მზეწვერის წმინდა გიორგის ეკლესია

მზეწვერის წმინდა გიორგის ეკლესია

მზეწვერის წმინდა გიორგის ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუჩაანთან ახლოს მდებარეობს (ისტორიული მთიულეთი). იგი IX-X საუკუნეებით თარიღდება. ტაძრის ინტერიერში დაცულია XII-XIII საუკუნეების ფრესკული მხატვრობა. გარდა ეკლესიისა, კომპლექსი სხვადასხვა პერიოდში აგებულ, სხვადასხვა დანიშნულების, რამდენიმე ნაგებობასაც მოიცავს. მზეწვერის წმინდა გიორგის ეკლესია ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია. შენობა დამჯდარი პროპორციებით და ჰარმონიული კომპოზიციით ხასიათდება. ძეგლს განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს უნიკალური მოხატულობა. მზეწვერის ფრესკები ყურადღებას იქცევს ფერთა გამით, აქ გამოყენებულია მკვეთრი, დაპირისპირებული ფერები, ეს კონტრასტულობა თეთრით, საკმაო თავისუფალი სივრცის დატოვებითა და ფერთა ფართო ლაქების გამოყენებითაა შემსუბუქებული. ფრესკებს შორის უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს გიგანტურ გველეშაპთან მებრძოლი, წითელფაფრიან მწვანე ცხენზე ამხეტრებული, წმ. გიორგის გამოსახულება. ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში საერო პირის გამოსახულებაა, მიიჩნევა, რომ ის მანდატურთუხუცესი ჭიაბერი უნდა იყოს, რომელიც XII ს-ის II ნახევარში “შიდა მთიულეთს” ფლობდა. ინტერიერში შემორჩენილია ასევე ასომთავრული და ნუსხური ფრესკული წარწერები, რომლებიც გამოსახულ სიუჟეტებს აღწერს. მზეწვერის ეკლესია დღესდღეობით უმძიმეს მდგომარეობაშია, შენობა ნაწილობრივ მიწაშია ჩაფლული, კედლები დაბზარულია, სახურავზე მცენარეულობაა მოდებული, ეკლესიაში წყალი ჩაედინება, სისველე და ნესტი დღითიდღე ანადგურებს უნიკალურ, მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ფრესკებს. ასევე ეკლესიასთან მდებარე სადგომებზე დაცემულია წაქცეული ხეები, რომლებიც კედლების დაზიანების საფრთხეს ქმნის. მზეწვერის წმინდა გიორგის ეკლესიის კომლექსი ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს ყურადღებას.

 

ძეგლის აღწერა

მზეწვერის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც სამი მხრიდან – სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან – ვიწრო გარშემოსავლელი ეკვრის. გარშემოსავლელს ორი სწორკუთხა შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან (ამჟამად ამოშენებულია) და დასავლეთიდან. დასავლეთის შესასვლელისთვის მოგვიანებით კარიბჭის ფუნქციის მქონე მცირე სადგომი მიუდგამთ. გარშემოსავლელი ეკლესიას ორი სწორკუთხა შესასვლელით უკავშირდება, რომლებიც სამხრეთისა და ჩრდილოეთის კადლების დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხევლით სრულდება, რომელიც დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. საკურთხევლის იატაკი, დარბაზის იატაკთან შედარებით, შემაღლებულია. საკურთხევლის გვერდის კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. სამხრეთის ნიშის ზემოთ კიდევ ერთი მცირე სწორკუთხა ნიშია. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელზე სწორკუთხა ტრაპეზია მიდგმული. საკურთხევლის ბაქანზე შემორჩენილია კვადრატული შემაღლება, რომელიც ტრაპეზის ან ჯვრის საყრდენი პოსტამენტის ნაწილი უნდა იყოს. აღმოსავლეთ კედელში, სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედელში თითო სწორკუთხა სარკმელია დაჭრილი, რომელთაც საფეხურებად დამუშავებული ქვედა ნაწილი აქვთ. დასავლეთ სარკმლის ქვემოთ მოგვიანებით ფართო, სწორკუთხა ღიობი მოუწყვიათ, რომელიც გარშემოსავლელის სივრცეში გადის. საკურთხეველიცა და დარბაზიც ოდნავ გაშლილი ნახევარწრის ფორმის კამარითაა გადახურული, დასავლეთით კამარა უფრო კარვისებური ხდება. დარბაზის გრძივი კედლები თითო მარტივი, ერთსაფეხურიანი პილასტრითაა დანაწევრებული, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. ორივე პილასტრში თითო, მცირე ზომის, სწორკუთხა ნიშია მოწყობილი. დარბაზის კედლებს მთელ სიგრძეზე საფეხური გასდევს. ინტერიერი შელესილი და მოხატულია. მოხატულობა XII-XIII საუკუნეებს განეკუთვნება და ძალიან დაზიანებული სახითაა შემორჩენილი, თუმცა სიუჟეტების ნაწილი იკითხება. მოხატულობაში ჭარბობს წითელი, მწვანე, ნარინჯისფერი და მოიისფრო, მკვეთრი ტონალონალობები. მხატვრობა ორრეგისტრიანია. საკურთხევლის რეგისტრები ორნამენტული ზოლითაა გამოყოფილი, დანარჩენი კედლებისა კი წითელი კანტებით. მოხატულობას ქვედა ნაწილში, იატაკამდე, ორნამენტული დეკორი გასდევს. საკურთხევლის ზედა რეგისტრში ვედრების ვრცელი რედაქციაა გამოსახული, ქვედა რეგისტრში – რვა წმინდა მამის ფრონტალური ფიგურა, რომელთა შორის ანთებულსანთლებიანი ორი შანდალია მოთავსებული. სამხრეთ კედლის ზედა რეგისტრის დასავლეთის ნაწილში გამოსახულია იერუსალიმში შესვლა, ქვედა რეგისტრის აღმოსავლეთ ნაწილში – ნათლისღება, დასავლეთ ნაწილში კი – ფერისცვალება. დასავლეთ კედლის ზედა რეგისტრის სამხრეთ ნაწილში ლაზარეს აღდგინების კომპოზიციაა ნაჩვენები, ჩრდილოეთ ნაწილში – მირქმა, ქვედა რეგისტრის სამხრეთ ნაწილში – წმ. გიორგის ციური კურთხევა, ჩრდილოეთ ნაწილში – სულიწმინდის მოფენა. ჩრდილოეთ კედლის ქვედა რეგისტრის დასავლეთ ნაწილში გამოსახულია ღვთისმშობლის მიძინება, აღმოსავლეთ ნაწილში კი საერო პირია წარმოდგენილი (სავარაუდოდ ჭიაბერი). პილასტრებზე ცალკე მდგომ ფიგურათა ფრაგმენტებია შემორჩენილი. ღვთისმშობლის მიძინებისა და მირქმის კომპოზიციების წარწერები ნუსხურია, დანარჩენი კი – ასომთავრული. გარშემოსავლელის კედლები ეკლესიის კედლებს წყობით არ უკავშირდება, თუმცა მისი ნათადროულია. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფრთების აღმოსავლეთ ნაწილში თითო სწორკუთხა სათავსია კედლით გამოყოფილი. სათავსები განათებულია აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი თითო სარკმლით. ჩრდილოეთის სათავსის ჩრდილო კედელში სამი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. აღნიშნული ოთახების იატაკების ქვეშ სამარხებია. გარშემოსავლელის დანარჩენი სივრცის განათებისათვის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სარკმელია მოწყობილი. გარშემოსავლელის სამხრეთ ფრთის სამხრეთ კედელში და ჩრდილოეთ ფრთის ჩრდილოეთ კედელში თითო მცირე სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის ფასადები სადაა. კედლები მოპერანგებულია სხვადასხვა ზომის, ნაწილობრივ დამუშავებული, ნატეხი ქვის მეტ-ნაკლებად რეგულარული წყობით. ფასადებს თაროსებრი ლავგარდანი ასრულებს. ამჟამად ლავგარდნის ქვების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოცვენილია. შენობა გადახურულია ფიქლით.

ეკლესიის დასავლეთით, 2.5 მეტრზე, მოგვიანებით კვადრატული გეგმის ნაგებობა აუგიათ. შესასვლელი სამხრეთიდანაა მოწყობილი. ამ შენობას დასავლეთიდან ოდნავ მოზრდილი, თითქმის კვადრატული გეგმის, მეორე ნაგებობა ეკვრის. მეორე ნაგებობას შესასვლელი დასავლეთიდანა აქვს.

ეკლესიის სამხრეთით ვიწრო და წაგრძელებული ერთსართულიანი სადგომია, რომელიც ქრონოლოგიურად განსხვავებულ, ერთიმეორეზე მიშენებულ სამ ნაწილს მოიცავს. სადგომები ერთმანეთს სწორკუთხა გასასვლელით უკავშირდება. ყველაზე ადრეული შუაში მოქცეული ნაწილია, რომელიც განივი კედლით ორ ოთხად იყოფა. ოთახები ერთმანეთთან გამმიჯნავ გედელში გაჭრილი კარითაა დაკავშირებული. აღმოსავლეთი ოთახი გეგმით ტრაპეციის ფორმისაა და ჩრდილო-დასავლეთ კუთხე მომრგვალებული აქვს. ოთახის კედლებში ექვსი მცირე ზომის ნიშია მოწყობილი. სამხრეთ კედელში განიერი სწორკუთხა სარკმელია. დასავლეთ ოთახის კედლებში ხუთი ნიშია. მოგვიანებით ოროთახიანი ნაგებობისათვის დასავლეთიდან მომცრო ზომის ოთახი მიუშენებიათ, რომელსაც შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. სამხრეთის კედელშია გაჭრილი ასევე სარკმელიც. სადგომის დასავლეთ კედელში ორი სწორკუთხა ნიშია. ყველაზე გვიანდელი აღმოსავლეთით მდებარე ნაწილია. სადგომს ორი შესასვლელი აქვს, ორივე სამხრეთ კედელში (ერთი მოგვიანებით ამოუშენებიათ. ოთახის დანარჩენი კედლები ყრუა. სადგომები ნაგებია ზედაპირმოსწორებული ნატეხი ქვით.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი II. 2004. თბილისი. 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *