მამულო-პანტიანის მეგალითური ნაქალაქარი

მამულო-პანტიანის მეგალითური ნაქალაქარი ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფლების – მამულასა და პანტიანის მიმდებარედ. იგი განფენილია მკვეთრად დაქანებული ტყიანი კბოდის ძირში, მდინარე  ხრამის მარჯვენა ნაპირზე. ნაქალაქარი ძვ.წ. II ათასწლეულით თარიღდება და დაახლოებით 50 000 მ² ფართობზე ვრცელდება. მამულო-პანტიანის კომპლექსი ყურადღებას იქცევს თავისი მასშტაბურობით და საოცრად შთამბეჭდავ და საინტერესო ძეგლს წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ნაქალაქარი მოიცავს ძალიან დიდ ტერიტორიას, ცალკეული ნაგებობებიც მასშტაბურობით ხასიათდება. აქ გვხვდება იმაზე ბევრად დიდი ზომის დარბაზები, ვიდრე სხვა მეგალითურ სიმაგრეებსა თუ ნამოსახლარებში. კომპლექსის კვლევის ისტორია 1994 წელს იწყება, მანამდე იგი არცერთ სამეცნიერო ნაშრომში არ იხსენიებოდა. 2007 წელს ილია ჭავჭავაძის სახელწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ძეგლზე გათხრები ჩაატარა, რომლის დროსაც გამოვლინდა მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა, ასევე მოიხაზა დასახლების გავრცელების ტერიტორია, მცენარეებისგან გაიწმინდა რამდენიმე ნაგებობა და შესაძლებელი გახდა მათი აზომვა. დასახლება ტერასულადაა გაშენებული, ტერასებს აკონკრეტებს 4-5 მეტრის სიგანის ქუჩები. ნაქალაქარის ყველა ნაგებობა გრძივი და სწორკუთხაა. კედლების წყობა ციკლოპურია, უდუღაბო. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ბაზალტი. წყობაში გვხვდება ლოდები, რომელთა წონაც 3-4 ტონას აღწევს. გაოცებას იწვევს თუ რა საშუალებით შეიძლებოდა, 2-3 მ-ის სიმაღლეზე მოხვედრილიყო სამტონიანი ლოდი და თანაც ისე, რომ იგი უკვე დაწყობილ ლოდებს მორგებოდა დაუმუშავებელი გვერდებით. ნაგებობათა შესასვლელები გადახურული ყოფილა არქიტრავებით, რომლებიც დღესდღეობით მხოლოდ ორ-სამგან არის შემორჩენილი. ყველა შესასვლელი განთავსებულია ნაგებობის კიდეში. ჯერჯერობით არ არის გამოვლენილი დასახლების ცენტრი, დომინანტი, რომელიც გააკონტროლებდა დასახლებას და მის მიმდებარე, დასაცავ ტერიტორიას, ასევე გაურკვეველია ჰქონდა თუ არა მას საფორტიფიკაციო სისტემა. საყურადღებოა ქუჩისქვეშა გასასვლელი, “დრომოსი”, ანუ საიდუმლო კარი, რომელიც, შესაძლოა, თავდაცვის საჭიროებისას მოსახლეობის ერთი ტერასიდან მეორეზე გადანაცვლებისთვის გამოიყენებოდა. საინტერესო იქნებოდა აგრეთვე ქალაქის საკულტო ნაგებობის გამოვლენა. დარბაზების გადახურვა, სავარაუდოდ, ჰორიზონტალურ-კოჭოვანი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ნაგებობათა კუთხეებს არ გააჩნიათ წყობა, ერთი კედლის შემადგენლი ლოდი არ იჭრება მომიჯნავე კედლის შედგენილობაში, ისინი უბრალოდ მჭიდროდ ებჯინებიან ერთმანეთს. ყოველი კედელი აგებულია ცალკეულად და არა კომბინირებულად. აღნიშნულ თავისებურებებზე დაყრდნობით, პროფესორი გურამ ყიფიანი გამოთქვამს ვარაუდს, რომ კედლები აგებული კი არაა, არამედ ჩალაგებულია საკედლე ყალიბში. ასეთი ყალიბი შეიძლება იყოს ტერასაზე დაკვალული და შესაბამისად შექმნილი თხრილები, რომლებშიც თანდათანობით დაფიქსირდებოდა საკედლე ლოდები ხის ბერკეტების დახმარებით. მეგალითური დასახლება შუასაუკუნეებში ხელახლა აუთვისებიათ, ნაქალაქარის ტერიტორიაზე დგას განვითარებული შუასაუკუნეების დარბაზული ეკლესია. მამულო-პანტიანის მეგალითური ნაქალაქარი აუცილებლად საჭიროებს საფუძვლიან კვლევით სამუშაოებს და გაწმენდას.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *