ჩაბანოს კომპლექსი

ჩაბანოს კომპლექსი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაბანოში მდებარეობს, მთის ფერდობზე. იგი XV-XVI საუკუნეების ძეგლია და ეკლესიას, კოშკსა და გალავანს მოცავს. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხევლის კონქი მხრების იმპოსტებზე გადასულ კამარას ეყრდნობოდა. ჩრდილოეთ კედელზე ორი ოდნავ შეისრული ფორმის დეკორატიული თაღია, სამხრეთ კედელზე კი – ერთი. ნაგებობას სამი სარკმელი აქვს – აღმოსავლეთის აფსიდში, სამხრეთის თაღში და დასავლეთ კედელში. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. ეკლესია გადახურული იყო ცილინდრული კამარით, რომელიც ერთ შეკიდულ თაღს ეყრდნობოდა. ტაძარი ნაგებია ნატეხი ქვით, იმპოსტები შირიმისაა. ნაგებობას ფიქალისა და კრამიტის სახურავი ჰქონია. ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მისგან 3 მეტრის დაშორებით ზურგიანი კოშკი დგას. ზურგი ჩრდილოეთის მხარეს – ფერდისკენაა მიმართული. ზურგისა და გვერდითა კედლები ძალიან ცუდადაა შემორჩენილი, თითქმის სრულად დანგრეულია. სამხრეთის კედლის შუა ნაწილში მცირე ზომის სწორკუთხა შესასვლელია გაჭრილი, რომელიც შიგნიდან ნაოთხლიანია. კარის ღერძის ფოსო ხისაა. გვერდებსა და დაბლა კედელში კარის ჩამკეტი ფოსოებია დატანებული. კარის თავზე შირიმის თაღოვანი ქვაა დადებული, მაღლა კი სწორკუთხა სარკმელია. ნაგებობას ორფერდა გადახურვა ჰქონია. კოშკი ნაგებია ნატეხი ქვით. კომპლექსს ქვის გალავანი უვლიდა გარს. დღესდღეობით მისგან მხოლოდ ქვედა წყობაა ფრაგმენტულად შემორჩენილი. სოფელში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ VIII-X საუკუნეების ალისის ციხე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *