კასპის აკლდამები (კასპის ნეკროპოლი)

კასპის აკლდამები შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ქალაქ კასპის დასავლეთით 1 კმ-ში. კომპლექსი გვიანი ანტიკური ხანით, I-III საუკუნეებით თარიღდება და იგი ერთადერთი კლდეში ნაკვეთი ნეკროპოლია საქართველოში. კლდეში ნაკვეთი აკლდამები გვხვდება უძველეს სახელმწიფოებში, როგორიცაა: ეგვიპტე, ასურეთი, ურარტუ, მცირე აზიის ქვეყნები და სხვა. ქვაბულებში თარო-სარეცლები სხვადასხვა მხარესაა მიმხრობილი, რაც დაკრძალვის არაქრისტიანულ წესზე მეტყველებს. კასპის აკლდამები მაზდეანურ სამყაროს უკავშირდება, ასეთი სარეცლები, როგორიც აღნიშნულ სათავსებში გვხვდება მხოლოდ მაზდეანობისთვისაა დამახასიათებელი. არქეოლოგიური ძეგლი 10-15 მეტრის სიმაღლის კირქვის კონცხებში გამოკვეთილ გამოქვაბულთა ცალკეულ ჯგუფებს წარმოადგენს. ისინი გამოჭრილია ლითონის ოთხწახნაგა, წაწვეტებული იარაღით, მიწის დონიდან დაახლოებით 3-5 მეტრის სიმაღლეზე. კომპლექსი ძალიან დაზიანებულია, საფასადო ნაწილი თითქმის ყველას ჩამოშლილი აქვს. თავდაპირველად აქ 30-მდე ქვაბი უნდა ყოფილიყო გამოკვეთილი, თუმცა დღეისათვის რამდენადმე სრულად შემორჩენილია 4 აკლდამა, აქვე გვხვდება ათამდე აკლდამის ნაშთი. სამი ქვაბი ერთ კონცხშია განლაგებული. მათ შორის ორი გეგმით კვადრატს უახლოვდება და შეისრული კამარისებური ჭერი აქვთ. ორივე სათავსის დასავლეთიდა და ჩრდილოეთის კედლებში კუთხეებმომრგვალებული ნიში-თაროებია გამოკვეთილი. მათი შესასვლელები გარედან მარტივად ჩაჭრილი ჩარჩოთია შემკული. ასეთივე კარიბჭე აქვს მესამე ქვაბსაც, თუმცა აქ ნიში-თაროები არ არის. I, II და III სათავსები მოგვიანებით გაუერთიანებიათ, რაზეც საჭრეთლის განსხვავებული კვალი მეტყველებს. ერთ-ერთი სანახევროდ შემორჩენილი სათავსის შესასვლელი ღიობის ზედა და ქვედა კიდეებში გვხვდება კარის ჩასამაგრებელი ღრმულები. ამ ჯგუფიდან 200 მეტრის მოშორებით მე-4 ქვაბიმდებარეობს. მისი ჭერი ბრტყელია და არც კარიბჭე აქვს. შესასვლელის მოპირდაპირე და მარჯვენა კედლებში გამოკვეთილია, ნიში-თაროები, ერთი თარო ჩაღრმავებულია. ჩანს, რომ დაზიანებამდე და გვიანდელ გადაკეთებამდე ყოველი სათავსის სტრუქტურას თითქმის ერთნაირი გეგმარებითი პრინციპი ედო საფუძვლად. თავისი უნიკალურობით კასპის აკლდამები ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია.

 

 

ერთი კომენტარი პოსტზე - “კასპის აკლდამები (კასპის ნეკროპოლი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *