ძუძუანას მღვიმე

ძუძუანას მღვიმე იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მღვიმევის მიდამოებში მდებარეობს, ზღვის დონიდან 480 მეტრზე. მღვიმის წინა ნაწილში გამოვლინდა პალეოლითელი ადამიანის სადგომი. ძუძუანასა და ბონდის მღვიმეებშია აღმოჩენილი მსოფლიოში ყველაზე ძველი ძაფის ნაშთები. ძუძუანას მღვიმის სელის ძაფის ბოჭკოები 34 000 წლისაა. ეს მასალა მტვრის გამოკვლევისას აღმოჩნდა. სელის ბოჭკო არის დაჭეჭყილი, მერე დაძეძგილი და შემდეგ – მოქსოვილი. ზოგიერთი ბოჭკო შეღებილია მცენარეული საღებავით. თვალით უხილავი ბოჭკო სინჯარაშია მოთავსებული და მხოლოდ მიკროსკოპით მინიმუმ 500-ჯერ გადიდების შემთხვევაშია მისი დანახვა შესაძლებელი. მღვიმეში, საერთო ჯამში, ბოჭკოს 787 ფრაგმენტს მიაკვლიეს. ამ აღმოჩენამდე ჩეხეთში იყო ნაპოვნი 29 000 წლის ჭინჭრის ძაფი და ითვლებოდა, რომ უძველესი ქსოვილი ადამიანმა 29 ათასი წლის წინ დაამზადა. ძუძუანას მღვიმეში გამოვლენილი ძაფი ადასტურებს რომ 34 000 წლის წინ ადამიანს ქსოვილის ტანსაცმელი ეცვა. ამ აღმოჩენას მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აქ ასევე იპოვნეს კაჟისა და ობსიდიანის იარაღები, ცხოველთა ძვლები, პირველყოფილი ძაღლისა და ცხენის ნაშთები და ა.შ. მღვიმის სიღრმე 175 მეტრამდეა, სიგანე 1-15 მ, სიმაღლე 1,5-10 მ. მისი ბოლო წერტილი შესასვლელთან შედარებით 8-10 მეტრით მაღლა მდებარეობს. ძუძუანას მღვიმე ორი სართულისგან შედგება, პირველი სართული ადვილი გასავლელია, მეორე სართული კი უფრო რთულად მისადგომია. მღვიმეში გაედინება ნაკადული, რომელიც ძირითადად ატმოსფერული ნალექებით საზრდოობს. ძუძუანას მღვიმეში გვხვდება ნაღვენთი ფორმები, რაც ძალიან ლამაზ სანახაობას ქმნის. მღვიმის კოორდინატებია: 42°18’45″N   43°19’2″E. სოფელ მღვიმეში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ძალიან საინტერესო კულტურული ძეგლი – მღვიმევის მონასტერი.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *