ვარცანის (ბარცანის) ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

ვარცანის (ბარცანის) ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

ვარცანის (ბარცანის) ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდასთან ახლოს მდებარეობს, ნასოფლარ ვეძისხევის ტერიტორიაზე, ვარცანად წოდებულ ადგილას. იგი IX საუკუნით თარიღდება. როგორც ჩანს, აქ საკმაოდ ძლიერი მონასტერი უნდა ყოფილიყო. ვარცანის მონასტერი იხსენიება 1579 წლის დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც კახეთის მეფე ალექსანდრე II მცხეთის საკათალიკოსო კათედრას უდასტურებს ქონებრივ უფლებებს, ვეძისხევის ვარცანის მონასტერსა და სხვა ეკლესია-მონასტრებზე. ის მოხსენიებულია ასევე XIV-XV საუკუნეების დასაწყისის მცხეთის კათედრის უძრავი ქონების ნუსხაში. XX საუკუნის 30-იან წლებში ეკლესია აუფეთქებიათ, რის შედეგადაც ჩამოინგრა გუმბათი, გუმბათქვეშა თაღები, სამხრეთი და დასავლეთი მკლავების კამარები და კონქის მნიშვნელოვანი ნაწილი. 1974-1975 და 1985-1987 წლებში ძეგლს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა, ნაგებობის ყველა ნაწილი აღდგენილია, გარდა გუმბათისა. ვარცანის ეკლესია გეგმის თავისებურებებით, დამჯდარი პროპორციებითა და მკვეთრად გამოხატული ფორმებით ხასიათდება. სახასიათოა, რომ ტაძრის მხოლოდ ჩრდილოეთ პასტოფორიუმს აქვს მეორე სართული, რაც აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე ასიმეტრიულობას ქმნის. ფასადები სრულიად სადაა, თუმცა სხვადასხვა ზომის დაუმუშავებელი ქვის ირეგულარული წყობა და ნათლად გამოხატული, დასრულებული ფორმები შთამბეჭდავ მხატვრულ სახეს ქმნის. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია XVI საუკუნის მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. ვარცანის ეკლესია გარდამავალი ხანის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. 

 

ძეგლის აღწერა

ვარცანის (ბარცანის) ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ჩახაზული ჯვრის ტიპის გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს, გუმბათი სამწუხაროდ შემორჩენილი არ არის. შესასვლელი ორია – დასავლეთიდან და სამხრეთიდან, ორივე შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – ნალისებრთაღოვანი. აღმოსავლეთის მკლავი აფსიდალურია, დანარჩენი კი სწორკუთხა. დასავლეთის მკლავი, სხვა მკლავებთან შედარებით, უფრო ღრმაა, თუმცა ტაძრის გეგმა მაინც კვადრატს უახლოვდება, სიგრძივი ღერძი მკვეთრად არ არის ხაზგასმული. აფსიდი დაგრძელებულია არცთუ ღრმა ბემით და გადახურულია ნალისებრი მოხაზულობის კონქით. საკურთხეველი მოგვიანებით, ცენტრალური სივრცის იატაკის მიმართ, 0.5 მ-ით აუმაღლებიათ, აფსიდის კედლის გასწვრივ კი საფეხური მოაწყვეს. კონქისა და კამარების ქუსლის დონეზე საფეხურია. საკურთხევლის ორივე მხარეს, გეგმით სწორკუთხა, თითო დამხმარე სათავსია (სამკვეთლო და სადიაკვნე), რომელთაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვთ. ჩრდილოეთის პასტოფორიუმი ორსართულიანია, ზედა სათავსს შესასვლელი ტაძრის ჩრდილო მკლავიდან ჰქონია. სამივე სათავსი აღმოსავლეთის თითო თაღოვანი სარკმლით ნათდება. ტაძრის დასავლეთ კუთხეებშიც სათავსებია მოწყობილი, რომლებიც შესაბამის მკლავებს, მაღალი, ნალისებრთაღოვანი ღიობებით უკავშირდება. დასავლეთის სათავსების კამარები ორიენტირებულია სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. გუმბათი დამხმარე სათავსების კედლებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა ტრომპებით ხორციელდებოდა. ნაგებობა აღმოსავლეთისა და დასავლეთის თითო სარკმლით ნათდება (გუმბათის სარკმლების სიმაღლეზე არ არის შემორჩენილი). ტაძრის ინტეროერი XVI საუკუნეში შეულესავთ და მოუხატავთ, მხატვრობა მცირე ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. ეკლესიის სამხრეთითა და დასავლეთით თაღებით გახსნილი კარიბჭეებია, სამხრეთის კარიბჭის ნანგრევები დაკონსერვებულია, დასავლეთისა კი აღდგენილია. დასავლეთის კარიბჭე უსწორმასწორო ნალისებრი თაღებითაა გახსნილი. ფასადები სრულიად სადაა, მოურთველი, ერთადერთ დეკორატიულ ელემენტს თაღებისგან შექმნილი ლავგარდანი წარმოადგენდა, რომლისგანავ ძალიან მცირე ფრაგმენტია შემორჩენილი დასავლეთ ფასადზე, ლავგარდნის დანარჩენი ნაწილი თაროსებრია. ტაძარი ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვის ირეგულარული წყობით, იკითხება მკვეთრად სწორხაზოვანი ცალკეული რიგები. კონსტრუქციული ელემენტების წყობაში და ფასადებზე კუთხეებში ჩართულია დამუშავებული შირიმის ქვები. ტაძრის ჩრდილოეთით საკმაოდ დიდი მარანი ყოფილა, შემორჩენილია ქვევრები.

 

 

იხილეთ ჩახაზული ჯვრის ტიპის ტაძრები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *