარტივი ჯვარია განთავსებული, დასავლეთის კარებთან შემორჩენილია ვაზის ორნამენტის ფრაგმენტი, დასავლეთ შესასვლელის სამხრეთ ნაწილში კვადრზე ადამიანის სქემატური გამოსახულება გვხვდება, აღმოსავლეთის სარკმელი ორმაგი ლილვითაა მოჩარჩოებული.
ჭობისხევის მაცხოვრის სახელობის ეკლესია განვითარებული შუასაუკუნეების (X-XV საუკუნეები) ძეგლია, რომელიც სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ ჭობისხევში. ეკლესია ადრე სამნავიანი ან სამეკლესიიანი ბაზილიკა იყო, თუმცა მრავალჯერადი გადაკეთების შედეგად, დღემდე დარბაზული სახით მოაღწია. გვერდითი ნავებიდან მხოლოდ საძირკვლის ფრაგმენტებია შემორჩენილი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია ცენტრში გაგანიერებული სარკმელით, აბსიდის იატაკი ერთი საფეხურით მღალია დარბაზის იატაკზე. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გაგანიერებული სარკმელია ცენტრში ამოქოლილი, დასავლეთ კედლის ცენტრში შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტავრული კარებია. ფასადები ნაგებია კარგად თლილი სწორკუთხა კვადრებისაგან, ეკლესიას შემოუყვება მასიური კარნიზი. ეკლესია გადახურულია გოფრირებული თუნუქით. ეზოში ალაგია ბუნის ქვა, ემბაზი და სახვა დეტალები. სოფელ ჭობისხევში ასევე მდებარეობს უმნიშვნელოვანესი ძეგლი – გოგიჩაანთ ღელის ნამოსახლარი.
კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის ჩრდილოეთით, 5 კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის თხემზე, მცხეთა-შიომღვიმის საავტომობილო გზის მახლობლად. ეკლესია აგებული და მოხატულია XII საუკუნეში. 1975 წელს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. თუკი კალოუბნის ეკლესიას ესტუმრებით პატარა, საყვარელი ეკლესიისა და მისი სადა და საინტერესო მხავტვრობის გარდა შესანიშნავი ხედებითაც დატკბებით. ეკლესია საკმაოდ მაღალ მთაზე დგას და გარშემო მშვენიერი, დიდი სივრცეები იშლება. შორს მცხეთის ჯვარი მოჩანს, ეკლესიის პირდაპირ, მტკვრის მეორე მხარეს კი არმაზის ციხეს და არმაზის ღვთისმშობლის მონასტერს დაინახავთ. ეკლესიის გვერდით ერთი ხნიერი, შუაზე გახლეჩილი, თითქმის ძირის გარეშე დარჩენილი ხეა, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს სიმწვანეს. ეს ხე ისე გამოიყურება თითქოს მთლიანი არქიტექტურის ნაწილი იყოს და უფრო მეტ სიმყუდროვეს და ცოცხალობას მატებს მთის წვერზე შემოსკუპებულ ციცქნა ეკლესიას.
არქიტექტურა
ეკლესია დარბაზულია (4,51 X 2,72 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთით მასზე მიდგმულია კოშკისებრი ორსართულიანი ნაგებობა, რომლის ცილინდრული კამარით გადახურული პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის როლს ასრულებს. მინაშენს სამხრეთიდან აქვს შესასვლელი. პირველი სართულის ჩრდილოეთ ნაწილში მეორე სართულზე (სამრეკლოზე) ასასვლელი სწორკუთხა ხვრელობია. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა, ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხეველი გამოყოფილია აგურის კანკელით. სატრაპეზოს ქვის წყობაში ჩატანებულია სტელის ფრაგმენტი (ადრინდელია). აქვეა ქვის ემბაზი. სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. შესასვლელის თავზე გაჭრილი სარკმელი მინაშენის მეორე სართულის სათავსში გადის.
მოხატულობა
კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია მთლიანად მოუხატავთ XII საუკუნეში. დარბაზის კამარაში გამოსახულია მედალიონში ჩასმული ჯვარი. დარბაზის და საკურთხევლის მოხატულობა იყოფა ორ რეგისტრად. იატაკსა და ქვედა რეგისტრს შორის გავლებულია მარმარილოს იმიტაციის ფართო ზოლი. აფსიდის კონქში გამოსახულია ვედრება. დარბაზის მხატვრობის ზედა რეგისტრში სადღესასწაულო ციკლის ხუთი სცენაა ასახული: დასავლეთის კედელზე – ხარება, ჩრდილოეთის კედელზე – შობა, მირქმა, სამხრეთის კედელზე – ნათლისღება და ფერისცვალება. ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია წმინდანთა სადიდებელი კომპოზიციები. დასავლეთის კედლის ქვედა რეგისტრის დიდი ნაწილი თეთრ ცხენზე მჯდომ ტრიუმფატორ წმინდა გიორგის ფიგურას უჭირავს. მის მარცხნივ დარჩენილი ვიწრო ზოლი დაყოფილია სამ რეგისტრად. თითოეულში წმინდა დედათა ნახევარფიგურებია. ასეთივე პრინციპითაა დაყოფილი ჩრდილოეთ კედლის ქვედა რეგისტრი – დიდი ნაწილი აქ წაბლა ცხენზე მჯდომ წმინდა თევდორეს ფიგურას უკავია, ხოლო მარჯვენა მხარეს ვიწრო ზოლად სამ რეგისტრში წმინდა მამათა ნახევარფიგურებია. სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში წარმოდგენილია წმინდა გიორგი პატრიცის სახით, ხოლო დასავლეთ მონაკვეთში – წმინდა დიმიტრი. მათ შორის სარკმლის ქვეშ მოთავსებულია წმინდა დედის ნახევარფიგურა. მხატვრობა მონუმენტური და მშვიდია, მაგრამ შეიმჩნევა დეკორაციულ-დინამიური სტილისაკენ გადახრა (რეგისტრებს შორის შეუთანხმებლობა, გამოსახულებათა სხვადასხვა მასშტაბი, ფიგურათა სხვადასხვაგვარი შეთანხმება სივრცესთან, თავისუფალი ადგილების შევსება ნახევარფიგურებით). ხაზი მოძრავი და დენადია. კოლორიტი გამოირჩევა დახვეწილი ფერადოვანი გამით – ვარდისფერი, ცისფერი, თეთრი, ბაცი მწვანე ფერები შეხამებულია მოწითალო ყავისფერთან.
გარბნის წმინდა გიორგის ეკლესია (ოქროს ბებერი წმ. გიორგის ეკლესია) მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ გარბანში მდებარეობს (კოორდინატები: Lat: 42.609179°; Lon: 44.592381°). იგი მიეკუთვნება IX-X საუკუნეების მიჯნას. ტაძრის აღმშენებელი სავარაუდოდ ვინმე გრიგოლი უნდა იყოს, რომელიც ეკლესიის ერთ-ერთ წარწერაში იხსენიება. ადგილობრივები აღდგომის მესამე კვირას გარბანის წმ. გიორგის ხატობას აღნიშნავდნენ. ამ დღეს ხევის სიონის ეკლესიიდან გამოაბრძანებდნენ გარბანის წმ. გიორგის ჭედურ ვერცხლის ხატს და მიდიოდნენ გარბანის ეკლესიაში. დეკანოზები ხალხს დაამწყალობებდნენ: „დიდებულო გარბანის წმ. გივარგივ, შენ გაუმარჯვე ამათ ხარ-გუთანს, მოლაშქრე მონადირესო, შინ მშვიდობა მიეცი, კარს გამარჯვება. ამათ ქალ ქენ ვაჟის ზედაო და სხვა“. ამის შემდეგ კლავდნენ კურატს, შლიდნენ სუფრებს და იმართებოდა საერთო დღესასწაული. ეს ტრადიცია დღეს გამქრალია.
ტაძარი აზიდული, ჰარმონიული პროპორციებით ხასიათდება, რაც დამახასიათებელია ამ პერიოდის ძეგლებისთვის. ფასადები სადაა, მხატვრულ სახეს ნათელად გამოხატული ლაკონური ფორმები, სუფთად თლილი ქვების წყობა, კბილანა ლავგარდანი და სამთაღედით გახსნილი მინაშენი ქმნის (მინაშენისგან მცირე ნაშთებია შემორჩენილი). ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენებით. ორივე მინაშენი დღესდღეობით თითქმის სრულიად განადგურებულია. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და დასავლეთით, ორივე შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – თაღოვანი. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელიც გამოყოფილია მხრებით. გრძივი კედლები დანაწევრებულია ორი წყვილი პილასტრით, რომლებზეც კამარის საყრდენი თაღებია გადაყვანილი. დარბაზი გადახურულია რკინა-ბეტონის ცილინდრული კამარით. სატრიუმფო თაღი, რომლისგანაც მხოლოდ სამხრეთის იმპოსტი და თაღის ქუსლია შემორჩენილი, კონსოლებს ეყრდნობოდა. კონსოლები ტალღოვანი ზოლებითა და ვარდულებითაა დეკორირებული, ასევე გაფორმებული იმპოსტიც. ტაძარი ხუთი სარკმლით ნათდება – აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, სამხრეთისაში – ორი. დასავლეთის სარკმელი შიგნით სათაურითაა შემკული (ორ ლილვს შორის მოქცეული რელიეფური ზოლი), რაც იშვიათად გვხვდება ქართულ ხუროთმოძღვრებაში. ინტერიერი მთლიანად მოხატული ყოფილა, ამჟამად მხატვრობა სრულიად განადგურებულია. სამხრეთის მინაშენი მთელს სიგრძეზე გასდევს ეკლესიას და გეგმაში წრიულ სვეტებზე გადაყვანილი სამი თაღით იყო გახსნილი. თაღედისგან მხოლოდ საყრდენი სვეტები და დასავლეთის თაღის ქუსლია შემორჩენილი. ეკლესიის მთავარი დარბაზი ჩრდილოეთის მინაშენს კარით უკავშირდება. ორივე მინაშენი აღმოსავლეთით აფსიდალურია. ფასადები სადაა, დაუნაწევრებელი. კედლებს პატარა თაღებისგან შედგენილი კბილანა ლავგარდანი ასრულებს. ნანგრევებში ასევე აღმოჩნდა ლავგარდნის ქვები, რომლებიც შემკულია უფრო რთული დეკორატიული მოტივებით, ვარდულებით, ყურძნის მტევნებით და სხვა. აღმოსავლეთის სარკმელს გრეხილი ლილვის სათაური ამკობს, რომელსაც აზნექილი კიდეები აქვს. არმოსავლეთ ფასადზე ლაპიდარული წარწერაა: „წდი გიორგის ოქრო“. ეკლესია ნაგებია თბილი ტონალობის სუფთად ტუფით, რიგების ჰორიზონტალობის დაცვით. ტაძარს შემოვლებული ჰქონია თლილი ქვით ნაგები, ოთხკუთხა მოხაზულობის გალავანი, რომელიც ნაწილობრივ არის შემორჩენილი.