ბუჯის ციხის კომპლექსი (საზანოს ციხე)

ბუჯის ციხის კომპლექსი (საზანოს ციხე)

ბუჯის ციხის კომპლექსი (საზანოს ციხე) იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა საზანოსთან ახლოს მდებარეობს, მდინარე ბუჯისა და მდინარე გაძარულას შესართავთან, კლდოვანი მთის თზემზე. კომპლექსი განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებს მოიცავს. ციხის ტერიტორია ჭალატყის ნაქალაქარის ნაწილი იყო, რომელსაც ლეგენდა „ბალიასტომად“ იხსენიებს. ვახუშტი ბაგრატიონი საზანოს ციხის შესახებ წერს: “საზანოს წყალზედ არს საზანოს ციხე, კლდესა ზედაშენი კარგი”. კომპლექსის მთავარი ნაგებობა ორნავიანი ბაზილიკაა, რომელიც საყურადღებო ძეგლია მასშტაბურობითა და მხატვრულ-კომპოზიციური გადაწყვეტით. როგორც ჩანს, სწორედ ეკლესია უნდა იყოს ანსამბლის ყველაზე ადრეული ნაგებობა (სავარაუდოდ XII ს). ტაძარი აზიდული პროპორციებითა და მონუმენტურობით ხასიათდება. მონუმენტურობის განცდას განსაკუთრებით ამძაფრებს შესასვლელების განსაკუთრებულად დიდი ზომის ბალავრის ქვები (გამოირჩევა დასავლეთის შესასვლელის არქიტრავი) და ნავების გამყოფი სვეტების მკვეთრად გამოხატული, ძლიერი კაპიტელები. გალავანი და ფლეთილი ქვით ნაგები სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები გვიან შუა საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს. გვიანი განახლების კვალი ტაძარსაც ეტყობა, გალავნის აგების პერიოდისა უნდა იყოს მისი ფლეთილი ქვით ნაგები ზედა ნაწილი. კომპლექსის ნაგებობები ძალიან დაზიანებულია, უკეთაა გადარჩენილი ეკლესია. სათავსოების გეგმარების დადგენა ჭირს გაწმენდის გარეშე, რადგან ეზო ფაქტობრივად ნანგრევებითაა დაფარული. ტაძრის მთავარი ნავის კამარა და თაღი ჩამონგრეულია, ნაწილობრივ ჩამოცვენილია საპერანგე წყობა, ინტერიერში იატაკი თითქმის 0,5 მეტრამდე ქვა-ღორღითაა ამოვსებული. ბუჯის ციხის კომპლექსი (საზანოს ციხე) გამორჩეული და საინტერესო ძეგლია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს სათანადო ყურადღებას.

 

ძეგლის აღწერა

ბუჯის ციხის კომპლექსი (საზანოს ციხე) მოიცავს განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესიასა და გვიანი შუა საუკუნეების გალავანშემოვლებულ სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებს. ბუჯის ციხის ეკლესია დაახლოებით 2,5 მეტრის სიმაღლის პოსტამენტზეა დაშენებული. იგი ორნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. შესასვლელი სამია – თითო მთავარი ნავის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში, ერთი კი – გვერდითი ნავის დასავლეთ კედელში. სამივე შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – თაღოვანი. მთავარი ნავი სამხრეთის ნავისგან ორი კარგად დამუშავებული ექსვსკუთხა სვეტით და მათზე გადაყვანილი სამი თაღითაა გამოყოფილი. სვეტებს თაროს, დახრილი სიბრტყისა და გრეხილი ლილვისგან შექმნილი კაპიტელები ასრულებს. ორივე ნავი აფსიდალურია. მთავარი ნავის აფსიდში ერთი სარკმელია გაჭრილი, სარკმლის ორივე მხარეს თითო მაღალი ნიშია. ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია გაჭრილი, ორი – სამხრეთ კედელში, ერთი პატარა მრგვალი სარკმელი კი – ჩრდილოეთ კედელში. სამხრეთის ნავს სამი სარკმელი აქვს, ერთი – აფსიდში, ორი კი – სამხრეთ კედელში. მთავარი ნავი გადახურული იყო ცილინდრული კამარით, რომელიც კონსოლებზე გადაყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა, ცილინდრული კამარითაა გადახურული გვერდითა ნავიც. ინტერიერში ჩანს ნალესობის კვალი. ფასადები სადაა, მორთულობა მხოლოდ ჩრდილოეთის მრგვალ სარკმელს აქვს – ლილვისა და ბრტყელი, განიერი გრეხილისგან შექმნილი ჩარჩო. ეკლესიის დასავლეთისა და სამხრეთის ფასადებს ლილვისა და წრეთარგისგან შექმნილი ზოლურა მიუყვება. სამხრეთის ნავის ნაწილში ეს ზოლურა ლავგარდანი იყო ვიდრე რიყის ქვით ნაგებ ნაწილს დააშენებდნენ, თუმცა საინტერესოა ის მომენტი რომ ლავგარდანი ჰორიზონტალურად გრძელდება დასავლეთ ფასადზე. ფასადები მოპირკეთებულია სუფთად თლილი ქვებით. გვიან შუა საუკუნეებში ტაძარი ზღუდე-გალავანის შემადგენელ ნაწილად იქცა. გალავანში მოქცეულია რამოდენიმე სათავსოს ნაშთი, მათ შორის მარანი. ციხის შიდა ეზო თითქმის მთლიანად ჩამოქცეული კედლებითაა დაფარული, ნაგებობათა საზღვრების გარჩევა ჭირს გაწმენდის გარეშე. ეზოს ცენტრალურ ნაწილში სასმელი წყლის არსებობა ფიქსირდება, რომელიც ჩამონგრეული კედლებითაა გადაფარული. გალავანი ნაგებია ფლეთილი ქვით.

 

 

იხილეთ ორნავიანი ბაზილიკები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *