მძოვრეთის ციხე-დარბაზი (ორთუბნის მონასტერი)

მძოვრეთის ციხე-დარბაზი (ორთუბნის მონასტერი) შიდა ქართლის მხარეში, ძამის ხეობაში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთუბანში მდებარეობს, ისტორიული ქალაქის – მძოვრეთის ტერიტორიაზე. იგი XVII საუკუნით თარიღდება. ციხე-დარბაზის აგება XVII საუკუნის დასაწყისში ციციშვილთა საფეოდალოს ცენტრის სამწევრისიდან მძოვრეთში გადმოტანას უკავშირდება. კომპლექსი სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილას მდებარეობდა. ქალაქ მძოვრეთში დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა მიმდინარეობდა, იგი ძამისხევის მნიშვნელოვანი პუნქტი იყო. მძოვრეთში მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავია: ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი, ნოდარ ციციშვილი, ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი ინტერპოლატორი ნანუჩა (მანუჩარ) ციციშვილი, ზაზა ციციშვილი, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული “ვეფხისტყაოსნის” ე. წ. “ზაზასეული” ხელნაწერი, პოეტი ევსტათი ციციშვილი და სხვა. მძოვრეთის ციხე-დარბაზი ამჟამად მონასტერია. კომპლექსი აღდგენილია. სოფელ ორთუბანთან ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ადრეული შუა საუკუნეების ძამის ციხე (მზოვრეთის მონასტერი).

 

არქიტექტურა

მძოვრეთის ციხე-დარბაზი (ორთუბნის მონასტერი) ფერდობის ძირას, შევაკებაზეა განლაგებული და გრძელი მონაკვეთი უჭირავს. კომპლექსი მოიცავს: დარბაზულ ეკლესიას, სამრეკლოს, კოშკს, გალავანს, საცხოვრებელ სახლს, აბანოს და სხვა ნაგებობებს. დარბაზული ეკლესია კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში დგას. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. იგი გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც კედლის წყვილ პილასტრებზე დამყარებულ თაღს ეყრდნობა. ეკლესია სამი სარკმლით ნათდება, რომლებიც აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებშია გაჭრილი. ინტერიერი შელესილია. ტაძარი ნაგებია ნატეხი ქვით. ეკლესიის დასავლეთ კედელზე სამსართულიანი, XVIII საუკუნის, სამრეკლოა მიშენებული. პირველ სართულს კარიბჭის ფუნქცია აქვს და სამი მხრით თაღებითაა გახსნილი. მეორე სართული მცველის საცხოვრებელია და სათავდაცვო ელემენტებით არის აღჭურვილი. მესამე სართული ზარების დასაკიდ ფანჩატურს წარმოადგენს, იგი ოთხივ მხარეს ნახევარწრიული თაღებითაა გახსნილი. მესამე სართულის თაღების დონეზე შენობის კვადრატული გარემოხაზულობა ოდნავ ვიწროვდება, რვაწახნაგაზე გადადის და რვაგვერდა პირამიდით სრულდება. სამრეკლო ძირითადად ნაგებია რიყის ქვით, ქვედა ნაწილში გამოყენებულია თლილი ქვაც, ინტერიერში კი – აგური. კოშკი კომპლექსის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში მდებარეობს. იგი შვიდსართულიანია, პირამიდული ფორმის. კოშკი კონტრფორსებითაა გამაგრებული. პირველი სართული ყრუა, მეორე სართულს ერთი სარკმელი აქვს და მის კედელში იწყება კიბე, რომელიც ბოლო სართულამდე ადის, მესამე სართულს მხოლოდ ერთი სათოფური აქვს, მეოთხე სართულის კედლებში სათოფურები და ბუხარია, მეხუთე სართულზე – ცალმაგი და ორმაგი სათოფურები, მეექვსეზე – სათოფურები და ბუხარი, მეშვიდე სართული კი ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი. მეხუთე და მეექვსე სართულებზე გადმოკიდებული საპირფარეშოებია. კოშკს ჩრდილოეთის მხრიდან მიდგმული აქვს საცხოვრებელი სახლი. აბანოში ამჟამად სამლოცველოა მოწყობილი. კომპლექსს შემოვლებული აქვს გალავანი.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *