კასპის ახალქალაქის ციხე-გალავანი

კასპის ახალქალაქის ციხე-გალავანი

კასპის ახალქალაქის ციხე-გალავანი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მდებარეობს. ძეგლი XVII საუკუნით თარიღდება. კომპლექსი მოიცავს: გალავანს, ღვთისმშობლის ეკლესიასა და სამრეკლოს. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ახალქალაქი „ვენახ-ხილით ნაყოფიერ“ სააგარაკო ადგილს წარმოადგენდა. აქ გადიოდა თრიალეთ-მანგლისისა და შიდა ქართლის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი გზა. ისტორიულ წყაროებში ახალქალაქი პირველად XVII საუკუნის დასაწყისში იხსენიება, 1906 წელს ქართლში ყირიმელ თათართა შემოჭრასთან დაკავშირებით. ამ დროს იგი ჯერ ქალაქი არ იყო. ახალქალაქის გაქალაქება და ციხე გალავნის აგება ქართლის მეფე როსტომისა და მისი მეუღლის – მარიამ დადიანის სახელს უკავშირდება. ახალქალაქის ღვთისმშობლის ეკლესიის კედლებზე შემონახული წარწერა გვამცნობს, რომ ირანში შაჰ-სეფის ყაენობის დროს, როსტომსა და მარიამ დედოფალს თეძამის ნაპირას ქალაქი გაუშენებიათ, რომლისთვისაც მეფის ქალაქი უწოდებიათ, მათ ასევე დაუარსებიათ მონასტერიც. ახალქალაქის მოურავები თარხნიშვილები იყვნენ, რომლებიც მთლიანად დაეპატრონნენ ქალაქს სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ. XIX საუკუნის დასაწყისიდან ახალქალაქი ქალაქად აღარ იხსენიება.

 

არქიტექტურა

კასპის ახალქალაქის ციხე-გალავანი საკმაოდ დიდი ზომის კომპლექსია და მოიცავს: გალავანს, ღვთისმშობლის ეკლესიასა და სამრეკლოს. გალავანს უსწორო ოთხკუთხედის მოხაზულობა აქვს. ციხის ყველა კუთხეში ცილინდრული კოშკია ჩართული. კოშკები სხვადასხვა ზომისანი არიან. ყველაზე უკეთესად შემონახულია ჩრდილო-აღმოსავლეთის ოთხსართულიანი კოშკი. შესასვლელი დასავლეთიდანაა, პირველი სართულის დონეზე. მისი პირველი სართული ყრუა და სამეურნეო დანიშნულებისაა. მეორე და მესამე სართულებზე თითო ბუხარი და სათოფურებია მოწყობილი, მეოთხე სართული საბრძოლო ბანია. სართულშუა გადახურვა კოჭოვანი იყო. კოშკს შემორჩენილი აქვს ქონგურების ფრაგმენტები და ხის კოჭების ბუდეები. შედარებით უკეთაა შემონახული ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკი, შემორჩენილია ორი სართული. კოშკის შესასვლელი პირველი სართულის დონეზეა გაჭრილი. პირველ სართულზე ორი ნიშია, მეორე სართულზე ხუთი სათოფური მოწყობილი. ციხე-დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სწორკუთხა ნაგებობის ნაშთია, რომელიც სავარაუდოდ სასახლე უნდა ყოფილიყო. ციხე-გალავანი ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. გალავნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გამოყოფილია დაბალი გალავნით შემოსაზღვრული ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი. ციხე-გალავნის გარშემო შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების საცხოვრებელი სახლები.

ახალქალაქის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი ორია – დასავლეთიდან და სამხრეთიდან. სამხრეთის შესასვლელს თაღებით გახსნილი კარიბჭე აქვს მიშენებული. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევრადწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურითაა შემაღლებული. აფსიდის ორივე მხარეს თითო ვიწრო და ბნელი სათავსია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც პილასტრებზე გადაყვანილ ორ თაღს ეყრდნობა. აფსიდის შუაში თაღოვანი სარკმელია, სარკმლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით თითო სწორკუთხა ნიშია. კიდევ ერთი სარკმელი ჩრდილოეთ კედელშია, ორ-ორი კი – სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში. ყველა სარკმელი და შესასვლელი თაღოვანია. ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია აგურიც, შესასვლელებს აქვს თლილი ქვის საპირეები. ტაძარს ჩრდილო-დასავლეთიდან მიშენებული აქვს ორსართულიანი სამრეკლო, რომელშიც მხოლოდ ეკლესიიდან შეიძლება მოხვედრა. პირველი სართული გადაკეთებულია სამლოცველოდ. სამრეკლოს თავდაპირველად ორი შესასვლელი ჰქონია – დასავლეთითა და ჩრდილოეთით, ორივე სარკმლებადაა გადაკეთებული. ოთხივე კედელზე თითო დეკორატიული თაღია. ჩრდილოეთ კედელში მოზრდილი ნიშია. ორი ნიში სამხრეთ კედელშიც არის. პირველი სართული გადახურულია აგურის გუმბათით. მეორე სართული რვამალიანი, თაღებით გახსნილი ფანჩატურია. ფასადის მხრიდან თაღებს ლილვი აქვს შემოვლებული. დასავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე, ქართული მხედრული წარწერაა (არ იკითხება). სამრეკლო ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *