გარეჯის ბერთა სერის (ბერების სერი) კომპლექსი

გარეჯის ბერთა სერის (ბერების სერი) კომპლექსი

გარეჯის ბერთა სერის (ბერების სერი) კომპლექსი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. კომპლექსი IX-XI საუკუნეებით თარიღდება. ბერთა სერის შესახებ ისტორიულ წყაროებში ინფორმაცია არ მოიპოვება. პ. იოსელიანი იხსენიებს “მაღაზანას”/”მღვიმეს”, ასევე დ. გონაშვილს აღწერილი აქვს ქვემო და ზემო მაღაზანები. დღესდღეობით ქვემო მაღაზანას უწოდებენ ბერთა სერს, ზემო მაღაზანას კი – საბერეებს. გარეჯის ბერთა სერის (ბერების სერი) კომპლექსი სხვადასხვა დანიშნულების კლდეში ნაკვეთი ქვაბულებისგან შედგება, აქ გვხვდება გუმბათოვანი და დარბაზული ეკლესიები, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების სათავსები. ბერების სერი ქვაბულთა მხატვრულ-არქიტექტურული თავისებურებებით ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. კომპლექსის ქვაბულთა ნაწილი უბრალო სანაკებს წარმოადგენს, განსაკუთრებულ ყურადღებას კი უფრო რთული ქვაბულები იქცევს, რომელთა შორისაა: გუმბათოვანი ეკლესია, სამთაღიანი ეკლესია, ორსართულიანი ქვაბული, აფსიდიანი ეკლესია და მოხატული ეკლესია.

გუმბათოვანი ეკლესიის შესასვლელი დაბალი და ვიწროა, სწორკუთხა ფორმის. შესასვლელის თავზე სარკმელი ყოფილა, რომელიც გაგანიერებულია ჩამონგრევის შედეგად. შესასვლელი და სარკმელი შიგნიდან დეკორატიულ თაღში იყო მოქცეული. აღმოსავლეთით აფსიდიანი საკურთხეველია, რომელშიც ტრაპეზის ქვაა შემორჩენილი. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით. აფსიდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში პატარა ღიობია გაჭრილი. დასავლეთის კედლებში დეკორატიული თაღია გამოკვეთილი. დეკორატიული და კონქის თაღების ქუსლების საყრდენი ადგილები თაროებითაა აქცენტირებული. ყურადღებას იქცევს გუმბათის დეკორი, მას სარტყელი ევლება, რომელიც მთლიანად პატარა ნიშებითაა დანაწევრებული. სებერეების ეკლესიის გუმბათის დეკორი სტილისტური ნიშნებით გარკვეულ საერთოს პოულობს სატორგეს ახლადაღმოჩენილი ეკლესიის გუმბათთან.

სამთაღიანი ეკლესიისგან დღესდღეობით ჩრდილოეთის ნაწილი და მთავარი დარბაზის საკურთხევლის ნაწილია შემორჩენილი. საინტერესო გადაწყვეტა აქვს მთავარი დარბაზის საკურთხეველს, იგი გეგმით სწორკუთხაა და თაღოვანი, კედლების კუთხეებში კი მაღალი ნიშებია გამოკვეთილი (შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთის ნიშა). ჩრდილოეთ სივრცე მთავარი დარბაზისგან თაღოვანი შესასვლელითა და ორი დიდი (შესასვლელის სიმაღლის) თაღითაა გამოყოფილი, რაც ეკლესიის ჩამონგრევის შემდეგ საფასადო მხარედაა ქცეული. გრძივი კედელი დეკორატიული თაღებითაა დანაწევრებული. სათავსის აღმოსავლეთით აფსიდია, აფსიდის ჩრდილოეთით კი სადიაკვნე, რომელშიც ჩამოსაჯდომი საფეხურია მოწყობილი. აფსიდის კონქი კამარის საერთო სიმაღლესთან შედარებით ბევრად დაბალია. ტაძრის აღნიშნული ჩრდილოეთის ფრთა ორ ქვაბულს უკავშირდება, ერთი დასავლეთით მდებარეობს, ერთი კი – ჩრდილოეთით.

ორსართულიანი სათავსი ე.წ. სამთაღიანი ეკლესიის გვერდით მდებარეობს. იგი მოზრდილ ქვაბულს წარმოადგენს, რომლის ჭერის შუაში მრგვალი ფორმის ხვრელია, საიდანაც მეორე სართული მოჩანს. მეორე სართული საკმაოდ დიდი თაღოვანი სარკმლით ნათდება. სატავსი რამდენიმე ქვაბულს უკავშირდება. დ. გონაშვილი ამ სათავსს სამრეკლოდ მიიჩნევს. გარეჯის სამონასტრო კომპლექსებში სხვა კლდეში ნაკვეთი სამრეკლო არ გვხვდება.

აფსიდიანი ეკლესია ორი განყოფილებისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს დიდი თაღოვანი ღიობით უკავშირდება. ღიობის თაღი, ქვედა ნაწილთან შედარებით, უფრო განიერია და თაღის ვიწრო თაროებით აქცენტირება ხდება. გამყოფ კედელში, გასასვლელის აღმოსავლეთით თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. პირველი განყოფილების აღმოსავლეთ კედელში გეგმაში სწორკუთხა, თაღოვანი, დიდი, საკმაოდ ღრმა ნიშაა. ქვაბულის გადახურვა, ცენტრში შემაღლებულია განივ (ჩრდილოთ-სამხრეთ) ღერძზე. კედლებს ჩამოსაჯდომი საფეხური მიუყვება. მეორე განყოფილებას აღმოსავლეთით ღრმა აფსიდი აქვს, რომელიც ერთი საფეხურითაა შემაღლებული. საკურთხეველში ტრაპეზია. სამლოცველოს ჩრდილოეთ კედელში ღრმა, დიდი თაღოვანი ნიშია, რომლის სამივე კედელში მცირე თაღოვანი ნიშია გამოკვეთილი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნიშები თანაბარი სომაღლისაა, ჩრდილოეთისა კი უფრო დაბალია. აღმოსავლეთის ნიში პატარა საკურთხეველს წარმოადგენს. პირველი განყოფილება დასავლეთით თაღოვანი ღიობითა და ორსაფეხურიანი კიბით ორნაწილიან სათავსს უკავშირდება. სათავსი სამეურნეო დანიშნულებისა უნდა ყოფილიყო, მის იატაკში რამდენიმე ორმოა. ეკლესიის აღმოსავლეთით ორგანყოფილებიანი ქვაბულია, რომლის კედლებში თაროებია გამოკვეთილი.

მოხატული ეკლესია აფსიდიანი ეკლესიიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. ბერთა სერის კომპლექსში მხოლოდ აქ გვხვდება მოხატულობა და წარწერები. ეკლესიის საკურთხევლის მხარე მთლიანად ჩამონგრეულია. გადახურვა კამაროვანია. ჭერი გამაგრებული ყოფილა სამი ხის კოჭით, რომელთა ბუდეები შემორჩენილია. ინტერიერი მოხატული ყოფილა, თუმცა დღესდღეობით მცირე ფრაგმენტია შემორჩენილი, რომელიც ძალიან გაფერმკრთალებულია. მოხატულობის მთლიან პროგრამაზე წარმოდგენის შექმნა შეუძლებელია. ეკლესია გასაავლელით სათავსთა ჯგუფს უკავშირდება.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *