დევისხვრელის ეკლესია

დევისხვრელის ეკლესია

დევისხვრელის ეკლესია კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაფანყურთან ახლოს, თხილისწყაროდ წოდებულ ადგილას მდებარეობს. იგი VI-VII საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ჩაქცეულია კამარები, ჩამონგრეულია ნავების გამყოფი სვეტები და თაღები, ასევე კედლების ნაწილი, მორღვეულია შესასვლელები, ინტერიერი ნაწილობრივ ნანგრევებითა და მიწითაა ამოვსებული, კედლებზე მოდებულია მცენარეები. ძეგლი სასწრაფოდ საჭიროებს გაწმენდას, გამოკვლევას და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. დევისხვრელის ეკლესია სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს (18,8 x 11,9 მ.). შესასვლელი ორია – სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ვინაიდან იატაკის დონე მთლიანად გადაფარულია ნანგრევებით, მიწითა და მცენარეულით, ნაგებობის ზუსტი გეგმის დადგენა ვერ ხერხდება, ძირითადი დარბაზის გეგმარებაში ჩანს მხოლოდ ნავების გამმიჯნავი, გეგმით წრიული, ორი ბოძის ნაწილი. მთავარი ნავი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი, ღრმა, ნალისებრი აფსიდით სრულდება, რომელიც კონქითაა გადახურული. კონქის მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი. ტრიუმფალური თაღი აფსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა, კამარით გადახურული, დამხმარე სათავსია (სადიაკვნე და სამკვეთლო). სათავსებს შესასვლელი დასავლეთიდან, შესაბამისი ნავებიდან აქვთ. დასავლეთ კედელზე წყვილი პილასტრია განლაგებული. დარბაზი აღმოსავლეთის თაღოვანი სარკმლით ნათდება, სავარაუდოდ სარკმელი დასავლეთითაც იქნებოდა. თითო სარკმელი აქვთ დამხმარე სათავსებსაც, ჩრდილოეთ სათავსის სარკმელი სწორკუთხაა, სამხრეთისა კი – თაღოვანი. ფასადები სრულიად სადაა, მხოლოდ ცენტრალური სარკმელია შემკული ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი, სადა დეკორის მქონე, შირიმის თავსართით. ეკლესია ნაგებია რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით, გარეთა კუთხეების წყობაში და კონსტრუქციულ ელემენტებში (კონქი, სარკმლები…) გამოყენებულია შირიმის, სუფთად გათლილი კვადრები. ეკლესიის მახლობლად შეიმჩნევა ქვითკირის წრიული ნაგებობისა და ლოდებით ნაგები შენობის ნაშთები. დევისხვრელის ეკლესია ადრეული შუა საუკუნეების ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ნიმუშია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას.

 

 

იხილეთ სამნავიანი ბაზილიკები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი 1-II. 2015. თბილისი. 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *