ნიკორწმინდის ტაძარი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარეობს. ძეგლი დასავლეთ შესასვლელის ტიმპანის წარწერის თანახმად, რომელშიც გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III იხსენიება, 1010-1014 წლებით თარიღდება. წარწერა შემდეგნაირად იკითხება: “ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ადიდე სიმრთელით და დღეგრძელობით შენ მიერ გჳრგჳნოსანი ბაგრატ აფხაზთა და რანთა მეფე და ქართველთა კურაპალატი. და გაზარდე ძე მათი გიორგი ნებასა შინა შენსა, მეოხებითა წმიდისა მღდელთმოძღუარისა ნიკოლოზისაჲთა”. ეკლესიის წარწერებიდანვე ირკვევა, რომ იგი წმ. ნიკოლოზის სახელობისა ყოფილა. სახელწოდება ნიკორწმინდაც ნიკოლოზწმინდიდან მომდინარეობს. ნიკორწმინდის ტაძრის შესახებ შემორჩენილ ისტორიულ წყაროთა შორის უძველესია ე.წ. “ნიკორწმინდის დაწერილი”, რომლის მიხედვით XI საუკუნეში ნიკორწმინდა მდიდარი მონასტერი ყოფილა. მონასტერს ოცდაათზე მეტ სოფელში გააჩნდა ყმა-მამული. იმავე საბუთის მიხედვით ნიკორწმინდა რაჭის ერისთავების კახაბერიძეების საკუთრება იყო. კახაბერისძეების ბაღვაშთა საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ. მიიჩნევა, რომ ნიკორწმინდის ტაძრის აგებისას რაჭის ერისთავი კაცხის ჯვრის წარწერაში მოხსენიებული რატი ბაღვაში უნდა ყოფილიყო. ტაძრის ჩრდილოეთ მკლავის იატაკის ფილების წყობაში ჩასმულია ქვა XI საუკუნის ლაპიდარული წარწერით, რომელშიც ერისთავთ ერისთავი ნიანია იხსენიება: “წმიდაო ნიკოლოზ მღდელთა მთავარო, მეოხ ექმენ და მფარველ წინაშე ღმრთისა ნიანიას, ერისთავთა ერისთავსა და ნოველისიმოსს”. ნაგებობის კედლებზე გვხვდება ასევე სხვადასხვა პერიოდის რამდენიმე წარწერა, რომლებშიც ისტორიული პირები იხსენიებიან: დასავლეთ კარიბჭის დასავლეთ კედელი, რატი ერისთავ ერისთავის ასულის ევფემიას წარწერა (XII ს.): “წმიდაო ნიკოლოზ მღდელთმოძღუარო, მეოხ ექმენ წინაშე ღმრთისა დეოფალთა დეოფალსა ევფემიას, ასულსა სულკურთხეულისა ერისთავთა ერისთავისა რატისსა, ამინ”; დასავლეთ კარიბჭის დასავლეთ კედელი, კახაბერისა და რატის წარწერა (XIII ს.): “ძელი ცხორებისაჲ. წმიდაო ნიკოლოზ, მეოხ ეყავ წინაშე ქრისტესა კახაბერსა და რატის, ამინ”; დასავლეთ კედელი, გიორგი მოძღვრის წარწერა (XIII-XIV სს.): “წმიდაო ნიკოლოზ, შეიწყალე გიორგი მოძღუარი ამის წმიდისაჲ ეკლესიაჲსა”; დასავლეთ მინაშენის კარიბჭის დასავლეთ კედელი, მელქიზედეკ ნიკორწმინდელის წარწერა (1565-1584 წწ.): “წმიდაო ნიკოლოზ, მეოჴ ეყავ მეფეს გიორგის. მის მოჭირვებაში ავაშენე ნიკორწმიდელმან საყვარელი ძემან მელქიზედეკ, ამინ”; სამხრეთ მინაშენის სამხრეთ კედელი, თეთრო ლაშხიშვილისა და მისი შვილის ქაიხოსრო წულუკიძის წარწერა (XVII ს.): “ქ. ჯვარო ქრისტესო, განუსვენე სასუფეველსა შინა თეთროს, ლაშხიშვილის ქალსა, მის შვილსა – ქაიხოსრო წულუკიძეს”. XVI საუკუნის I ნახევარში ტაძარი განუახლებია იმერეთის მეფეს ბაგრატ III-ს. ამავე პერიოდიდან იგი საეპისკოპოსო ტაძარია. ბაგრატ III-ის 1534 წლის სიგელში ვკითხულობთ: “ჩვენ, მეფეთ მეფემან ბაგრატ და თანამეცხედრემან ჩვენმან დედოფალთ-დედოფალმან ელენე… ჴელვყავით აღშენებად და დაკნინებულისა მონასტრისა ნიკოლოზწმიდისა და შევქმენ საყდრად და საეპისკოპოსოდ… შევამკე… და შევწირე დაბანი და სოფელნი”… 2000-იან წლებში ეკლესიის კარიბჭეში XVI საუკუნის, მანამდე უცნობი მხატვრობა გამოვლინდა, რომლის ქტიტორი, წარწერის მიხედვით, ვინმე ჯავახაძე ყოფილა. არის მხატვრის წარწერაც: “შენდობა ბრძანეთ და ვინცა შენდობა ბრძანოთ, თქვენაც შეგინდოთ ღმერთმა”. თავად ტაძრის ინტერიერის მოხატულობა XVII საუკუნით თარიღდება. ნიკორწმინდის შესახებ ცნობებს გვაწვდის უცხოური წყაროებიც, რომელთა შორის უძველესია რუსეთის ელჩების ტოლჩანოვისა და იევლევის 1650-1652 წლების აღწერილობა. ისინი აღწერენ ტაძრის არქიტექტურას, მხატვრობას, ოქროთი და ვერცხლით მოჭედილ, ძვირფასი თვლებით შემკულ ხატებს, საეკლესიო წიგნებსა და ჯვრებს, ეკლესიის შემკულობასა და სიმდიდრეს. ნიკორწმინდის შესახებ მცირე ცნობას გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი: “ხოტევს ზეით,… არს ნიკორწმინდა, ეკლესია გუმბათიანი, კეთილ-დიდშენი. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი გლოლას ქუეითის რაჭისა”.
ძეგლის აღწერა
ნიკორწმინდის ტაძარი ორიგინალური და რთული გეგმარების მქონე ძეგლია. იგი აერთიანებს ორ არქიტექტურულ თემას — მრავალაფსიდიან ტაძარსა და თავისუფალ ჯვარს. ტრადიციული ექვსაფსიდიანი ძეგლებისგან განსხვავებით, აქ დასავლეთის აფსიდი სწორკუთხა მკლავითაა ჩანაცვლებული და ასევე ნაგებობის მრავალწახნაგაში ჩაწერილობის ნაცვლად იგი ექსტერიერში თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი სამია — დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით. სამხრეთისა და ჩრდილოეთის შესასვლელები სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ აფსიდებშია გაჭრილი. სამივე შესასვლელს კარიბჭე ჰქონია მიშენებული, თუმცა ამჟამად მხოლოდ დასავლეთისა და სამხრეთის კარიბჭეებია შემორჩენილი. სამხრეთის კარიბჭისთვის ცოტა მოგვიანებით აღმოსავლეთიდან შვერილი აფსიდის მქონე ეკვდერი მიუშენებიათ. ნიკორწმინდა გეგმით კუმურდოს უახლოვდება, თუმცა, კუმურდოსგან განსხვავებით, აქ აფსიდები რადიალურადაა განლაგებული და არა — პარალელურად. ასევე ნიკორწმინდაში დასავლეთის მკლავი ერთნავიანია, დასავლეთ მკლავის სამხრეთითა და ჩრდილოეთით კი მცირე აფსიდალური სამლოცველოებია მოწყობილი. განსხვავებით კუმურდოსგან აქ არც საფასადო ნიშებია გამოყენებული, კუმურდოში კი სამკუთხა გეგმის მქონე თაღოვანი ნიშები განივი მკლავების აფსიდებს შორისაც არის ჩართული. საკურთხევლის აფსიდი ბემითაა დაგრძელებული, დანარჩენი ოთხი აფსიდი უბემოა. ნაგებობის დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძი სიგრძით ჩრდილოეთ-სამხრეთ ღერძს აღემატება. განივ მკლავებში მოქცეული აფსიდები ნალისებრი მოხაზულობისაა. საკურთხევლის ორივე მხარეს თითო აფსიდალური პასტოფორიუმია, რომლებიც კარით უკავშირდებიან ბემასაც და დასავლეთით ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აფსიდებს. მეორე სართული აქვთ პასტოფორიუმებსაც და დასავლეთის სათავსებსაც. გუმბათქვეშა ექვსწახნაგადან გუმბათის ყელის წრეზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. იმისთვის, რომ გუმბათქვეშა ექვსწახნაგას ყველა წახნაგი თანაბარი სიგანისა ჰქონოდა, ბემასა და დასავლეთ მკლავს ცენტრისკენ მიმართული მხარეები მცირედით დავიწროვებული აქვს. აფსიდების შეერთების ადგილას კედლებს ნახევარწრიული პილასტრები ასდევს, რომლების მარტივი პროფილის მქონე (ორმაგი ლილვი) კაპიტელებით სრულდება. კაპიტელები აფსიდების კედლებზეც გრძელდება იმ სიღრმემდე, რომ მათ ეყრდნობოდეს კონქების საყრდენი თაღები. გუმბათი თორმეტსარკმლიანია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავებში თითო სარკმელია გაჭრილი, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებში ორ-ორი სარკმელია. პასტოფორიუმებს ორ-ორი სარკმელი ანათებს, თითო სარკმელი აღმოსავლეთ კედელშია გაჭრილი, თითო კი – გრძივ კედლებში. დასავლეთის სათავსებს თითო სარკმელი აქვთ გრძივ კედლებში. 2018 წლიდან ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისას აღმოჩნდა, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავების კეხები ნაგებობის დასრულების შემდეგ რაღაც ეტაპზე, თუმც XI საუკუნეშივე, აუმაღლებიათ. ამის მიზეზი დაზუსტებული არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, ამაღლების შემდეგ სახურავებმა გუმბათისთვის კონტრფორსების ფუნქცია შეითავსეს. კეხებმა გუმბათის ყელის ქვედა ნაწილი დაფარა, დაიფარა რელიეფთა ნაწილიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ ტაძრის ფასადების ზედა რეგისტრების რელიეფები ცოტა მოგვიანებით, ვიდრე ქვედა რეგისტრებისა, თუმცა ძირითად არქიტექტორთა სიცოცხლეშივე გამოუკვეთავთ. ითვლება, რომ კეხთა რელიეფებსა და ტიმპანთა რელიეფებს შორის მხოლოდ ერთი ათწლეული შეიძლება იყოს ქრონოლოგიური სხვაობა.
ტაძრის ინტერიერი განვითარებულ შუა საუკუნეებშივე მოუხატავთ, თუმცა ამ დროის მოხატულობის მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. ამჟამინდელი მოხატულობა XVII საუკუნით თარიღდება. კარიბჭეებში შემორჩენილია XVI საუკუნის მხატვრობა. ტაძრის გუმბათში ჯვრის ამაღლების კომპოზიციაა გამოსახული ოთხი ანგელოზით. გუმბათის ყელის პირველ რეგისტრში გამოსახულია ღვთისმშობელი და მოციქულები, მეორე რეგისტრში წინასწარმეტყველები, მესამე რეგისტრში ექვსი კომპოზიციაა — სამი მგზავრი მამბრეს მუხასთან, აბრაამის მიერ ისააკის მსხვერპლად შეწირვა, წინასწარმეტყველები ილია და ელისე, ღვთისმშობლის შობა, ქორწილი კანაში და ღვთისმშობლის მიძინება. აფრებზე გამოსახულია ხარების კომპოზიცია და მახარებლები. საკურთხევლის კონქში ვედრების კომპოზიციაა, ბემის კამარაში — “ძუელი დღეთაი”. საკურთხევლის კედლებზე I რეგისტრში გამოსახულია 14 ანგელოზი, II რეგისტრში — 12 მღვდელმთავარი, III რეგისტრში — ყრმა იესო ემბაზში, მღვდელმთავრები და არქიდიაკონი. ჩრდილო-აღმოსავლეთ აფსიდის კონქში დაუდგენელი კომპოზიციაა, I რეგისტრში — სიბრძნის განსახიერება და აღდგომა, II რეგისტრში — წმინდანები, III რეგისტრში — ორი მღვდელმთავარი და ისტორიული პირები. ჩრდილო-დასავლეთ აფსიდის კონქში გამოსახულია ჯვარცმა, I რეგისტრში — გარდამოხსნა და ტაძრად მიყვანება, II რეგისტრში — წმინდანები, III რეგისტრში — ისტორიული პირები. სამხრეთ-აღმოსავლეთ აფსიდის კონქში გამოსახულია შობა, I რეგისტრში — მირქმა და ნათლისღება, II რეგისტრში — წმინდანები, III რეგისტრში — ისტორიული პირები. სამხრეთ-დასავლეთ აფსიდის კონქში გამოსახულია ფერისცვალება, I რეგისტრში — ლაზარეს აღდგინება და იერუსალიმად შესვლა, II რეგისტრში — წმინდანები, III რეგისტრში — წმინდანები. დასავლეთ მკლავის ყველა კედელზე განკითხვის დღის სიუჟეტებია გამოსახული, იმავე მკლავის სამხრეთ კედლის ქვედა რეგისტრში კი — ისტორიული პირები. თანმხლები წარწერების მიხედვით, ტაძრის ინტერიერში გამოსახული ისტორიული პირები წულუკიძეთა გვარის წარმომადგენლები არიან. სამკვეთლოს კონქში მაცხოვრის გამოსახულებაა, I რეგისტრში — ორი ანგელოზი, II რეგისტრში — დატირება. ჩრდილოეთ კედელზე I რეგისტრში — სამი მღვდელმთავარი, II რეგისტრში — მაცხოვარი ორ მღვდელმთავართან ერთად. სამხრეთ კედლის I რეგისტრში — სამი მღვდელმთავარი, II რეგისტრში — ისტორიული პირები. დასავლეთ კედლის I რეგისტრში — ექვსფრთედები, II რეგისტრში — მაცხოვარი, ღვთისმშობელი, წმ. ნიკოლოზი და მათ ფერხთქვეშ ანგელოზის თავი.
კუმურდოსგან განსხვავებით, სადაც პირველ რიგში თვალში გვხვდება დახვეწილი პროპორციები, მკაფიოდ გამოკვეთილი მასები, ნათელი ტექტონიკურობა და მონუმენტურობა, ნიკორწმინდის ტაძარი განსაკუთრებულ ყურადღებას მაღალი მხატვრული ღირებულებისა, ოსტატური შესრულების უხვი და მრავალფეროვანი საფასადო დეკორით იქცევს. მისი მხატვრული გაფორმება ერთიან, დასრულებულ სისტემას წარმოადგენს, როგორც შინაარსობრივად, ასევე კომპოზიციურად. ფასადიდან ფასადზე გარდამავალი დეკორატიული თაღები, მოჩუქურთმებული ფართო არშიები და ჩარჩოები და ფიგურული რელიეფები ორგანულად ერთიან ანსამბლს ქმნის. გ. ჩუბინაშვილმა ჩუქურთმების შესრულებაში სამი სხვადასხვა ოსტატის ხელი გამოყო. ის პირველ ოსტატს მიაკუთვნებს ორნამენტულ ზოლებს დეკორატიული არკატურის შიგნით, ასევე სარკმელთა და შესასვლელთა მორთულობის დიდ ნაწილს, მეორე ოსტატს — აღმოსავლეთ ფასადის ჯვარს, დასავლეთ ფასადის სარკმლის საპირეს და სათაურს, ჩრდილოეთისა და სამხრეთ ფასადების სარკმელთა საპირეებს, მესამე ოსტატს — ლავგარდანს, ფრონტონებში განთავსებულ კომპოზიციათა და მრგვალი დისკოების მოჩარჩოებას და გუმბათის ყელის მორთულობას. სამ ოსტატს გამოყოფს ნ. ალადაშვილიც ფიგურული რელიეფების სტილისტური ანალიზისას. ის ერთი ოსტატის შესრულებულად მიიჩნევს ფრონტონებში მოთავსებულ რელიეფებს, მეორე ოსტატს მიაკუთვნებს სამხრეთისა და დასავლეთ ტიმპანებს, მესამე ოსტატს კი — ჩრდილოეთ ტიმპანს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ხარაჩოებიდან ახლოდან დათვალიერების შემდეგ, თ. დადიანი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ოსტატის ხელი განირჩევა ფრონტონთა რელიეფებშიც და აღმოსავლეთ ფასადის ფრონტორნის რელიეფზე სხვა ოსტატი მუშაობდა, დანარჩენ ფასადებზე კი – სხვა. ნიკორწმინდის საფასადო დეკორისთვის საზეიმო, უფლის დიდებისა და ქრისტიანობის ტრიუმფის გამომხატველი სცენებია შერჩეული. აღმოსავლეთ ფასადის ფრინტონში ფერისცვალების კომპოზიციაა მოთავსებული, მის ორივე მხარეს კი ცენტრისკენ მიმართული წმ. მხედარი. დასავლეთ შესასვლელის ტიმპანზე გამოსახულია მაკურთხეველი მაცხოვრარი და მისკენ მიმართული წმ. მხედრები. იმავე ფასადის ფრონტონში საყდარზე დაბრძანებული მაკურთხეველი მაცხოვრის ფიგურაა. სამხრეთ შესასვლელის ტიმპანში ჯვრის ამაღლების სცენაა, იმავე ფასადის ფრონტონში კი — მეორედ მოსვლის კომპოზიციის მოკლე რედაქცია. ჩრდილოეთ შესასვლელის ტიმპანზე მთავარანგელოზთა ნახევარფიგურებია შუბებით ხელში. გუმბათის ყელის ქვედა სარტყელზე ვხვდებით წვეროსან მამაკაცთა შარავანდედიან ფიგურებს სამღვდელო სამოსით (სავარაუდოდ, ეკლესიის მამები), ასევე რეალურ და ფანტასტიკურ ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებებს. რეალური და ფანტასტიკური ცხოველების გამოსახულებებითაა შემკული სამხრეთ კარიბჭის ვარსკვლავისებური კამარაც. საფასადო ჩუქურთმებისა და ფიგურული რელიეფების ნაწილს შერჩენილი აქვს სხვადასხვა ფერის საღებავის კვალი, ჩანს, ისინი დაფერილი ყოფილა.
იხილეთ მრავალაფსიდიანი ტაძრები ⇒
იხილეთ თავისუფალი ჯვრის ტიპის ტაძრები ⇒
ავტორი: თამთა დოლიძე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ალადაშვილი, ნ. ნიკორწმინდის რელიეფები. თბილისი, 1957. (მიჰყევით ბმულს).
- ბერაძე, თ. რაჭა. თბილისი, 1983. (მიჰყევით ბმულს).
- ბერიძე, ვ. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, ტომი I, ტომი II. თბილისი, 2014. (მიჰყევით ბმულებს: ტომი I, ტომი II).
- ბოჭორიძე, გ. “რაჭის ისტორიული ძეგლები”. საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტომი V. 1930. (მიჰყევით ბმულს).
- დადიანი, თ., ე. კვაჭატაძე, თ. ხუნდაძე. შუა საუკუნეების ქართული ქანდაკება. თბილისი, 2017. (მიჰყევით ბმულს).
- დადიანი, თ. “კიდევ ერთხელ ნიკორწმინდის რელიეფების შესახებ”. საქართველოს სიძველენი N22. 2019. (მიჰყევით ბმულს).
- დვალი, მ. “ნიკორწმინდის ტაძარი: მოკლე ისტორიული მიმოხილვა”. სამეცნიერო შრომების წელიწდეული, I. თბილისი, 1995.
- სილოგავა, ვ. დასავლეთ საქართველოს X-XVIII სს. ქართული ლაპიდარული წარწერები როგორც საისტორიო წყარო (სადისერტაციო ნაშრომი). დამატება: დასავლეთ საქართველოს ქართული ლაპიდარული წარწერების კრებული (X-XVIII სს.). თბილისი, 1972. (მიჰყევით ბმულს).
- ჩაჩხუნაშვილი, ც. “ნიკორწმინდის ტაძრის ისტორიისათვის”. ძეგლის მეგობარი N1. 1986. (მიჰყევით ბმულს).
- ციციშვილი, ი. ქართული ხელოვნების ისტორია. თბილისი, 1995. (მიჰყევით ბმულს).
- ჯაფარიძე, ნ. “ნიკორწმინდის უცნობი ფრესკები”. რაჭველები N9. 2016. (მიჰყევით ბმულს).
რესურსები ინტერნეტში:
- ნიკორწმინდა. ძეგლის ბიბლიოგრაფია. nplg.gov.ge ⇒
- ტაძარი ნიკორწმინდა/კომპლექსი. memkvidreoba.gov.ge ⇒
- ნიკორწმინდა. saunje.ge ⇒
- ნიკორწმინდა. dzeglebi.ge ⇒
- ნიკორწმინდის ტაძარი. ka.wikipedia.org ⇒