ვეძისხევის გვიანი შუა საუკუნეების კომპლექსი

ვეძისხევის გვიანი შუა საუკუნეების კომპლექსი

ვეძისხევის გვიანი შუა საუკუნეების კომპლექსი კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდასთან მდებარეობს. იგი ნასოფლარ ვეძისხევის ტერიტორიაზე განლაგებულ რამდენიმე ნაგებობას წარმოადგენს და XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება. სოფელი ვეძისხევიდან მოსახლეობა XIX საუკუნეში აიყარა და მეზობელ სოფელში – შილდაში გადასახლდა, გახშირებული შემოსევების გამო. ისტორიული წყაროებიდან ჩანს, რომ ვეძისხევი XII ს-ში უკვე დიდი სოფელი იყო. კომპლექსის გარშემო ტერიტორიას ეტყობა მჭიდრო დასახლების არსებობის კვალი. ვეძისხევის გვიანი შუა საუკუნეების კომპლექსი მოიცავს ორ დარბაზულ ეკლესიასა და ორ კოშკს.
ვეძისხევის დიდი ეკლესია XVIII საუკუნის უაფსიდო, დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. ტაძრის კამარა ჩანგრეულია, იგი პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობოდა. ნაგებობას ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. დარბაზის გრძივი კედლები, მარტივი პილასტრების ორი წყვილითაა დანაწევრებული. კამარის ქუსლი კედლიდან მცირედით წინაა წამოწეული და მთელ სიგრძეზე მცირე საფეხურს ქმნის. პილასტრების აღმოსავლეთ წყვილითა და მათზე გადაყვანილი საბჯენი თაღით, ნავში, საკურთხევლის სივრცე იყო გამოყოფილი. დარბაზს შემორჩენილი აქვს აღმოსავლეთის ერთი და გრძივი კედლების ორ-ორი სარკმელი, სავარაუდოდ ერთი სარკმელი დასავლეთის კედელშიც უნდა ყოფილიყო. ეკლესია ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით, სარკმლები, პილასტრები, საბჯენი თაღები და კამარა კვადრატული აგურით არის ამოყვანილი. ნაგებობა ძალიან დაზიანებულია, ჩამონგრეულია დასავლეთ კედელი, თაღები და კამარა.
ვეძისხევის მცირე ეკლესია XVI-XVIII საუკუნეების დარბაზული ნაგებობაა. იგი ორ სამშენებლო ფენას მოიცავს. თავიდან ეკლესია ნახევარწრიულაფსიდიანი ყოფილა, მოგვიანებით კი აღმოსავლეთით აფსიდის ნახვლად სწორი კედლით შემოუზღუდავთ. შესასვლელი ერთია – დასავლეთიდან, იგი გარედან შეისრულთაღოვანია, შიგნიდან კი – სწორკუთხაა. დარბაზი აღმოსავლეთისა და დასავლეთის თითო სწორკუთხა სარკმლით ნათდება, როგორც ჩანს კიდევ ერთი სარკმელი იყო სამხრეთ კედელში. ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. ტაძრის კამარა და ნაწილობრივ კედლებიც დანგრეულია.
ვეძისხევის I კოშკი XVII_XVIII საუკუნეების ოთხსართულიანი ნაგებობაა, რომელიც ზევითკენ მცირედით ვიწროვდება. კოშკს შესასვლელი დასავლეთიდან, მეორე სართულის დონეზე აქვს, იგი გარედან თაღოვანია, აგურით გამოყვანილი, შიგნიდან კი ფიცრული გადახურვა ჰქონდა. პირველი სართული სანახევროდ ნანგრევებითა და მიწითაა ამოვსებული. მეორე სართულზე აგურით ნაწყობი, გეგმით ნახევარწრიული, შეისრულთაღიანი ბუხარია. ყველა სართულზე გვხვდება შეწყვილებული და ცალმაგი სათოფურები, მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე თახჩებიც არის. მეოთხე სართულზე სარკმელია გაჭრილი. ამ სართულის კედლები ნაწილობრივ დანგრეულია. კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და აგურით. ფასადები 2-3 მ-ის სიმაღლეზე ბათქაშით არის გასწორებული, ზემოთა ნაწილი შეულესავია და საპირე ქვებიც უფრო წვრილია.
ვეძისხევის II კოშკი XVII-XVIII საუკუნეების ნაგებობაა, რომელიც სამი სართულის დონეზეა შემორჩენილი. კოშკი ზევითკენ მცირედით ვიწროვდება. შესასვლელი დასავლეთიდანაა, პირველი სართულის დონეზე. კედელი, კარის ადგილას, დანგრეულია და შესასვლელის თაღის ქუსლების და სამხრეთ წირთხლის მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი. ამავე სართულზე მოწყობილია თაღოვანი ბუხარი. სამივე სართულზე გაჭრილია შეწყვილებული და ცალმაგი სათოფურები. მესამე სართულის კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი დანგრეულია. მესამე სართულზე, გარდა სათოფურებისა, გვხვდება ნიშები და სარკმლისა და კარის ღიობები. კარი ხის ძელებზე დაყრდნობილ ღია აივანზე გადიოდა. კოშკი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით, კედლების ზედაპირი შებათქაშებულია.
ვეძისხევის გვიანი შუა საუკუნეების კომპლექსთან ახლოს შეგიძლიათ მოინახულოთ ვეძისხევის სამეკლესიიანი ბაზილიკა და ბარცანას ეკლესია.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *