ხოჟორნის გუმბათოვანი ეკლესია

ხოჟორნის გუმბათოვანი ეკლესია

ხოჟორნის გუმბათოვანი ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოჟორნთან ახლოს მდებარეობს. ძეგლი მოიცავს X-XI და XIII-XV საუკუნეების სამშენებლო ფენებს. X საუკუნეში ხოჟორნი ქვემო ქართლის ტერიტორიაზე წარმოქმნილი სომხური სამეფოს – ტაშირ-ძორაგეტის შემადგენლობაში იყო. მას შემდეგ, რაც მხარგრძელები ტაშირ-ძორაგეტის მეფეებთან ჩამოვიდნენ, გაქრისტიანდნენ და სამეფო კარზე დაწინაურდნენ, მათ სამემკვიდროდ ხოჟორნი გადაეცათ. მხარგრძელები დაეპატრონნენ მთელს ხეობასაც. ეკლესიის კედლებში დატანებული ქართული სტელები მეტყველებს, რომ ამ ტერიტორიაზე კომპაქტური ქართული დასახლება ყოფილა. ერთ-ერთ ჩაშენებულ VII საუკუნის სტელას აქვს ქართული წარწერა: “იოანე, ძმა იაკობისი”. როგორც ჩანს, ხოჟორნის პირვანდელი ტაძარიც ქართული მოსახლეობისთვის აიგო, ქართველი ქტიტორის მიერ, რომლის მოსახსენიებელი ეკვდერი სამხრეთ პასტოფორიუმშია მოწყობილი. ნახევრადთავისუფალი ჯვრის ტიპის ის ვარანტი, რომელსაც ხოჟორნის ტაძარი მიეკუთვნება, მხოლოდ ქართულ ძეგლებში, ტაო-კლარჯეთსა და მიმდებარე რეგიონებში გვხვდება. XI საუკუნეში დანგრეული ეკლესია ხელახლა ააშენა ხოსრო მხარგრძელმა, იმავე გეგმით. ამ პერიოდში ხოჟორნის ხეობა სანაჰინის ეპარქიის დაქვემდებარებაში იყო. ხოსროვი უნდა იყოს გამოსახული სანაჰინის ეპისკოპოსთან ერთად ტაძრის საქტიტორო რელიეფზე. XI საუკუნის ფენაში შერწყმულია სომხური და ქართული ხუროთმოძღვრებისთვის სახასიათო ნიშნები, რაც ზოგადად დამახასიათებელია ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილისა და ჩრდილოეთ სომხეთის არქიტექტურისთვის. XIII საუკუნეში ეკლესია შანშე მხარგრძელმა შეაკეთა, ამ პერიოდისაა გუმბათი, ლავგარდნები და ჩრდილოეთ სარკმლის სათაური. XIII საუკუნის ფენაში უკვე უფრო მძაფრად იგრძნობა სომხური ხუროთმოძღვრებისთვის სახასიათო ნიშნები (მაგ.: მრგვალი და კორპუსის სიმაღლესთან შეფარედებით საკმაოდ დაბალი გუმბათის ყელი). ინტერიერში და დასავლეთ ფასადზე გვხვდება ასევე XV საუკუნის დეკორატიული ელემენტები. ნაგებობის მხატვრულ სახეს ძირითადად თეთრი ფერის გამარმარილოებული კირქვის ირეგულარული წყობა და ოქრისფერი ტუფის ლაქები ქმნის. ტაძრის პროპორციები არცთუ დახვეწილია, თუმცა საპერანგე ქვის მოთეთრო შეფერილობა გარკვეულ სიმსუბუქეს სძენს. ყურადღებას იქცევს აღმოსავლეთის სარკმლის საქტიტორო რელიეფი. რელიეფის კვეთა დახვეწილია, ოსტატური, დეტალები საგულდაგულოდაა გამოკვეთილი, კომპოზიცია სრულიად სტატიურია. ხოჟორნის გუმბათოვანი ეკლესია თავისი ერთგვარი ეკლექტურობით და სტილისტური თავისებურებებით ერთ-ერთი საინტერესო ძეგლია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას. ტაძრის გადახურვებზე ამოსულია მცენარეები, კედლებს და საპერანგე წყობას დაწყებული აქვს ჩამოშლა.

 

ძეგლის აღწერა

ხოჟორნის გუმბათოვანი ეკლესია ნახევრადთავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და დასავლეთით. დასავლეთის შესასვლელი ამჟამად დაყრუებულია, გარედან არქიტრავამდე მიწითაა დაფარული. ტაძრის აღმოსავლეთის მკლავი აფსიდალურია, დანარჩენი კი – სწორკუთხა. საკურთხევლის ორივე მხარეს თითო აფსიდალური პასტოფორიუმია. ჯვრის ფორმა გარე მასებშიც ვლინდება, თუმცა აღმოსავლეთის მკლავი სამნაწილიან საკურთხეველს მოიცავს და სხვა მკლავებთან შედარებთ, ბევრად განიერია, მცირედით მოკლეა ნაგებობის სამხრეთ-ჩრდილოეთ ღერძთან შედარებით. პასტოფორიუმებს შესასვლელი დასავლეთიდან აქვთ. საკურთხეველი სამი საფეხურითაა შემაღლებული, მესამე საფეხური გვიანდელია. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. თითოეულ მკლავში თითო სარკმელია გაჭრილი, გუმბათში ოთხი სარკმელია, თითო სარკმელი აქვთ პასტოფორიუმებსაც. ინტერიერი შელესილი ყოფილა. ეკლესიის კედლებში, შიგნიდან, ადრეული შუა საუკუნეების სტელების ფრაგმენტები და გვიანი შუა საუკუნეების ხაჩქარებია ჩართული. საფასადო მორთულობის მხრივ გამოირჩევა აღმოსავლეთის ფასადი, რომელზეც სამი სარკმლის ღიობი გამოდის, ცენტრალური სარკმელი კი საქტიტორო რელიეფითაა შემკული. რელიეფზე გამოსახულია საერო და სასულიერო პირები, რომლებსაც ეკლესიის მოდელი უჭირავთ. ქტიტორთა კომპოზიციას ჭდული წრეებით გაფორმებული რელიეფური თაღი საზღვრავს. რელიეფს ახლავს დაზიანებული წარწერა: “სომხური წელთაღრიცხვით… ბ… ააშენა… მე უფალო”. სარკმლის წირთხლზე ხელებაწვდილი მამაკაცის რელიეფია, რომელიც სავარაუდოდ ეკლესიის მაშენებელი ოსტატი უნდა იყოს. დასავლეთის შესასვლელის არქიტრავზე ჯვრებია ამოკვეთილი და 1452 წლის სომხური წარწერაა. სამხრეთის შესასვლელის არქიტრავზე XIII საუკუნის სომხური წარწერაა: “კეთილისმყოფელი ღვთის შეწევნითა და ჩემი პატრონი შაჰანშაჰის წყალობით მე ცოდვილი ღვთის მონა იოანე ღვთის წყალობის იმედით [ვასრულებ] იმ ბრძანებას”. ჩრდილოეთის სარკმელს ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი, ორნამენტული სატაური ამკობს. კორპუსის ფასადებს ლილვის, წრეთარგისა და თაროსგან შედგენილი ლავგარდანი ასრულებს, ეკლესიის კორპუსის ლავგარდნის ნაწილი და გუმბათის ლავგარდანი ჭდული წრეების ორნამენტითაა გაფორმებული.

ხოჟორნის გუმბათოვანი ეკლესიის აღმოსავლეთით დგას მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. შესასვლელი ერთია – სამხრეთიდან. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხევლის განაპირა მონაკვეთებში თითო საშუალო ზომის ნიშაა გამოჭრილი. ტაძარი აღმოსავლეთის თაღოვანი სარკმლით ნათდება. ეკლესია ნაგებია მონაცრისფრო, არათანაბარი ზომის, თლილი ქვის კვადრებით.

გუმბათოვანი ტაძრის დასავლეთით შედარებით უფრო მოზრდილი, თლილი ქვით ნაგები, დარბაზული ეკლესიაა – ე.წ. “მარმარილოს ეკლესია”. “მარმარილოს ეკლესიას” ერთი შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან, შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან – თაღოვანი. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება და გადახურულია ცილინდრული კამარით. ტაძარს ორი თაღოვანი სარკმელი აქვს – აღმოსავლეთითა და დასავლეთით. ეკლესია ნაგებია მონაცრისფრო-მოთეთრო ფერის გამარმარილოებული, ადგილობრივი კირქვის დამუშავებული კვადრების რეგულარული წყობით. შენობის სამხრეთით და აღმოსავლეთ მონაკვეთის გარკვეულ ნაწილში ხელოვნურად მოსწორებული და შემაღლებული ბაქანია, რომელიც კირქვის კვადრებით ნაშენი კედლითაა შემოსაზღვრული.

 

 

იხილეთ ნახევრადთავისუფალი ჯვრის ტიპის ეკლესიები ⇒ 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

  • გ. გაგოშიძე, ნ. ჩანტლაძე – მონოფიზიტური ძეგლები საქართველოში I. ქვემო ქართლი. 2009. თბილისი. 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *