ნაბახტევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში მდებარეობს. იგი XV საუკუნის დასაწყისით თარიღდება. ტაძარი აგებული და მოხატულია ჭერათხევის ხეობის ფეოდალის – ქუცნა ამირეჯიბის დაკვეთით. ძეგლი დათარიღებულია ფრესკებზე გამოსახული ისტორიული პიროვნებების გამოსახულებებზე დაყრდნობით. ტაძრის სამხრეთ კედელზე გამოსახული იყო სამეფო ტანსაცმლით შემოსილი პირი, რომელსაც ახლავს ასომთავრული წარწერა: “მეფეთ მეფე ალექსანდრე”. ქუცნა ამირეჯიბის სიგელის მიხედვით, იგი ერთიანი საქართველოს ერთ-ერთი უკანასკნელი მეფე ალექსანდრე I დიდია, რომლის მეფობის თარიღია 1412-1442 წლები. პიროვნებას სამეფო ტანსაცმელში არ გამოსახავდნენ თუ ის უკვე მეფე არ იყო, ამიტომაც ეკლესიის მოხატვის თარიღად ალექსანდრე I-ის მეფობის წლები მიიჩნევა. სამხრეთ კედელზე იყო ასევე ქუცნა ამირეჯიბის გამოსახულება, რომელსაც ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს, აქედან გამომდინარე ითვლება, რომ ის არის ტაძრის მაშენებელიც და მოხატულობის დამკვეთიც. 1916 წელს, ივანე ჯავახიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით, ნაბახტევის მხატვრობის შემსწავლელი პირველი ექსპედიცია შედგა. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ ქართველი მხატვრები: ლადო გუდიაშვილი, გიორგი ერისთავი, მოსე თოიძე, დიმიტრი შევარდნაძე და კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი. მათ გადმოიღეს მოხატულობის პირები. იმ დროისთვის მხატვრობა უკვე ძალიან დაზიანებული იყო, ამიტომაც ფრესკების საბოლოო განადგურებისგან გადარჩენის მიზნით, ფრესკების გარკვეული ნაწილი ჩამოხსნეს და მუზეუმში გადაიტანეს. ნაბახტევის ეკლესია განიერი, საკმაოდ მოუქნელი პროპორციების ნაგებობაა და მისი მორთულობის შესრულების ხარისხიც დიდად ჩამოუვარდება წინა საუკუნეების ნიმუშებს, რაც დამახასიათებელია ამ პერიოდისათვის. მიუხედავად აღნიშნული მოუხეშავობისა ნაბახტევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია თავისი ეპოქის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია. ძეგლს კულტურულ ღირებულებას მატებს ოსტატურად შესრულებული მხატვრობა და ისტორიულ პირთა პორტრეტები.
არქიტექტურა
ნაბახტევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და დასავლეთით, ორივე შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – თაღოვანი. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი, გარედან მრავალწახნაგა, აფსიდით სრულდება. საკურთხეველი დარბაზისგან კედლითაა გამოყოფილი, რომლის სამხრეთ ნაწილში სატრიუმფო თაღია, ჩრდილოეთით კი – მომცრო თაღოვანი გასასვლელი. გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრებითა და პილასტრების ქვედა საფეხურზე გადაყვანილი დეკორატიული თაღებითაა დანაწევრებული. პილასტრების ზედა საფეხურის დარბაზის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობოდა. ეკლესია ხუთი სარკმლით ნათდება, ერთი სარკმელი აფსიდის ცენტრალურ ღერძზეა გაჭრილი, თითო – გრძივ კედლებში, ორი პატარა მრგვალი სარკმელი კი – დასავლეთ კედელში. ინტერიერი მთლიანად მოხატული იყო, ფრესკების მხოლოდ მცირე ფრაგმენტებია ტაძარში შემორჩენილი, მოხატულობის ნაწილი მუზეუმშია დაცული. ფრესკები ჟღერადი კოლორიტით და დეკორატიულობით ხასიათდება. მოხატულობაში ვლინდება ე.წ. “პალეოლოგთა ხელოვნების” ნიშნები. ფასადები ძირითადად სადაა, თუმცა გვხვდება რელიეფური მორთულობაც. დასავლეთ ფასადის ფრონტონის არეში მაღალი ორნამენტირებული საფასადო ჯვარია. მრგვალ სარკმლებს გრეხილები აჩარჩოებს. ფასადის ჩრდილოეთ ნაწილში წრიული ფორმის წნული ორნამენტია. დასავლეთის შესასვლელს ორმაგ ლილვებს შორის მოქცეული ჩუქურთმები აუყვებოდა ორივე მხარეს, რომელთა დიდი ნაწილი განადგურებულია. ჩრდილოეთის თაღოვან სარკმელს სწორკუთხა მოჩარჩოება აქვს, რომელიც ორ ლილვს შორის მოქცეული მოჩუქურთმებული სიბრტყისგან შედგება (დიდი ნაწილი განადგურებულია). ჩრდილოეთ ფასადზე გვხვდება ასევე სანახევროდ შემორჩენილი წნული ორნამენტი. ეკლესიის კედლები მოპირკეთებულია სუფთად თლილი ქვით. ტაძარს ჩრდილოეთიდან ორსართულიანი სამრეკლო-კარიბჭე აქვს მიდგმული. პირველი სართული კუბურ მოცულობას წარმოადგენს და სამი მხრიდან დიდი თაღებითაა გახსნილი, მეორე სართული კი რვაწახნაგაა, სამ წახნაგში თაღოვანი ღიობია, დასავლეთის ღიობი მეორე სართულზე შესასვლელს წარმოადგენს. სამრეკლო ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით. ძეგლი ძალიან დაზიანებული იყო, ჩამოქცეული იყო კამარა და თაღები, ნაწილობრივ ჩამოცვენილი იყო საპერანგე წყობა, ამჟამად ტაძარი რესტავრირებულია. ღვთისმშობლის ეკლესიის ზევით, ფერდობზე, შემორჩენილია დაუმუშავებელი ქვით ნაშენი ციხის კედელი.