ჭალატყის სამმალიანი ხიდი (თამარის ხიდი)

ჭალატყის სამმალიანი ხიდი (თამარის ხიდი)

ჭალატყის სამმალიანი ხიდი (თამარის ხიდი) იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალატყეში მდებარეობს, მდინარე ყვირილას მარჯვენა შენაკადზე – ჩოლაბურზე. იგი შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ლეგენდის თანახმად აქ ქალაქი ბალიასტომი იყო გაშენებული, რომელიც თამარ მეფის ხიდთან იწყებოდა და ზედა საზანოში მთავრდებოდა.  ხიდი სამმალიან ნაგებობას წარმოადგენს. მისი შუა მალი დანარჩენ ორზე მაღალია. ხიდის ორივე ბურჯი აღჭურვილია მომრგვალებული წყალამრიდებით. ხიდი ნაგებია ნაწილობრივ დამუშავებული სხვადასხვა ჯიშის ქვით კირის ხსნარზე. ბურჯებში შემორჩენილია კოჭების ბუდეები. ნაგებობის სავალი ნაწილი შუა ადგილას ყველაზე ვიწროა და ორივე ბოლოსკენ თანაბარზომიერად განიერდება. ხიდი კუზიანია, სავალი ნაწილის ზედა ზღვარი ფასადზე ტეხილ ხაზს ქმნის, რომელიც ცენტრიდან ნაპირებისკენ ეშვება. ხიდი მოქნილი ხაზებით, სასიამოვნო მსუბუქი პროპორციებით ხასიათდება, რაც ესთეტიკურ მხატვრულ სახეს ქმნის. საქართველოში სულ რამდენიმე მრავალმალიანი ხიდია შემორჩენილი, შესაბამისად ჭალატყის სამმალიანი ხიდი (თამარის ხიდი) ერთ-ერთი საყურადღებო და მნიშვნელოვანი ძეგლია.

 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *