ჟალეთის ბაზილიკა

ჟალეთის ბაზილიკა

ჟალეთის ბაზილიკა მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, დაბა სიონში, ნასოფლარ საყარაულოსთან მდებარეობს. იგი IX-X საუკუნეებით თარიღდება. ძეგლი ძალიან დაზიანებულია და აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას, ჩამონგრეულია მთავარი და გვერდითი ნავების კამარების უდიდესი ნაწილი, თაღები, ასევე გრძივი კედლებისა და დასავლეთ კედლის ზედა ნაწილები, თითქმის სრულად დანგრეულია გარშემოსავლელი. ტაძარი ხარაჩოებშია, როგორც ჩანს მისი რეაბულიტაცია უნდა დაწყებულიყო, თუმცა სამუშაოები დიდი ხანია შეჩერებულია. ჟალეთის ბაზილიკა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ძეგლია. ნაგებობის პროპორციები აზიდული, ჰარმონიული და დახვეწილია. რიყისა და ნატეხი ქვით ნაგებ ფასადებზე აქცენტებად გამოყენებული შირიმის ელემენტები სასიამოვნო მხატვრულ სახეს ქმნის. ჟალეთის ბაზილიკაში აღმოჩენილია დეკორირებული ქვის ჯვარი და რელიეფებით შემკული, ადრეული შუა საუკუნეების სანათლავი, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალურობითა და მხატვრული ღირებულებით. ჟალეთის სანათლავი თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. ეკლესიის შესასვლელთან აღმოჩნდა რელიეფური ქვასვეტი. ყურადღებას იქცევს აგრეთვე საკურთხევლის წინ მდებარე დიდი ზომის, ექვსკუთხა, კიბეებიანი პოსტამენტი, რომლის მსგავსიც გვხვდება მცხეთის ჯვრის ტაძარში. ჟალეთის ბაზილიკა სადა და ესთეტიკური მხატვრული გადაწყვეტით და ინდივიდუალური თავისებურებებით ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია.

 

არქიტექტურა

ჟალეთის ბაზილიკა სამნავიან ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც ორი წყვილი სწორკუთხა ბურჯითა და მათზე გადაყვანილი სამ-სამი თაღითაა სამ ნავად გაყოფილი. ეკლესიას ვიწრო გარშემოსავლელი ეკვროდა, რომელიც ამჟამად საძირკვლის დონემდეა დანგრეული. შესასვლელი ორია – დასავლეთითა და სამხრეთით, ორივე მათგანი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან კი თაღოვანი. მთავარი ნავი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდის წინ ღრმა ბემაა. ბემის ორივე კედლის სიბრტყე ორ ნაწილადაა გაყოფილი, ზედა ნაწილის სიბრტყე ქვედას მიმართ მცირედით წინაა წამოწეული და მარტივი პროფილის იმპოსტს ეყრდნობა. საკურთხეველი შემაღლებული ყოფილა, იგი დარბაზისგან ქვის კანკელით იყო გამოყოფილი, რომლისგანაც მცირე ნაწილია გადარჩენილი. საკურთხევლის ორივე მხარეს, გვერდითა ნავების აღმოსავლეთ ნაწილში, თითო სწორკუთხა პასტოფორიუმია (სადიაკვნე და სამკვეთლო). პასტოფორიუმები საკურთხეველს გასასვლელებით უკავშირდება. სამივე ნავი ნახევარცილინდრული კამარითაა გადახურული. ინტერიერი მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა. საკურთხევლის წინ, აღმოსავლეთის ბურჯებს შორის, რიყის ქვითა და შირიმით ნაგები ექვსწახნაგა ფორმის ნაგებობაა, რომელიც ჯვრის პოსტამენტს წარმოადგენს. პოსტამენტის წიბოები ლილვოვანია, აღმოსავლეთ და დასავლეთ წახნაგებზე კი ქვის საფეხურები აქვს მიშენებული. აფსიდსა და პასტოფორიუმების აღმოსავლეთ კედლებში თითო სარკმელია გაჭრილი. ტაძრის ფასადები სადაა. სარკმლები მარტივი, ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმის სათაურითაა შემკული. სამხრეთის შესასვლელის ბალავრის ქვაზე ნახევარწრიული თაღია ამოკვეთილი. დასავლეთის შესასვლელს სადა, თაღოვანი მოჩარჩოება აქვს, რომელიც ორი ლილვითა და მათ შორის მოქცეული, ოდნავ ამოზნექილი გლუვი ზედაპირითაა შექმნილი, თაღში ტოლმკლავა რელიეფური ჯვარია ჩასმული. გარშემოსავლელის სამხრეთ ნაწილის აღმოსავლეთ ბოლოში აფსიდიანი პატარა სამლოცველოა გამოყოფილი. ფასადებს თაროს, ლილვისა და წრეთარგისგან შექმნილი ლავგარდანი ასრულებს. გარშემოსავლელის სამხრეთ ნაწილში, ტაძრის შესასვლელის წინ, პილასტრბითა და მათზე დაყრდნობილი თაღებით პატარა კვადრატული სივრცე ყოფილა გამოყოფილი, რომელიც კარიბჭის დანიშნულებას ასრულებდა. ეკლესია ნაგებია თანაბარი ზომის რიყისა და ნატეხი ქვის სწორხაზოვანი რიგებით, კედლებში სიმაგრისათვის ხის ძელები დაუტანებიათ. გარეთა კუთხეები, კარ-სარკმლის ღიობები, ლავგარდანი და ცალკეული კონსტრუქციული ელემენტები (ბურჯები, საბჯენი თაღები, იმპოსტები) სუფთად დამუშავებული შირიმითაა გამოყვანილი.

 

ჟალეთის სანათლავი და სტელა

ჟალეთის ბაზილიკაში, 1960-იან წლებში, გაწმენდითი სამუშაოებისას აღმოჩნდა ადრეული შუა საუკუნეების სანათლავი, რომელიც ორი მხრიდან რელიეფებითაა შემკული. იგი მთლიან ქვიშაქვაშია გამოკვეთილი. სანათლავის ერთ წახნაგზე ნათლისღების სცენაა გამოსახული, რომელიც სამი მხრიდან მცენარეული ორნამენტული არშიითაა შემოფარგლული. კომპოზიციის ცენტრში წელამდე წყლით დაფარული ქრისტეს შიშველი ფიგურაა, მარცხნივ იოანე ნათლისმცემლის გამოსახულებაა, მარჯვნივ კი – ორი ანგელოზი. ქრისტეს თავს ზემოთ მტრედის გამოსახულებაა რომელსაც ნისკარტით გვირგვინი უჭირავს. სანათლავის მეორე, უფრო მოგრძო წახნაგის მხოლოდ სამი მეოთხედი ნაწილია დეკორირებული, დანარჩენი არე სრულად სადაა. მორთულობა ორი კომპოზიციისგან შედგება, რომლებსაც პირველი გვერდის ანალოგიური მცენარეული არშია აქვს შემოვლებული. ორნაწილიანი კომპოზიციის მარცხენა ნაწილში ფრონტალურად მდგომი სამი ფიგურაა გამოსახული, მარჯვნივ კი – ტოლმკლავა, ბოლოებგაფართოებული ჯვარი, რომელიც პატარა პოსტამენტს ეყრდნობა. ორივე კომპოზიციაში ჩართულია ასევე ვარდულები. ყველა კომპოზიცია დაბალი რელიეფითაა შესრულებული, სიბრტყობრივ – გრაფიკულად. 
ჟალეთის ქვასვეტი ოთხივე მხრიდან რელიეფებითაა შემკული. მის წინა მხარეს წმინდა სტეფანეს ფრონტალური ფიგურაა გამოსახული (მას ერთ ხელში წიგნი უჭირავს, მეორე ხელში კი – საცეცხლური), ვარდულებთან და წარწერასთან ერთად, აქ ამოკაწრულია წარწერა – წმინდა სტეფანე. ქვასვეტის გვერდითი სიბრტყეებზე გრაფიკული ხასიათის გეომეტრიული გამოსახულებებია განლაგებული. გარდა გეომეტრიული ორნამენტებისა, ერთ გვერდზე გამოსახულია წაგრძელებულყელიანი ფრინველი, მეორე გვერდზე კი – დიდი ზომის ვარდული. სვეტის მორთულობა შესრულებულია დაბალი რელიეფით.

 

 

იხილეთ სამნავიანი ბაზილიკები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *