ერკეთის ეკლესია

ერკეთის ეკლესია

ერკეთის ეკლესია  IX საუკუნის ძეგლია, რომელიც გურიაში, სოფელ ერკეთში მდებარეობს. ტაძარი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული. იგი გურულ ერისთავთა მამულს წარმოადგენდა და მისი წინამძღვრები შარვაშიძეები იყვნენ. ეკლესიის მარჯვენა კედელზე, ეპისკოპოსის სამოსელითა და მიტრით, გამოსახულია წინამძღვარი მაქსიმე III, რომელიც XVIII საუკუნის 50-იან წლებში ჯუმათის მიტროპოლიტად დაინიშნა და ერკეთის მიმართ დიდ მზრუნველობას იჩენდა. დღესდღეობით ეკლესია მოქმედია, აქ ერკეთის დედათა მონასტერი ფუნქციონირებს. 

არქიტექტურა და მორთულობა

ერკეთის ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და დასავლეთით. ორივე შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – თაღოვანი. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი აფსიდით სრულდება. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. კამარის საყრდენი ცენტრალური თაღი პილასტრების კაპიტელებს ეყრდნობა, დასავლეთისა კი – კრონშტეინებს. საკურთხეველი კანკელითაა გამოყოფილი, რომელიც მოჩუქურთმებული ყოფილა, მოგვიანებით კი შეულესავთ და მოუხატავთ, დაზიანებული მხატვრობის ქვეშ მოჩანს ჩუქურთმების ნაწილი. ტაძრის ინტერიერი მოხატულია, ფრესკები მხოლოდ ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. მოხატულობა გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება და სიბრტყობრივ-ხაზოვანებითა და ნათელი, რბილი კოლორიტით ხასიათდება. ეკლესიას დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან გვიანდელი მინაშენები ეკვრის. ფასადების მორთულობა ძუნწია. ორივე შესასვლელის თავზე ნახევარწრიულ ტიმპანში მოთავსებული მარტივი ჯვარია განთავსებული, დასავლეთის კარებთან შემორჩენილია ვაზის ორნამენტის ფრაგმენტი, დასავლეთ შესასვლელის სამხრეთ ნაწილში კვადრზე ადამიანის სქემატური გამოსახულება გვხვდება, აღმოსავლეთის სარკმელი ორმაგი ლილვითაა მოჩარჩოებული. 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *