დაღეთის მეგალითური კომპლექსი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ დაღეთთან მდებარეობს. ძეგლი ბრინჯაოს ხანით თარიღდება. როგორც ჩანს, ეს ადგილი გამოყენებული იყო შუასაუკუნეებშიც, ზოგიერთ შემორჩენილ ციკლოპურ კედელს აქვს გვიანი პერიოდის ჩანართები დუღაბითა და მცირე ზომის ქვებით. დაღეთის ნამოსახლარი უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავს და საოცრად მასშტაბური კომპლექსია. ეს ქალაქის ტიპის გამაგრებული დასახლება იყო, დამატებითი საფორტიფიკაციო გარე კედლითა და თხრილით. მშენებლობაში უმეტესად ძალიან დიდი ზომის ლოდებია გამოყენებული. სადგომთა უმრავლესობას მომრგვალებული მოხაზულობა აქვს. შევნიშნეთ დარანიც, რომელიც ამჟამად მიწითაა ამოვსებული. ალაგ-ალაგ შეხვდებით უფრო მომცრო ზომის ქვებით ნაგებ 2 მეტრის სისქის კედლებსაც. დაღეთის ციკლოპური კომპლექსი უდავოდ ერთ-ერთი ძალიან შთამბეჭდავი მეგალითური ძეგლია საქართველოში, მთელს ტყეში გიგანტური ლოდებისგან ნაგებ ნაგებობათა ნაშთებს ხედავთ დაახლოებით 2 ჰექტარ ტერიტორიაზე. დაღეთის ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია მენჰირი და ტეტრალითი, აღნიშნული დასახლებისგან უფრო მოშორებით.