ნინოწმინდის მონასტერი

ნინოწმინდის მონასტერი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს: ტაძარს, გალავანს, სამრეკლოს, საბა ტუსისშვილის სასახლესა და სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობებს. ანსამბლის მთავარი ნაგებობა VI საუკუნის ნინოწმინდის ტაძარია. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ევოლუციური თვალსაზრისით, ის ერთი მხრივ, არის ტეტრაკონქის ტიპის განვითარება, მეორე მხრივ კი, იმ ჯგუფის ძეგლთა უშუალო წინამორბედია, რომელსაც სათავეში მცხეთის ჯვრის ტაძარი უდგას, ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალთაგანი. ნინოწმინდის ტაძარი მცხეთის ჯვრის უშუალო წინამორბედს წარმოადგენს. ეკლესიის გეგმაში ვხედავთ ტეტრაკონქის ტიპის განვითარებასა და გართულებას. ხუროთმოძღვარს დიდი საეპისკოპოსო ტაძარი უნდა შეექმნა, ამიტომაც გუმბათქვეშა სივრცის გაფართოების მიზნით ის ცენტრალურ კვადრატს კუთხეებს აჭრის და ოთხ აფსიდს შორის, შენობის დიაგონალურ ღერძებზე, სვამს კიდევ ოთხ მცირე სადგომს. ამ გადაწყვეტილებით ის საგრძნობლად ზრდის გუმბათის დიამეტრს და შესაბამისად გუმბათქვეშა სივრცესაც. ნინოწმინდის ტაძარში ცენტრალურ – გუმბათოვანმა სისტემამ პირველად მიაღწია მნიშვნელოვან მასშტაბებს. ნინოწმინდის ტაძარში ჯერ კიდევ არ არის მიღწეული მხატვრული სისრულე, თუმცა იგი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მონუმენტურობით. ასევე აღსანიშნავია ხუროთმოძღვრის მიერ მხატვრული ამოცანების დასახვის და საინტერესო მიგნებების მნიშვნელობა. ძეგლი ამჟამად ძალიან დაზიანებულია, იგი 1825 წელს მიწისძვრის შედეგად დაინგრა. ნაგებობა არაერთხელ გადაკეთებულა, პირველად XI -XII საუკუნეებში, როცა თავდაპირველი შეკრული კამარა მრგვალი გუმბათის ყელით შეცვალეს: მეორედ – უფრო გვიან, როცა კედლები შიგნიდან კონტრფორსებით გაამაგრეს, მესამედ კი – XVI საუკუნეში, როცა “მეფემან პატრონმან ლეონ… მეორედ აღაშენა და შეამკო ყოვლითურთ… მოშლილი და დაქცეული“ ტაძარი. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ტაძარი ნინოწმინდელ მიტროპოლიტს – საბა ტუსისშვილს საფუძვლიანად შეუკეთებია, მასვე დაუდგამს ეკლესიისთვის განსაკუთრებით დიდი ზომის გუმბათი. მიჩნეულია, რომ ნაგებობის ნგრევის მიზეზი სწორედ დიდი გუმბათი გახდა, კედლებმა მიწისძვრისას სიმძიმეს ვერ გაუძლეს და ნაგებობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოინგრა. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია XVI მოხატულობის მცირედი ფრაგმენტები. მონასტერს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონია, რასაც ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები მოწმობს.

 

არქიტექტურა

ნინოწმინდის მონასტერი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს: ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, საბა ტუსისშვილის სასახლე და სამეურნეო ნაგებობები.
ნინოწმინდის ტაძარი ვარსკვლავისებური ფორმის ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა. იგი გეგმაში ტეტრაკონქს წარმოადგენს, რომლის ძირითად აფსიდებს შორის, გუმბათქვეშა კვადრატის დიაგონალზე, უფრო მცირე ზომის აფსიდებია მოთავსებული. ამგვარად, ხუროთმოძღვარმა გუმბათისათვის რვა საყრდენი მიიღო და შესაბამისად, რვა გუმბათქვეშა თაღი. ამის შედეგად მან მთელი გუმბათქვეშა სივრცე გაზარდა. დამატებითი სათავსები, რა თქმა უნდა, ფუნქციური – საკურთხევლის მარცხნივ და მარჯვნივ სადიაკვნე და სამკვეთლო იყო, მესამეში სავარაუდოდ – სანათლავი, მეოთხის დანიშნულება დაზუსტებული არ არის. საყურადღებოა ოთახების გეგმა, ისინი მცირე სწორკუთხედის ერთსა და მეორე მხარეს პირისპირ მოთავსებულ აფსიდებს წარმოადგენენ. იგივე გეგმარება აქვს ბოლნისის სანათლავსაც, უფრო გვიან კი ასეთი გეგმა აღარ გვხვდება. ტაძარს შვიდი შესასვლელი ჰქონია, თითო ყოველ აფსიდში, გარდა საკურთხევლისა. ცენტრალური კვადრატი შეკრული კამარით ყოფილა გადახურული. ტაძრისთვის დასავლეთიდან XVII საუკუნეში კარიბჭე მიუშენებიათ. საკურთხევლის აფსიდში სამი სარკმელია გაჭრილი, დანარჩენებში კი – თითო. დაქვემდებარებული მნიშვნელობის მქონე კუთხის ოთახები მოკლებული იყო შუქის საკუთარ წყაროს და ტაძრის შუა ნაწილიდან ნათდებოდა. საკურთხევლის აფსიდი ხაზგასმულია გარე ფასადის წახნაგოვნებითაც, სხვა აფსიდები ნახევარწრიულია. ხუროთმოძღვარს გააზრებული ჰქონდა ნაწილთა თანადაქვემდებარება მათი მნიშვნელობის მიხედვით, ნაგებობის შიგა სივრცე დასრულებული და ჰარმონიულია. რაც შეეხება გარე მასების გადაწყვეტას, აქ ჯერ კიდევ საკმაოდ ამორფული სურათია, თუმცა შვერილი აფსიდები, რომლებიც ვარსკვლავისებრ გეგმას ქმნის, სიდიდით თითოს გამოშვებით ენაცვლება ერთმანეთს. ეკლესიაში შემორჩენილია XVI საუკუნის მხატვრობის ფრაგმენტები. ფასადებზე გვხვდება ლაპიდარული წარწერები და ორი ჩუქურთმიანი ქვა. ნინოწმინდის ტაძრის გეგმა კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქის უშუალო წინამორბედს წარმოადგენს.

ტაძარს ციხე-გალავანი ევლება, რომელსაც 5 გოდოლი კრავს. მის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში სასახლე და სამრეკლოა, ჩრდილოეთ კედელს კი სამეურნეო სათავსები ებჯინება. ნინოწმინდის სამრეკლო XVI – XVIII საუკუნეების აგურის არქიტექტურის ერთი საუკეთესო ნიმუშია. ნაგებობის ქვემო სამი სართული ერთიან კვადრატულ კოშკურ მასივს ჰმნის, მეოთხე – საკუთრივ სამრეკლო – რვაბოძიანი გამჭოლი ფანჩატურია. ქვემო სამ სართულში თითო კამაროვანი ოთახია ისრული სარკმლებით, ნიშებითა და ბუხრებით. პირველი სართულის სადგომი გუმბათოვანი კამარითაა გადახურული, მეორე სართულის რვაწახნაგა ოთახი დახურულია შეკრული კამარით, ხოლო მესამე სართულისა – ტრომპებზე დაყრდნობილი კამარით. კიბე კედლის სისქეშია. ფასადების კომპოზიცია კარგადაა გააზრებული, იგი დამუშავებულია გარკვეული სიმეტრიით განლაგებული ისრული თაღებით, რომბებით, აგურის წყობით გამოყვანილი ჯვრებით. ნინოწმინდის სამრეკლო სიდიდითაც ერთი პირველთაგანია საქართველოში.
საბა ტუსისშვილის სასახლე აშენებულია ნინოწმინდელი მიტროპოლიტის – საბა ტუსისშვილის მიერ, 1774-1777 წლებში. იგი აქაურ კათედრას 1743-80-იან წლებში განაგებდა. ნაგებობა ორსართულიანია, სადგომების ერთი მწკრივით. ქვემოთ სამი ოთახია – შუა გრძელი ოთახი და ორი განაპირა – კვადრატული. ზემოთ, განაპირას, კვლავ თითო ოთახია, შუა სივრცე კი, ქვემო დიდი ოთახის თავზე, სახლის მთელი სიღრმის ლოჯიას უჭირავს. საინტერესოა კედლის განჯინების კარების დამუშავება და კედლების პროფილირება. სარკმლები სწორკუთხაა, ორივე სართულს ხის ბრტყელი გადახურვა აქვს. თავისი გეგმით ნინოწმინდელის სასახლე ძველი ქართული ანფილადური სასახლეების რიგში დგას, თუმცა ძაღინისა და სხვა სასახლეებისაგან განსხვავებით იგი თითქმის სრულიად თავისუფალია ირანული გავლენისაგან. აქ ახალი ნაკადი იჩენს თავს – ევროპული არქიტექტურის ფორმების შემოსვლა, რაც ამ შენობას ქართული არქიტექტურის უფრო გვიანდელ განვითარებასთან აკავშირებს.

 

 

იხილეთ კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქები ⇒ 

იხილეთ ტეტრაკონქები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *