ქვემო ჭალის ამილახვართა მთავარი ციხე-დარბაზის კომპლექსი

ქვემო ჭალის ამილახვართა მთავარი ციხე-დარბაზის კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მდებარეობს. იგი XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება და მოიცავს: გალავანს, ციტადელს, სასახლეს, ეკლესიას და სამრეკლო-კოშკს. კომპლექსის მშენებლობა სამ ეტაპად განხორციელებულა: თავდაპირველად აქ, XVII საუკუნის 70-80-იან წლებში, ეკლესია აუგიათ, შემდგომში ტაძრისთვის დასავლეთიდან სამრეკლო მიუშენებიათ, უფრო მოგვიანებით კი – ციხე-დარბაზი აუშენებიათ და სამრეკლო კოშკად გადაუკეთებიათ. ქვემო ჭალაში ამილახვართა კიდევ ორი ციხე-დარბაზია – მეორე ციხე-დარბაზი (გალავანი კოშკებით, სასახლის ნანგრევები) და ამირინდო ამილახვრის ციხე-დარბაზი. XVIII საუკუნეში, როცა ქართლის მსხვილ ფეოდალთა – ამილახვართა ხელისუფლება გაძლიერდა და მათი ტერიტორიებიც გაიზარდა, ამილახვართა რეზიდენციამ სხვილოდან ბარში, ქვემო ჭალაში გადმოინაცვლა. ცნობილია, რომ XVIII საუკუნის 40-იან წლებში გივი ამილახვარს აქ ორი ციხე-დარბაზი ჰქონია. ციხე-დარბაზებს დიდი როლი ენიჭებოდა ლეკებისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლებში. ამილახვართა ციხე-დარბაზები და მათთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენები არაერთგზის იხსენიება XVIII საუკუნის ისტორიულ წყაროებში.

 

არქიტექტურა

ქვემო ჭალის ამილახვართა მთავარი ციხე-დარბაზის კომპლექსი მოიცავს: გალავანს, ციტადელს, სასახლეს, ეკლესიას და სამრეკლო-კოშკს. ციხე-დარბაზის ეზო მაღალი გალავნითაა შემოზღუდული. ეზო კედლით ორ ნაწილად არის გაყოფილი. სამხრეთი ნაწილი უფრო დიდია, აქ მტრის შემოსევების დროს მოსახლეობა აფარებდა თავს. ჩრდილოეთ ნაწილში ციტადელია, დასავლეთ ნაწილში კი – სასახლის ნანგრევები. ციხე-დარბაზის შუაში დარბაზული ეკლესია დგას. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. შესასვლელი ორია – დასავლეთითა და სამხრეთით. გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრებით. კამარა შეისრული ფორმის თაღებს ეყრდნობა. ინტერიერში შემორჩენილია XVIII საუკუნის მოხატულობა. ფასადები სადაა, დაუნაწევრებელი. სამხრეთის შესასვლელის გვერდით ფრინველის რელიეფური გამოსახულებაა. აღმოსავლეთ ფასადზე წმ. გიორგის რელიეფია, რომლისგანაც ცხენი და მახვილიღა გაირჩევა. აღმოსავლეთ კედელშივეა ჩართული საამშენებლო წარწერა, საიდანაც ვიგებთ, რომ ეკლესია გივი ამილახვრის სახლთუხუცეს პაპუა ქარუმიძეს აუგია XVII საუკუნეში. ფასადებს წრეთარგის მოხაზულობის მოჩუქურთმებული ლავგარდანი ასრულებს. ეკლესია ნაგებია თლილი კვადრებით. ტაძარს დასავლეთიდან სამრეკლო აქვს მიშენებული, რომელიც მოგვიანებით, XVIII საუკუნეში, კოშკადაა გადაკეთებული. თავიდან ის სამსართულიანი ყოფილა. პირველი სართული, სამი მხრივ გახსნილი იყო და ეკლესიის კარიბჭეს წარმოადგენდა, მეორე სართული მცველის საცხოვრებელი იყო, მესამე კი – ზარებისათვის განკუთვნილი თაღოვანი ფანჩატური. კოშკად გადაკეთებისას სამრეკლოსთვის ფანჩატურის ნაცვლად აგურის ორი სართული დაუშენებიათ. მესამე სართული საცხოვრებელ-საბრძოლო სათავსია, მეოთხე კი – მაღალი ქონგურებიანი პარაპეტით შემოსაზღვრული ბანი, სადაც ყოველ მხარეს სათოფურები, საზარბაზნეები და სალოდეებია. ყველა ოთახში გვხვდება ბუხარი, ნიშები, სათოფურები და რამდენიმე სარკმელი. სამრეკლო-კოშკის თავდაპირველი ნაწილი ნაგებია სუფთად თლილი ქვით. ორსართულიანი სასახლის პირველ სართულზე შემორჩენილია ბუხარი, ორი სარკმელი და თახჩები. მეორე სართულის დასავლეთ კედელში გაირჩევა მაღალი და ფართე სარკმლებისა და ბუხრის კვალი. ეს სათავსი კარგად ყოფილა შელესილი. ბუხარს გასდევს რთულპროფილიანი ნალესობა. სამხრეთ კედელში გაჭრილია პატარა სათოფურები. სართულშუა გადახურვა შემორჩენილი არ არის.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *