იდლეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

იდლეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია შიდა ქართლი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლეთში მდებარეობს. იგი VI საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება და საქართველოში თავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათოვან ნაგებობათა ერთ-ერთი ადრეულ ნიმუშია. ხუროთმოძღვრული განვითარების კუთხით, იმავე კატეგორიას მიეკუთვნება ასევე თავისუფალი ჯვრის ტიპის კიდევ ორი ძეგლი – ერელაანთ საყდარი და შიომღვიმის გუმბათოვანი ეკლესია. იდლეთის ნათლისმცემელს, მსგავსად აღნიშნული ძეგლებისა, დიდი ინდივიდუალური მხატვრული ღირებულება არ გააჩნია, თუმცა მიეკუთვნება ეტაპს, რომელიც წინ უსწრებს მხატვრული აყვავების პერიოდს და საინტერესოა გუმბათოვანი თემის ევოლუციის თვალსაზრისით. ძეგლის უმთავრეს თავისებურებას ოთხწახნაგა გუმბათის ყელი წარმოადგენს, მცირედით ჩამოთლილი კუთხეებით. მსგავსი გადაწყვეტა შუა საუკუნეების ქართულ სატაძრო ხუროთმოძღვრებაში სხვაგან არსად გვხვდება. ტაძარი საკმაოდ ტლანქადაა ნაგები, რიყის ქვითა და დაუმუშავებელი ლოდებით. წყობაში ალაგ-ალაგ ჩართულია ფირუზისფერი ქვები. იდლეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია თავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა. გეგმაში მას თანაბარმკლავებიანი ჯვრის მოხაზულობა აქვს. მკლავები გარეთკენ რამდენადმე ვიწროვდება. აღმოსავლეთ მკლავი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, დანარჩენი სამი მკლავი კი სწორკუთხაა.  ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა. გუმბათის ყელის საბჯენი თაღების ქუსლებთან, კუთხეებში მასიური თაროებია დაყოლებული. თაროების დონეზე საბჯენი თაღები მკლავის სიღრმეშია შეწეული, რაც უფრო ფართო კვადრატს წარმოქმნის. კვადრატზე კუბური გუმბათი დგას. გუმბათის ყელის ოთხივე კუთხეში ტრომპებია. მათ საბჯენი თაღები არა აქვთ და ქარგილებითაა ამოყვანილი. ტრომპებზე აყვანილი სიბრტყეები გუმბათის კამარის ქუსლამდე გრძელდება. ამ სიბრტყეების თავზე კუთხოვანი თაროები იქმნება. გუმბათის ყელი ოთხი სეგმენტით შეკრული კამარითაა გადახურული. ტაძარს  აფსიდსა და სამხრეთ მკლავში თითო სარკმელი აქვს, გუმბათის ყელში კი ოთხი სარკმელია, რომელთაგან აღმოსავლეთისა შედარებით ფართო და თაღოვანია, დანარჩენი სამი – სწორკუთხა. გუმბათის დასავლეთ სარკმელი, როგორც ჩანს, მოგვიანებით გაუჭრიათ. ეკლესიისთვის მოგვიანებით დასავლეთიდან სწორკუთხა სათავსი – ე.წ. „საქალებო“ მიუშენებიათ. სათავსის გრძივ კედლებზე სამი წყვილი მასიური პილასტრია, რომლებზეც ცილინდრული კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი. “საქალებოს” ორი შესავლელი აქვს – ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში. ერთადერთი სარკმელი – დასავლეთ კედელშია. ამ მინაშენის აგების დროს ეკლესია შეუკეთებიათ და მისთვის ლავგარდანი შემოუყოლებიათ. ტაძრის ფასადები სადაა, ერთადერთ მორთულობას გუმბათის ყელზე განლაგებული სამი რელიეფური ჯვარი შეადგენს. აღმოსავლეთ ფასადზე გვხვდება ქვა დაზიანებული ასომთავრული წარწერით, რომელზეც იკითზება: ქ. ეკლ. 

განვითარებულ შუა საუკუნეებში ეკლესიის ინტერიერი მთლიანად მოუხატავთ, თუმცა დღესდღეობით მოხატულობის მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. ფრესკები XII საუკუნით თარიღდება. ნახატი მკვეთრი და მკაცრი, ტუმცა მოქნილია, ახასიათებს სიბრტყობრივი დამუშავება და წერის გრაფიკულობა. მხატვრობის კოლორიტი ნაცრისფერისა და მიხაკისფერის რბილ შეხამებაზეა აგებული. გუმბათში გამოსახული ყოფილა “ამაღლების” კომპოზიცია, რომლისგანაც შემორჩენილია მოციქულთა ფიგურების ფრაგმენტები გუმბათის ყელში. საკურთხევლის კონქში ვედრების კომპოზიცია იყო განთავსებული, შემორჩენილია ქრისტესა და ღვთისმშობლის ფიგურების ქვედა ნაწილები და ქერუბიმი. საკურთხევლის კედლებზე ეკლესიის მამათა ექვსი ფიგურაა. სამხრეთ მკლავში შემორჩენილია ფრაგმენტი, რომელიც, სავარაუდოდ, იოანე ნათლისმცემლის ცხოვრების ნაწილი უნდა ყოფილიყო. იმავე მკლავში შემორჩენილია კიდევ ორი ფრაგმენტი, რომლებიც, როგორც ჩანს, “ჰეროდეს ნადიმისა” და ნათლისღების კომპოზიციების ნაწილები იყო. ჩრდილოეთ მკლავის კამარაში წმინდანის ფიგურაა, ძალიან ჩამორეცხილი. საკურთხევლის სარკმელი ორი ორნამენტული ზოლითაა შემკული. 

 

 

იხილეთ თავისუფალი ჯვრის ტიპის ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *