ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ ყინწვისიდან რამდენიმე კმ-ის დაშორებით. ანსამბლი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს: წმ. ნიკოლოზის გუმბათოვანი ტაძარი, ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია, მცირე ეკლესია, გალავანი და კოშკი-სამრეკლო. ყინწვისის მონასტერი XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეა დაარსებული, სამეფო კარის ბრძანებით. კომპლექსის მთავარი ნაგებობა წმ. ნიკოლოზის გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც საერთო იერით ტიმოთესუბნის ეკლესიას უახლოვდება. ტაძარი აზიდული, დახვეწილი პროპორციებით ხასიათდება. ფასადები მოურთველია, თუმცა აგურით ამოყვანილი კედლების შეხამება ქვის თეთრ ლავგარდნებთან სასიამოვნო მხატვრულ სახეს ქმნის. ყინწვისის ტაძარი განსაკუთრებით გამოირჩევა უნიკალური მოხატულობით, რომელიც XIII საუკუნის დასაწყისშია შესრულებული, თამარის პირველი ვეზირის ანტონ გლონისთავისძის დაკვეთით. ჯერ კიდევ XII-XIII საუკუნეებში ქართულ მონუმენტურ მხატვრობაში მისტიციზმსა და დოგმატიზმს ჰუმანისტური კონცეფცია უპირისპირდება, იკვეთება რენესანსული საწყისები და ადამიანური სილამაზისკენ სწრაფვა. ეს ტენდენციები მძაფრად იგრძნობა ყინწვისის მოხატულობაში. აქ ყრუ ლურჯ და მონაცრისფრო ფონებს ბუნებრივი ცისფერი ანაცვლებს, რომელიც მთელს მოხატულობაშია გაბატონებული და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ოთარ ფირალიშვილი წიგნში – ყინწვისის მოხატულობა წერს: “ცის წარმოსახვაში დასავლეთის რენესანსული ემპირიზმი იმითღა წავიდა წინ, რომ ცაზე ღრუბლებსაც ხატავდა”. ბუნებრივი, მჟღერი, მბზინავი ტონალობების გარდა ყინწვისის მხატვრობაში შესამჩნევია ყურადღება ანატომიური სიზუსტისადმი, აშკარაა ოსტატთა ანატომიური ცოდნა, ასევე პორტრეტების ადამიანური, მეტყველი და ბუნებრივი ხასიათი. უნდა აღინიშნოს აგრეთვე შესრულების ტექნიკური მხარე – რბილი, მსუბუქი გრადაციები მკვეთრი მონასმების ნაცვლად. ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში დაცულია გიორგი მესამის, თამარ მეფის, ლაშა გიორგისა და ანტონ ჭყონდიდელის პორტრეტები. ყინწვისის წმ. ნიკოლიზის ტაძრის მოხატულობას ენათესავება ღვთისმშობლის ტაძრის მხატვრობაც. ამ ორი ტაძრის ფრესკები უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ქართულ მონუმენტურ მხატვრობაში და ძალიან მასშტაბურ შემოქმედებით ნაწარმოებს წარმოადგენს. კვლავ ოთარ ფირალიშვილს დავესესხები: “სინამდვილის ესოდენ მაღალპოეტური განცდა და ხორცშესხმა ჭეშმარიტად დიდი გამარჯვება იყო ისეთ კონსერვატიულ სხეულში, როგორსაც საეკლესიო ხელოვნება წარმოადგენდა. შუასაუკუნეობრივ იდეოლოგიურ ბრძოლებში ყინწვისის დიდოსტატთა ჰუმანისტური მისწრაფებანი განხორციელდა, როგორც ქართველი ხალხის საერო იდეალების მაღალხატვრული უკუფენა”. ნიკოლოზის ტაძრის ნართექსში შემონახულია გვიანი შუა საუკუნეების მხატვრობა. მინაშენის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია XV საუკუნის II ნახევრის ცნობილი მოღვაწე, ავტორი სამკურნალო წოგნისა – კარაბადინი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი, რომელსაც ყინწვისში მცირე აღმშენებლობითი საქმიანობები უწარმოებია. ყინწვისის ტაძარში 2019 წელს ჩატარდა თვითნებური სამუშაოები, იატაკი მოაგეს მუქი მწვანე მარმარილოთი, რაც სრულიად შეუსაბამოა და არღვევს ინტერიერის მხატვრულ მთლიანობას. ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი ქართული კულტურის ერთ-ერთი უმშვენიერესი და მნიშვნელოვანი ძეგლია, რომელიც აუცილებლად საჭირეობს გაფრთხილებასა და დაცვას.

 

არქიტექტურა

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი მოიცავს რამდენიმე ნაგებობას, ესენია: წმ. ნიკოლოზის გუმბათოვანი ტაძარი, ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია, მცირე ეკლესია, გალავანი და კოშკი-სამრეკლო. ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ტაძარი ჩახაზული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნით თარიღდება. ეკლესიას დასავლეთით დაძრის თანადროული ნართექსი ეკვრის, XIV საუკუნეში კი სამხრეთითა და ჩრდილოეთით კარიბჭეები მიაშენეს. შესასვლელი სამია – დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით. აღმოსავლეთის ნახევარწრიული აფსიდი დაგრძელებულია ღრმა ბემით. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა შემაღლებული. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის თავისუფლად მდგომ ორ ბოძს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა ხორციელდება აფრებით. საკურთხევლის ორივე მხარეს აფსიდიანი პასტოფორიუმებია (სადიაკვნე და სამკვეთლო). პასტოფორიუმების თავზე იგივე გეგმის მქონე საიდუმლო ოთახებია. ეკლესიის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავები მოკლე და თითქმის თანაბარია, დასავლეთის მკლავი კი ოდნავ წაგრძელებულია. მკლავები და ბემა შეისრული კამარითაა გადახურული. ტაძრის დასავლეთ ნაწილში, მეორე სართულზე, პატრონიკეა მოწყობილი. ეკლესიის ფასადები, გარდა აღმოსავლეთისა, ერთ მთლიან, სადა სიბრტყეს წარმოადგენს. აღმოსავლეთის ფასადზე ორი მაღალი და განიერი, გეგმით სამკუთხა ნიშია. ეკლესია საფეხუროვან ცოკოლზე დგას. ფასადები ქვის პროფილირებული ლავგარდნით სრულდება, გუმბათის ლავგარდანი კი აგურის წყობის სხვადასხვა კომბინაციისა და ქვის პროფილისგან შედგება. გუმბათის თორმეტ სარკმელს თაღედი ევლება. ტაძრის ყველა სარკმელი თაღოვანია. დასავლეთის ნართექსის ზედა ნაწილში სამი განიერი სარკმელია, ქვედა ნაწილში კი სამი თაღია, შუა თაღი გახსნილია. ნართექსის შიდა კედლები XV საუკუნეშია ჩაშენებული ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის დაკვეთით.

წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ინტერიერი მთლიანად მოხატულია. მხატვრობაში გაბატონებულია ცისფერი, რომელთანაც ოქროსფერი და მოწითალო ტონებია შეხამებული, რაც საოცრად მსუბუქ და ნათელ კოლორიტს ქმნის. ყველა სცენის შინაარსს თუ წმინდანის ვინაობას ქართული ასომთავრული წარწერები განმარტავს, ბერძნული წარწერები მხოლოდ ჯვარცმის კომპოზიციაში და ნართექსში გვხვდება. გუმბათში გამოსახულია ჯვარი, გუმბათის სარკმლების თავზე ვედრების კომპოზიციაა, სარკმლებს შუა ფიგურები განლაგებულია ორ რიგად: პირველ რიგში გამოსახულია მამამთავარი აბრაამი და წინასწარმეტყველები (ელია, ზაქარია, იერემია, მალაქია, ეზეკიელი, ესაია), მეორე რიგში – წმინდანები: სოზონ, მინა, აბიბოს, პლატონ, ფლოროს, ლავროს, მუკი, ანდრია სტრატილატი, გორია, სამონა, იაკობ დაჭრილი და ონისიფორე. გუმბათის აფრებში გამოსახულია მახარებლები და ანგელოზები. საკურთხევლის მხატვრობა სამ რეგისრტრად იყოფა. ზედა რეგისტრში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით, ანგელოზებთან ერთად. ბემის თაღში წრეში ჩახაზული ჯვარია გამოსახული, მეორე რეგისტრში, ბემის კედლებზე – მოციქულთა ზიარება. ასევე მეორე რეგისტრში, აფსიდის სარკმლებს შუა ორი წმინდანია. მესამე რეგისტრში გამოსახულია თორმეტი მღვდელმთავარი. სარკმლების წირთხლებზე დიაკვნების გამოსახულებებია, შუა სარკმლის ქვემოთ, ნიშში კი – მაცხოვრის წელზედა ფიგურა. ტაძრის სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებში მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ცხოვრების სცენები გვხვდება. სამხრეთ მკლავის პირველ რეგისტრში, სამხრეთის კედელზე – ხარება, აღმოსავლეთით – ღვთისმშობლის შობა, დასავლეთით – ტაძრად მიყვანება; მეორე რეგისტრში, სამხრით – ქრისტეს შობა, აღმოსავლეთით – ამაღლება, დასავლეთით – სულიწმიდის მოფენა; მესამე რეგისტრში, სამხრეთით – მკერდისა განხილვა ქრისტესი თომასაგან, აღმოსავლეთით – ღვთისმშობლის მიძინება, დასავლეთით – საიდუმლო სერობა; ჩრდილოეთის მკლავის პირველ რეგისტრში, ჩრდილოეთის კედელზე – ლაზარეს აღდგინება, აღმოსავლეთით – ნათლისღება; მეორე რეგისტრში, ჩრდილოეთით – იერუსალიმში შესვლა, აღმოსავლეთით – ჯვარცმა, დასავლეთით – ფერისცვალება; მესამე რეგისტრში, ჩრდილოეთით – მენელსაცხებლე დედანი (ამ სცენაშია ცნობილი ყინწვისის ანგელოზის ფრესკაც), აღმოსავლეთით – ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, დასავლეთით – ქრისტეს დატირება. ორივე მკლავის ქვედა რეგისტრებში წარმოდგენილნი არიან ისტორიული პირები: ჩრდილოეთით – გიორგი III, თამარი და მეფისწული გიორგი ლაშა, სამხრეთით – მწიგნობართუხუცესი ანტონ გნოლისთავისძე ეკლესიის მოდელით ხელში და სამი მეომარი (მათ შორის წმ. გიორგი). ტაძრის დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე მხატვრობის ექვსი რეგისტრია. ზედა რეგისტრში ფრაგმენტულად შემორჩენილია წმ. ნიკოლოზის ცხოვრების სცენები, რომლებიც გრძელდება ამავე მკლავის სამხრეთის კედელზეც. მეორე რეგისტრის სცენები დაზიანებულია. მესამე რეგისტრში წარმოდგენილია სამი ჭაბუკი ცეცხლის სახმილში. მომდევნო სამი რეგისტრი ცალკეულ წმინდანთა ფიგურებს ეთმობა. სამხრეთ-დასავლეთ მკლავებშორისი სივრცის კედლებზე წმ. გიორგის ცხოვრების სცენებია, აქვე, სამხრეთ კედელზე გამოსახულია იესეს ხე. სარკმლის წირთხლებზე და გუმბათქვეშა ბურჯებზე ცალკეულ წმინდანთა ფიგურებია. ყველა თაღისა და კამარის ცენტრში გამოსახულია წრეში ჩახაზული ჯვარი. ტაძრის მოხატულობაში მრავლად გვხვდება დეკორატიული ელემენტები. ნართექსის გვიანი შუა საუკუნეების მოხატულობაში გვხვდება ზაზა ფანასკერტელ ციციშვილი პორტრეტი, ასევე წმინდანები, მღვდელმთავრები, ანგელოზები და სახარებისეული სცენები.

ყინწვისის ღვთისმშობლის ტაძარი წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით დგას. იგი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთის ნახევარწრიული აფსიდით და XII-XIII საუკუნეების მიჯნით თარიღდება. აფსიდი სწორკუთხედშია ჩაწერილი. ეკლესია ძალიან დაზიანებული იყო, შემორჩენილი იყო საკურთხეელის ნაწილი და გრძივი კედლების ნაშთი. ამჟამად იგი სრულიად აღდგენილია. ინტერიერი მოხატული ყოფილა, გადარჩენილია მხოლოდ საკურთხევლის მოხატულობა. მხატვრობა დაყოფილია სამ რეგისტრად. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით და ორი მთავარანგელოზი. მეორე რეგისტრში გამოსახულია ზიარების ორი კომპოზიცია, ქარიშხალი ტიბერიადის ტბაზე და იაიროსის ქალიშვილის განკურნება. მესამე რეგისტრში ეკლესიის მამათა გამოსახულებებია. აქვე შეიმჩნევა მაცხოვრის წელზედა გამოსახულება. სარკმლის წირთხლებზე დიაკვნებია გამოსახული. ღვთისმშობლის ეკლესიის მოხატულობა ენათესავება წმ. ნიკოლოზის ტაძრის ფრესკებს და ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია.

წმ. ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთ კედელთან მცირე ეკლესია დგას, რომელიც გვიანი შუა საუკუნეების დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. დარბაზი აღმოსავლეთით უსწორო მოყვანილობის აფსიდით სრულდება. ეკლესია ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმლების თავზე რელიეფური ჯვრების გამოსახულებებია. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის თლილი ქვით.

 

 

იხილეთ ჩახაზული ჯვრის ტიპის ტაძრები ⇒ 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *