ტაბაკინის ძლევის წმინდა გიორგის ეკლესია

ტაბაკინის ძლევის წმინდა გიორგის ეკლესია

ტაბაკინის ძლევის წმინდა გიორგის ეკლესია (ტაბაკინის მონასტერი) იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინში მდებარეობს. გიორგი ჩუბინაშვილი ძეგლის ყველაზე ადრეულ ფენას VI-VII საუკუნეებით ათარიღებს, მომდევნო ეტაპი X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება, არის მოგვიანებით გადაკეთების კვალიც (გვიანდელია კამარები, ჩანს უხეშად შეკეთებული კონკრეტული ნაწილებიც, ასევე გვიან შუა საუკუნეებშია გაჭრილი სამხრეთის შესასვლელი და სარკმელი). ნაგებობა საინტერესო არქიტექტურული გადაწყვეტით, აზიდული პროპორციებითა და ჰარმონიული კომპოზიციით ხასიათდება. ინტერიერში შემორჩენილია XVI საუკუნის მოხატულობა, რომელიც გვიანი შუა საუკუნეების ე.წ. ხალხური მხატვრობის საყურადღებო ნიმუშია. ტაძარში გვხვდება ქტიტორების პორტრეტები წარწერებთან ერთად. მთავარი ნავის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია ქუთათელი ეპისკოპოსი გერასიმე ჩხეტიძე, პორტრეტს ახლავს ორი წარწერა: “აქა წმიდის გიორგის მონასტერი ძლევისა და ყუელაწმიდისა ღმრთის მშობლისა დაკნილებული და ოხრებული აღვაშენე მე ჩხეტიძემა ქუთათელმა გერასიმე. ცოდვანი მისნი შეუნდოს ღმერთმა. ამინ და კირიალეისო”, “მისთა დედამამათა და მისთა მიცვალებულსა შეუნდოს ღმერთმან, ამინ”.  ჩრდილოეთის ნავის დასავლეთ კედელზე გამოსახულია იმერეთის მეფე ბაგრატ III, პორტრეტს ახლავს წარწერა: “სულკურთხეულსა ბაგრატს შეუნდენ უფალო. ღმერთმან ადიდენ”. აღნიშნული ფრესკული წარწერებიდან ირკვევა, რომ მონასტერი განაახლა და მოახატვინა ქუთათელმა ეპისკოპოსმა – გერასიმე ჩხეტიძემ, რომელიც ბაგრატ III-ის დროს მოღვაწეობდა. ცნობილია, რომ ბაგრატ III-მ ღონისძიებები გაატარა იმერეთის სამეფოს გაძლიერებისთვის, ასევე ხელი შეუწყო დანგრეული ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და ახალი საეპისკოპოსოების დაარსებას. ხუთ საეპისოპოსო კათედრას ამ დროს ჩხეტიძეთა ფეოდალური სახლი განაგებდა. ტაბაკინის ძლევის წმინდა გიორგის ეკლესია (ტაბაკინის მონასტერი) ამ კულტურულ-პოლიტიკური ღონისძიების ერთ-ერთი მაგალითია, სადაც მეფემ და ეპისკოპოსმა ერთად იზრუნეს განახლება-აღმშენებლობისთვის.

 

ძეგლის აღწერა

ტაბაკინის ძლევის წმინდა გიორგის ეკლესია ორნავიან ბაზილიკას წარმოადგენს სამხრეთის მინაშენით. შესასვლელი სამია – დასავლეთით, სამხრეთითა (მინაშენიდან) და ჩრდილოეთით, სამხრეთის შესასვლელი არქიტრავულია, ხოლო დასავლეთისა და ჩრდილოეთის შესასვლელები გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – თაღოვანი. სამხრეთის შესასვლელი გვიანდელია, თავდაპირველად მინაშენი ეკლესიისგან სრულიად იზოლირებული იყო, რაც ტაბაკინის ეკლესიის ინდივიდუალური მახასიათებელია. მთავარი ნავი ჩრდილოეთის ნავისგან მსხვილ სწორკუთხა ბურჯზე დაყრდნობილი ორი თაღითაა გამოყოფილი. მთავარი დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. დარბაზის ცილინდრული კამარა ორ წყვილ პილასტრზე გადაყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. ცილინდრული კამარითაა გადახურული გვერდითა ნავიც. ჩრდილოეთის ნავის აღმოსავლეთ ნაწილში აფსიდალური სათავსია მოწყობილი. ეკლესია სამი სარკმლით ნათდება – თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში, ერთი სწორკუთხა სარკმელი კი – სამხრეთ კედელში (გვიანდელია). ეკლესიის ინტერიერი მთლიანად მოუხატავთ XVI საუკუნეში. ფრესკები დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. მოხატულობა ატარებს ე.წ. ხალხური მხატვრობის ნიშნებს. გამოსახულებები ხაზოვანი და ბრტყელია, ნახატი მოქნილი და თავისუფალი, ჩანს დეკორატიულობის ნიშნები. კოლორიტი თბილია, ჭარბობს ყვითელი ოქრა, წითელი და მოცისფრო რუხი ტონები. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრების კომპოზიციის ვრცელი რედაქცია, ტახტზე მჯდომი ქრისტე, ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი, ექვსფრთედები და მთავარანგელოზები. აფსიდის მეორე რეგისტრის ცენტრში მედალიონია ღვთისმშობლისა და ყრმა ისესოს გამოსახულებით, მედალიონის ორივე მხარეს მოციქულთა ზიარების სცენებია, მესამე რეგისტრში ეკლესიის მამათა ფიგურებია. გრძივ და დასავლეთის კედლებზე გვხვდება სახარებისეული სცენები, წმ. გიორგის ცხოვრების ამსახველი სცენები, წმინდანთა გამოსახულებები და გერასიმე ჩხეტიძის ქტიტორული პორტრეტი. ჩრდილოეთის ნავის მოხატულობა თითქმის განადგურებულია, შემორჩენილია მცირე ფრაგმენტები, დასავლეთ კედელზე გამოსახულია ბაგრატ III, ჩრდილოეთ კედელზე კი – ფეოდალთა პორტრეტები. სამხრეთის მინაშენი სამხრეთით ორ წრიული გეგმის ბურჯზე გადაყვანილი სამი თაღით გახსნილ სტოა-გალერეას წარმოადგენს. ბურჯებს სადა, თუმცა ძლიერი, მონუმენტური ბაზისები და კაპიტელები ამკობს. გალერეა ერთი თაღითაა გახსნილი დასავლეთითაც და გადახურულია ნახევარწრიული კამარით. მინაშენი აღმოსავლეთით აფსიდალურია. ნაგებობა ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ეკლესიის ქვეშ ორგანყოფილებიანი საძვალეა, რომელსაც აღმოსავლეთიდან თაღოვანი შესასვლელი აქვს. ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილი ფერდობზეა, ამიტომაც მისი ქვედა სართულის-კრიპტის აღმოსავლეთ კედელი მიწის ქვეშ არ არის მოქცეული და ჩანს როგორც ბაქანი. ეკლესიის ფასადები სადაა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმლებს მარტივი, ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი თავსართები ამკობს. დასავლეთის შესასვლელის არქიტრავი რელიეფებით ყოფილა შემკული (როგორც ჩანს, წრეში ჩასმული ჯვარი და ვარდულები იყო გამოსახული), რომლებიც დღესდღეობით ფაქტობრივად გადაშლილია, ოდნავღა იკითხება. ფასადებს ვიწრო, სადა ლავგარდანი ასრულებს, რომელიც თანაბარი ზომის თაროსა და წრეთარგისგან შედგება. ეკლესია ნაგებია თლილი ქვით. ტაძრის ჩრდილოეთით XVI საუკუნის ორსართულიანი სამრეკლო დგას. ნაგებობის პირველი სართული კუბურ მოცულობას წარმოადგენს, რომელსაც სამხრეთიდან სწორკუთხა შესასვლელი აქვს, მეორე სართული ოთხივე მხარეს ორ-ორი თაღით გახსნილი სწორკუთხა გეგმის მქონე ფანჩატურია. სამრეკლოს შესასვლელის დასავლეთ წირთხლად გამოყენებულია საფლავის ქვა, რომელზეც რელიეფური ჯვარია გამოსახული.

 

 

იხილეთ ორნავიანი ბაზილიკები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *