ზედა საქარის წმინდა გიორგის ეკლესია

ზედა საქარის წმინდა გიორგის ეკლესია

ზედა საქარის წმინდა გიორგის ეკლესია (კონწოლიას ეკლესია, გულბანდიანის კონწოლია) იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საქარაში მდებარეობს. იგი XV-XVI საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი მცირე ზომის, კოხტა ნაგებობაა, რომელიც აზიდული პროპორციებით ხასიათდება. ჯვრის მკლავები ძალიან მოკლეა, რაც ფორმათა სიმკვეთრეს ამცირებს, თუმცა ნაგებობას გარკვეული, ჩამოყალიბებული სახე აქვს. ზედა საქარის წმინდა გიორგის ეკლესია (კონწოლიას ეკლესია, გულბანდიანის კონწოლია) გეგმით მარტივ თავისუფალ ჯვარს წარმოადგენს. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და დასავლეთით, ოეივე შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – თაღოვანი. აღმოსავლეთის მკლავი აფსიდალურია, დანარჩენი კი – სწორკუთხა. მკლავების სიღრმე გუმბათქვეშა თაღებს სულ მცირედით სცდება. გუმბათი კედლების კუთხეებს ეყრდნობა. კედლების კუთხეებს პილასტრები აუყვება, რომლებსაც ერთმანეთზე გადმომჯდარი ლილვების პროფილის მქონე კაპიტელები ასრულებს, კაპიტელებზე კამარებისა და კონქის საყრდენი თაღებია (გუმბათქვეშა თაღები) გადაყვანილი. კონქში ორი სარეზონატორო ქვევრია ჩასმული. გუმბათში ქვის წყობით გამოყვანილი რელიეფური ჯვარია. ყოველ მკლავში თითო სარკმელია, აღმოსავლეთისა და სასავლეთის კედლებში მაღალი თაღოვანი სარკმლებია გაჭრილი, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში კი – წრიული. გუმბათი შიგნიდან წრიულია, გარედან – რვაწახნაგა, თითოეულ წახნაგში თითო თაღოვენი სარკმელია გაჭრილი. ინტერიერი მოხატული ყოფილა, შემორჩენილია ფრესკების ძალიან მცირე ფრაგმენტები. კომპოზიცია მხოლოდ კონქში გაირჩევა, სადაც ვედრება ყოფილა გამოსახული (ტახტზე მჯდომი ქრისტე, ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი). თაღოვან სარკმლებს ლილვებისა და ამობურცული სიბრტყისგან შექმნილი მოჩარჩოება აქვს, ასეთივე მოჩარჩოება აქვს გუმბათის სარკმლებს, მრგვალ სარკმლებს კი გრეხილი ლილვები ევლებოდა (დღეისათვის გრეხილები თითქმის სრულიად გამქრალია). გუმბათის სარკმლებს ბურთულებზე დაყრდნობილ შეწყვილებულ ლილვებზე გადაყვანილი თაღედი ევლება, თაღების არეს სარკმელთა მოჩარჩოება მთლიანად ავსებს. როგორც ჩანს, გუმბათზე, თაღების გადაბმის ადგილებში კონუსისებრი ფორმის, სადა დეკორის მქონე, კოპები იყო ჩასმული, ამჟამად მხოლოდ ერთი კოპია შემორჩენილი. გუმბათის ყელზე, სარკმლებსა და ლავგარდანს შორის ლილვოვანი ზოლურაა მოთავსებული. გიორგი ბოჭორიძის აღწერით, ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე მოთავსებული იყო ქვა ხელისა და ჯვრის რელიეფური გამოსახულებებით და ასომთავრული წარწერით – “მანასე”, ამ ქვის ქვევით ძალიან დაზიანებული ასომთავრული წარწერა იყო: “ქ. … ყოვლადწმინდაო ღმრთი [სმშობელო]”… აღნიშნული რელიეფები და წარწერები დღეს აღარ გაირჩევა. ეკლესია ნაგებია თლილი ქვიშაქვის რეგულარული წყობით. ტაძარი რესტავრირებულია, განახლებულია დასავლეთ მკლავის საპერანგე წყობა და ლავგარდანი, აღდგენილია გუმბათის დაზიანებული ნაწილებიც. რესტავრაცია საკმაოდ უხეშია, ცუდად ჩანს დუღაბად გამოყენებული ცემენტი, ასევე ახალი ლავგარდანი ძალიან ტლანქია და შეუსაბამობაშია ძეგლის მთლიანობასთან. ეკლესიის დასავლეთით მიწისქვეშა სათავსია მოწყობილი (სავარაუდოდ კრიპტა), რომელიც ორი, ერთმანეთთან დაკავშირებული, ოთახისგან შედგება. კრიპტაში ქვის კიბე ჩადის. ოთახებში ნიშებია მოწყობილი, გამმიჯნავ კედელში კი ერთი სწორკუთხა კარის ღიობი და ერთი უფორმო სარკმლისებური ღიობია გაჭრილი. კრიპტა ნაგებია ნაწილობრივ დამუშავებული ქვებით.

 

 

იხილეთ თავისუფალი ჯვრის ტიპის ტაძრები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *