ძამის ციხე (მზოვრეთის მამათა მონასტერი)

ძამის ციხე (მზოვრეთის მამათა მონასტერი) შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთუბანთან ახლოს მდებარეობს, ძამის ხეობაში, მაღალ მთაზე. ეს ისტორიული ქალაქის – მძოვრეთის ტერიტორიაა. სიმაგრე სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილას მდებარეობს – იგი შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალ მნიშვნელოვან გზას იცავდა. ცნობილი იყო ციხის სიმტკიცე-მიუვალობა. ძეგლი რამდენიმე ქრონოლოგიურ ფენას მოიცავს, რომელთა გამიჯვნაც დღესდღეობით შეუძლებელია. ძამის ციხე ადრეულ შუა საუკუნეებშია აგებული, წყაროებში კი პირველად X საუკუნეში იხსენიება ისტორიულ თხზულებაში – “მატიანე ქართლისა”, დემეტრე აფხაზთა მეფესა და მის ძმას თეოდოსს შორის წარმოებულ ბრძოლებთან დაკავშირებით. თეოდოსმა ძამის ხეობის გამგებელს ადარნასეს სთხოვა დახმარება, რომელმაც თავის რეზიდენციაში – ძამის ციხეში შეიფარა თეოდოსი: “მაშინ დემეტრე მეფემან მიგზავნა ლაშქარი თვისი, მოადგეს ციხესა ძამისასა და ჰბრძოდეს სამ თუე ოდენ”. XI-XII საუკუნეებში ძამის ციხეს და მის მიმდებარე ტერიტორიას მეფის მოხელე ქართლის ერისთავთერისთავი განაგებდა. XII-XIII საუკუნეებში იგი დიდი ფეოდალის გამრეკელ-თორელის ხელში გადავიდა. მონღოლთა ბატონომის ხანაში ციხეს მცირე ხნით ოსები დაეპატრონნენ, თუმცა მალევე გამრეკელ-თორელებმა დაიბრუნეს. საუკუნეების განმავლობაში ძამის ხეობის ზედა წელს გამრეკელ-თორელები და მათი გვარის განაყარი შტო – ჯავახიშვილები აკონტროლებდნენ. XV საუკუნიდან ძამის ციხე ფანასკერტელ-ციციშვილთა ხელშია. XV საუკუნის II ნახევარში მძოვრეთში მოღვაწეობდა ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი, რომელმაც აქ დაწერა საექიმო წიგნი – “კარაბადინი”. ვახუშტი ბაგრატიონი ძამის ციხის შესახებ წერს: “სამწევრისის სამხრით მოერთვის ძამას იმერხევის-ხევი, გამოსდის საცხენისის მთას. აქა არს მონასტერი ძამისა, და აწ ხუცის სამარს. იმერხევის დასავლით, ძამაზედ, არს მძორეთი, მცირე ქალაქი. მოსახლენი სომეხნი, ურიანი, ციხე არს მაღალს კლდესა ზედა ნაშენი. ესე არს ძამის ციხე. ამ ციხის ქუეშ სასახლე ციციანთა”. ამჟამად ძამის ციხეში მამათა მონასტერია მოწყობილი. ციხე აღდგენილია და საკმაოდ დარღვეულია მისი პირვანდელი სახე.

 

არქიტექტურა

ძამის ციხე (მზოვრეთის მამათა მონასტერი) შიდა ციხისა და გალავნისგან შედგება. გალავანი გეგმით მართკუთხა მოხაზულობისაა. მის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ბურჯებით გამაგრებული ოთხკუთხა კოშკია ჩართული, რომლისგანაც მხოლოდ 3 სართულია შემორჩენილი. კოშკს შესასვლელი II სართულზე აქვს, სარკმლები – ყველა სართულზე. II სართულზე გვხვდება ბუხარი და ნიშები. შიდა ციხეს კლდოვანი რელიეფის შესაბამისად რთული გეგმა აქვს. მის ჩრდილო და დასავლეთ კუთხეებში სამსართულიანი ელიფსური კოშკები დგას. ეზოს დასავლეთ მონაკვეთში საცხოვრებელი ნაგებობაა. სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეში მდგარი შენობის ქვედა სართულში ორი ეკლესიაა, ზემოთ კი – სხვადაასხვა დანიშნულების სათავსები. ეზოში რამდენიმე საცხოვრებელი ნაგებობა გვხვდება. კოშკებში ყოველ სართულზე ბუხრები, სარკმლები და ნიშებია. ეზოს ცენტრალური და სამხრეთის მონაკვეთი სამსართულიან ნაგებობას უჭირავს. თავდაპირველად აქ სამკუთხედად განლაგებული სამი კოშკი უნდა მდგარიყო, რომელთაგან ორი გალავანში იყო ჩართული, სხვა კოშკები და საცხოვრებელი შენობები მოგვიანებითაა აგებული. ციხე ნაგებია ნატეხი ქვით, ზოგიერთ ნაგებობაზე გამოყენებულია თლილი ქვაც. ციხის ტერიტორიაზე, გაწმენდისას, გამოვლინდა ჭურჭლის ფრაგმენტები, კერამიკული წყალსადენი მილები, ლოდსატყორცნის ლოდები და ა.შ.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *