ჭერემის მამა დავითის ეკლესია კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭერემთან ახლოს მდებარეობს, ჭერემის ნაქალაქარის ტერიტორიაზე. იგი VI-VII საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი აზიდული, ჰარმონიული პროპორციებით ხასიათდება. ფასადები სადაა, მოურთველი, მხატვრულ ეფექტს ნაწილობრივ დამუშავებული ქვების თარაზული წყობა, ე.წ. უჯარმული წყობა, ქმნის. ნაგებობის მხატვრულ სახეს ქმნიდა ასევე სამხრეთის ეკლესიის ღია თეღედი, რომელიც ამჟამად ჩამონგრეულია. მამა დავითის ეკლესია მიეკუთვნება კახეთში გავრცელებულ სამეკლესიიანი ბაზილიკების ტიპს (გარშემოსავლელითა და თაღებით გახსნილი გვერდითა ეკლესიით). ძეგლი ძალიან დაზიანებულია, ჩამონგრეულია მთავარი ეკლესიის კამარა, გვერდითა ეკლესიები და დასავლეთის გალერეა თითქმის მთლიანად მონგრეულია, მთელ სიმაღლეზე მხოლოდ მთავარი ეკლესიის აფსიდია შემორჩენილი. ჭერემის მამა დავითის ეკლესია ადრეული შუა საუკუნეების ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას. ტაძარი სამეკლესიიან ბაზილიკას წარმოადგენს, დასავლეთიდან მას გვერდითა ეკლესიების შემაერთებელი გალერეა-დერეფანი ეკვრის. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და დასვლეთით. დასავლეთის შესასვლელს გადახურვა ჩამოშლილი აქვს, სამხრეთის შესასვლელი შიგნიდან ნალისებრთაღოვანია, გარედან კი არქიტრავული ყოფილა. ცენტრალური ეკლესია აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით სრულდება. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. საკურთხეველი დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. მხრებზე შირიმის ქვის კონქის საბჯენი თაღია გადაყვანილი, რომელიც შირიმისავე იმპოსტებს ეყრდნობა. იმპოსტების პროფილს თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე ქმნის. კონქის საბჯენი თაღის ზემოთ მაღალი შუბლია. კონქის თავზე სამალავი ყოფილა მოწყობილი. აფსიდის კედელს ჩამოსაჯდომი საფეხური გასდევს. ჩრდილოეთის ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში დამოუკიდებელი უაფსიდო სათავსია, რომელიც, მხოლოდ ცენტალურ ეკლესიას უკავშირდება. დღესდღეობით სათავსისგან აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების მცირე ნაწილებია შემორჩენილი. სათავსის აღმოსავლეთ კედლეში ნიშაა მოწყობილი, რომელსაც აფსიდის ფუნქცია ჰქონდა, სამხრეთ კედელში ღრმა ნიშაა. ოთახის დასავლეთით დამოუკიდებელი ეკლესიაა, რომელიც მხოლოდ გარშემოსავლელით უკავშირდება დანარჩენ სივრცეს. სამხრეთის ეკლესია უკავშირდება ცენტრალურ ეკლესიასაც და დასავლეთის გალერეასაც. ეკლესია აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელიც მხრებითაა გამოყოფილი. სამხრეთის ეკლესიის სამხრეთ კედელი ორ სვეტზე გადაყვანილი თაღედითაა გახსნილი. გარშემოსავლელს დასავლეთით შესასვლელი ჰქონდა, რომელიც სრულიად დანგრეულია. ეკლესიის ფასადებს ადრეული შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი დაკბილული ლავგარდანი ასრულებდა. ეკლესიის გარშემო ძველი სასაფლაოა.
იხილეთ ე. წ. სამეკლესიიანი ბაზილიკები ⇒