წალკის ახალქალაქის (დაშბაშის) წმინდა გიორგის ეკლესია

წალკის ახალქალაქის (დაშბაშის) წმინდა გიორგის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის ჩრდილოეთით, მდ. ხრამის მარჯვენა ქარაფოვან ნაპირზე მდებარეობს. იგი X-XI საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი თავისი მდებარეობის გამო შორიდანვე შესამჩნევია. ყურადღებას იქცევს მისი მოხდენილი პროპორციები და შესრულების მაღალი დონე და დახვეწილი, გამორჩეული დეკორატიული მორთულობა. აღსანიშნავია შენობის გარე მასების კუთხეთა გადაკვეთებზე ჩასმული დეკორატიული ტრომპები, მსგავსი ხერხი მხოლოდ კუმურდოში გვხვდება. კარის ზღრუბლზე მხედრული წარწერაა: „წმინდაო გი ნაქალაევისა“, საიდანაც ირკვევა, რომ ის წმ. გიორგის სახელობისაა. ტაძარი რატი ერისთავს აუგია, იგი მოხსენიებულია ორ ასომთავრულ წარწერაში. ეკლესია მარტივი თავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა, აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდით. გუმბათმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, თუმცა ნაპოვნი ნაშთებით ჩანს, რომ დეკორატიული სამკაულით ყოფილა მორთული და მცენარეული ორნამენტით შემკული ლავგარდანი ასრულებდა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხორციელდება ტრომპების საშუალებით. ტაძარს ორი შესავლელი აქვს – დასავლეთი მკლავის სამხრეთ და ჩრდილოეთის მკლავის დასავლეთ კედელში. სამხრეთის კარი გადახურულია დიდი თლილი ბალავრით, რომელზეც წარწერაა: “მადლითა, ღმრთისაჲთა ქრისტე ადიდე რატ ერისთავთ – ერისთავი”. მსგავსი წარწერაა აღმოსავლეთის სარკმლის საპირის ჩუქურთმაში: “ქ-ე ადიდე რატ ერისთავთ ერისთავი”. აღსანიშნავია სამხრეთის მკლავის რელიეფური კომპოზიცია, რომლის მსგავსიც სხვაგან არ გვხვდება – გვირილისებურ საპირეში ჩასმული მრგვალი სარკმელი, გოლგოთის ჯვარი და გაწვდილი ხელით დაჭერილი გასხივოსნებული ჯვარი. საყურადღებოა სამხრეთის კართან მდებარე ტრომპის რელიეფი – წვეროსანი, ფრთოსანი წმინდანის გამოსახულება. დეკორატორს წითელი სარებავით დაუფარავს წმინდანის თმა, წვერი და მედალიონი, რითაც დამატებითი სიმკვეთრე და აქცენტირებულობა შესძინა მას. ტაძარი ნაგებია სუფთად თლილი ქვით. ახალქალაქის წმინდა გიორგის ეკლესია წალკის (დაშბაშის) კანიონის ბუნების ძეგლს გადაჰყურებს. ეკლესიის სამხრეთით და ჩრდილოეთით სამაროვანია გამართული, სადაც გხვდება რელიეფური საფლავის ქვები.
სოფელ ახლქალაქის (დაშბაშის) ცენტრში, გარდა დაშბაშის წმინდა გიორგის ეკლესიისა, დგას XI საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *