წალკის ახალქალაქის (დაშბაშის) ღვთისმშობლის ეკლესია

დაშბაშის ღვთისმშობლის ეკლესია

წალკის ახალქალაქის (დაშბაშის) ღვთისმშობლის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის (დაშბაშის) ცენტრში მდებარეობს. იგი XI საუკუნით თარიღდება. ეკლესიას ეტყობა აღდგენის კვალი. ძეგლი ამჟამად ძალიან დაზიანებულია, ნაგებობის ჩრდილოეთ კედელი და კამარა თითქმის მთლიანად ჩამონგრეულია. დაშბაშის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთით ნალისებური აფსიდით სრულდება. ნაგებობას სახურავის სამხრეთ კალთის აღმოსავლეთ ნაწილში ოთხწახნაგა, თაღებით გახსნილი სამრეკლო-ფანჩატური ადგას. ფასადებზე ყოფილა წარწერები, რომელიც დღეისათვის შემორჩენილი არ არის. წარწერიანი ქვა ყოფილა ეკლესიის ეზოშიც. გვიანი პერიოდის აღდგენისას მშენებლობაში გამოყენებულია უხეშად დამუშავებული რუხი ფერის ქვები, რაც მკვეთრად განსხვევდება ადრეული პერიოდის კარგად თლილი მოწითალო კვადრებისგან. ასევე გვიან პერიოდში შესასვლელსა და ჩრდილოეთის კედლის წყობაში ჩაურთავთ რელიეფური საფლავის ქვები. შესასვლელი სამხრეთიდანაა, იგი სწორკუთხაა და გადახურულია დიდი ზომის ბალავრით. ბალავარზე რელიეფური ჯვარია გამოსახული. ტაძრის აღმოსავლეთის სარკმელს მოჩუქურთმებული საპირე აქვს. აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმლები თაღოვანია, სამხრეთისა კი – სწორკუთხა. დარბაზის კამარა პილასტრებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობოდა. აღმოსავლეთ ფასადზე ასევე გვხვდება ე.წ. ბოლნური ჯვრის გამოსახულება. არქიტექტურული დეტალები და ძველი სამშენებლო ქვები დასაწყობებულია ეკლესიის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით.
სოფელ ახალქალაქში (დაშბაშში), გარდა ახალქალაქის (დაშბაშის) ღვთისმშობლის ეკლესიისა, ასევე შეძლებთ წმ. გიორგის ეკლესიისა და წალკის კანიონის ბუნების ძეგლის მონახულებას.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *