ვეძისხევის სამეკლესიიანი ბაზილიკა

ვეძისხევის სამეკლესიიანი ბაზილიკა

ვეძისხევის სამეკლესიიანი ბაზილიკა კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში მდებარეობს, ისტორიული სოფელი ვეძისხევის ტერიტორიაზე. იგი VI საუკუნით თარიღდება. ტაძარი აზიდული, დახვეწილი პროპორციებით ხასიათდება. ადრეული შუა საუკუნის ბაზილიკების მსგავსად, აქაც იგრძნობა სწრაფვა ცენტრულობისკენ, არ არის ხაზგასმული სიგრძივი ღერძი. მთავარი ნავი დაახლოებით ორჯერ მაღალია გვერდითა ნავებთან შედარებით, ეს კონტრასტი სასიამოვნო დინამიურობას, მკვეთრად გამოხატულ ფორმებს ქმნის. ძეგლი მძიმე მდგომარეობაშია, ტაძრის სახურავები დაფარულია ბალახითა და ხეებით, რაც მუდმივად აზიანებს მას და გადახურვის ჩამოქცევის საფრთხეს ქმნის. ვეძისხევის სამეკლესიიანი ბაზილიკა ადრეული შუა საუკუნეების ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია და აუცილებლად საჭიროებს სასწრაფო ყურადღებას. ტაძარი სამეკლესიიან ბაზილიკას წარმოადგენს. მთავარი ეკლესია გვერდითა ეკლესიებთან შედარებით, უფრო მაღალი და განიერია. შესასვლელი ორია – დასავლეთითა და სამხრეთით. მთავარი ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდის კონქის თაღი ნალისებრი მოხაზულობისაა და რიყის ქვის თაროსებრ იმპოსტებს ეყრდნობა. ნალისებრი ფორმისაა კამარაც, რომელიც ორ განიერ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ჩრდილოეთის ეკლესიას სწორკუთხა საკურთხეველი აქვს, სამხრეთისას კი აფსიდალური (ნალისებრი მოხაზულობის). შუა ეკლესიის სამივე კედელს მთელ სიგრძეზე ჩამოსაჯდომი საფეხური გასდევდა, რომელიც ნაწილობრივაა შემორჩენილი. დარბაზის ნალისებრი კამარა ორ განიერ საბჯენ თაღს ეყრდნობა. მთავარი დარბაზი ერთი აღმოსავლეთისა და ორი სამხრეთის სარკმლით ნათდება. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო სწორკუთხა ნიშია. ცენტრალური ეკლესია გვერდითა ეკლესიებს გასასვლელებით უკავშირდება, ორივე კარი შიგნიდან ნალისებრთაღიანია, გვერდითა ეკლესიების მხრიდან კი – სწორკუთხა. სამხრეთის ნავის სამხრეთ კედელი მრგვალ ბურჯზე გადაყვანილი ორი ნალისებრი თაღითაა გახსნილი, რომელიც ამჟამად ამოშენებულია. გვერდითა ეკლესიები ნალისებრი მოხაზულობის კამარებითაა გადახურული, რომლებიც შეკიდულ თაღებს ეყრდნობა. ტაძრის ინტერიერიცა და ექსტერიერიც შელესილი ყოფილა, ფასადებზე ნალესობის მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. ფასადები ნატეხი ქვით ნაწყობი, ორსაფეხურიანი ლავგარდნით სრულდებოდა. ეკლესია ნაგებია ნატეხი და რიყის ქვის შერეული წყობით. ნაგებობა გადახურული იყო ბრტყელი და ღარიანი კრამიტით. ვეძისხევის სამეკლესიიან ბაზილიკასთან ახლოს ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ვეძისხევის გვიანი შუა საუკუნეების კომპლექსი და ბარცანას ეკლესია.

 

 

იხილეთ ე. წ. სამეკლესიიანი ბაზილიკები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *