ციხე-ქალაქი კვეტერა

ციხე-ქალაქი კვეტერა (კვეტარი, კუეტერი) კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ქალაქ ახმეტიდან 12 კმ-ის დაშორებით. კომპლექსი მოიცავს რამდენიმე ნაგებობას: ქვედა ციხე, შიდა ციხე, გუმბათოვანი ეკლესია, დარბაზული ეკლესია, სასახლე, გალავანი, სამეურნეო დანიშნულების სათავსები. ძეგლი X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება. ნაგებობათაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია X საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც ლამაზი პროპორციებითა და მოხდენილობით გამოირჩევა. ეს მცირე ზომის ტაძარი ყურადღებას იქცევს მომხიბვლელი კომპოზიციითა და სისადავით. ხუროთმოძღვარი თითქმის არ იყენებს მორთულობას, იგი მინიმალისტური დეკორით ქმნის საოცრად ლაკონურ, სადა და შთამბეჭდავ ნაგებობას. მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, როგორც ეკლესიის ექსტერიერი, ასევე ელეგანტური ინტერიერი. კვეტერის ეკლესიის არქიტექტორი მძაფრად გრძნობს შიშველი კონსტრუქციის სილამაზეს, განათების როლს და ძალიან დახვეწილ მხატვრულ ეფექტს ქმნის. კვეტერას ციხე-ქალაქი კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ცენტრი იყო. იგი წყაროებში პირველად XI საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. საქალაქო ცხოვრების კვალი კვეტერაში XIII საუკუნიდან ქრება და გვიანდელი ხანის საისტორიო წყაროებში იგი აღარ იხსენიება. ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ნახევარფაბრიკატებსა და მეთუნეობასთან დაკავშირებული საგნები, რაც მოწმობს, რომ განვითარებულ შუა საუკუნეებში კვეტერას საკუთარი სამეურნეო წარმოება ჰქონდა. ციხე-ქალაქი კვეტერა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია.

 

არქიტექტურა

კვეტერის ციხე-ქალაქის ნანგრევები შემორჩენილია მაღალ მთაზე. ციხის ყველაზე მაღალი და შედარებით სწორი ადგილი შიდა ციხეს უჭირავს. მეორე ნაწილი – ქვედა ციხე ბევრად უფრო დიდია. ქვედა ციხის გალავნის კედლების უმეტესი ნაწილი დანგრეულია. მას ორი კარიბჭე აქვს. ერთი კარიბჭე მთავარი გალავნის სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია, საიდანაც ციხეს ერთადერთი გზა ადგება. მთავარი კარიბჭე ორ მძლავრ ბურჯს შორისაა მოქცეული. მეორე კარიც ბურჯებს შორისაა მოქცეული, რომლებიც მთლიანად გალავნის ხაზს გარეთ არიან გასული. ბურჯები და გალავანი ქონგურებითაა დასრულებული. ბურჯებს შორის მოქცეულ სწორ კედელზე ეზოს მხრიდან საბრძოლო ბაქანი ყოფილა მოწყობილი. გალავანი გამაგრებულია კონტრფორსებით. ქვედა ციხის დასავლეთ ნაწილში, კარიბჭესთან ახლოს, დგას შერჩეული რიყის ქვითა და ნატეხი ქვით ნაგები რვაკუთხა კოშკი. კოშკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, გალავნის კედელთან ახლოს, პატარა დარბაზული ეკლესიის ნანგრევებია შემორჩენილი. კოშკის ირგვლივ შემორჩენილია ნაგებობათა ნაშთები.
წყალი ციხეს თიხის მილებით მიეწოდებოდა.

შიდა ციხე გეგმით აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებულ მრავალგვერდას წარმოადგენს, რომელიც კონტრფორსებითაა გამაგრებული. ციხის კედლებში ჩადგმულია მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები. შიდა ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია: გუმბათოვანი ეკლესია, დარბაზული ეკლესია, სასახლე, დამხმარე ნაგებობათა და წყალსაცავის ნაშთები. ციხეს ორი შესასვლელი აქვს – ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. სამხრეთის შესასვლელით იგი ქვედა ციხეს უკავშირდება.

გუმბათოვანი ეკლესია შიდა ციხის აღმოსავლეთ ნაწილში დგას. ნაგებობის გეგმის საფუძველია ტეტრაკონქი. მის კომპოზიციურ ცენტრს გუმბათქვეშა კვადრატი წარმოადგენს, რომელზეც აღმართულია ნახევარსფერული გუმბათით დასრულებული ცილინდრული ყელი. მკლავებს შორის, ოთხივე კუთხეში, გეგმით წრის სამი მეოთხედის მოხაზულობის თითო მაღალი, თაღოვანი ნიშია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის აფსიდების ბემები ჩრდილოეთისა და სამხრეთის ბემებზე ორჯერ უფრო ღრმაა, რის გამოც ჯვრის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი სამხრეთ-ჩრდილოეთის ღერძს რამდენადმე აღემატება. საკურთხეველში თანაბარი სიმაღლის სამი თაღოვანი სარკმელია. დანარჩენ აფისდებსა და მკვალებს შორის მოქცეულ ნიშებში კი – თითო. ჯვრის ოთხივე მკლავის ბოლოებში სამ-სამი შეჯგუფებული ნახევარსვეტია, რომლებსაც საერთო ოთხწახნაგა კაპიტელი აგვირგვინებს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე გადასვლა განხორციელებულია ერთმანეთზე გადმომჯდარი თაღების სისტემით. გუმბათის ყელში ექვსი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და დასავლეთით, ორივე მათგანი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან კი – თაღოვანი. ნაგებობა შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია შირიმის კარგად გათლილი ფილებით, რომლებიც სწორ ჰორიზონტალურ რიგებს ქმნიან.

დარბაზული ეკლესია შიდა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს. იგი ადრინდელ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება და ამ ადგილას მდგარა ციხის აგებამდე. ციხის აგების დროს მისი აღმოსავლეთ ნაწილი მასიური კოშკის ტანში მოუქცევიათ და აფსიდი მთლიანად ქვა-დუღაბით შეუვსიათ. აფსიდი ნალისებრი ფორმისაა და გადახურულია კონქით. დარბაზი ცილინდრული კამარით ყოფილა გადახურული, რომლის ქუსლები გრძივ კედლებზეა შემორჩენილი. ეკლესიას სამხრეთიდან მცირე ზომის, გეგმით სამკუთხა მოხაზულობის სათავსი ეკვრის. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და ჩრდილოეთით. ეკლესია ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით.

სასახლე გალავნის ჩრდილოეთ კედელთან დგას. იგი გეგმით სწორკუთხა ორი ნაწილისგან შედგება. მათგან ერთი ორსართულიანია, ხოლო მეორე – ერთსართულიანი. ერთსართულიან ნაწილს დასავლეთიდან მთელ სიგანეზე გეგმით სწორკუთხა სამსართულიანი კოშკი ეკვრის. სასახლის პირველი სართული დამხმარე დანიშნულების ყოფილა. მის ჩრდილოეთ კედელში ფართო და მაღალი თაღოვანი ბუხარია. მეორე სართული მისაღები დარბაზია, რომელსაც სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში შესასვლელი აქვს. განივ კედლებში ორ-ორი, ხოლო სამხრეთ კედელში სამი ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. შესასვლელის წინ სწორკუთხა ბაქანი ყოფილა, რომელიც ნახევარწრიული თაღებით დაკავშირებულ ოთხ ბურჯს ეყრდნობოდა. დარბაზს მეორე კარი ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდესთან აქვს. ამ კარით იგი ჩრდილოეთიდან მიდგმული ნაგებობის თავზე არსებულ ტერასას უკავშირდებოდა. სასახლე ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.