კაცხის ტაძარი

კაცხის ტაძარი

კაცხის ტაძარი (კაცხის მონასტერი) იმერეთის მხარეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში მდებარეობს. ძეგლი X-XI საუკუნეებით თარიღდება. იგი აგებულია ბაღვაშთა მიერ და მათ საგვარეულო ტაძარსა და საძვალეს წარმოადგენდა, რის შესახებაც პირველი ზუსტი მითითება დაცულია XI ს-ში ბერად შეყენებული ლიპარიტ ბაღვაშის მიერ (ბერობაში ანტონი) კაცხის ტაძრისთვის შეწირულ მათეს სახარების თარგმანის ანდერძში: “ქ. სახელითა ღვთისაითა მე ანტონი ლიპარიტ ყოფილმან ძემან ლიპარიტისა ე˜ე˜მ˜ნ დავწერე და შევწირნე მათეს თავი სახარებისა თარგმანი კაცხს საძუალესა ჩუენსა წმიდასა ეკლესიასა…”. მსგავს მითითებას ვხვდებით ალავერდის ოთხთავის მინაწერებშიც, სადაც ივანე ლიპარიტის ძე აღნიშნავს: “მოვედ კაცხს, მამულსა ჩუენსა, მონასტერსა წმიდისა ღვთის მშობლისასა, სამარხავსა ჩუენსა”. როგორც ცნობილია, დავით აღმაშენებელმა, ლიპარიტის ქვეყნიდან გაძევების შემდეგ, მის ძეს ივანეს დაუტოვა არგვეთი, რომლის შემადგენლობაში კაცხიც შედიოდა.

ეკლესიის დასავლეთ შესასვლელის ტიმპანზე მოთავსებული წარწერის გათვალისწინებით, ტაძრის მშენებლობა ბაგრატ III-ის მოღვაწეობის ხანაში, კონკრეტულად კი 1010-1014 წლებში (ბაგრატმა კახეთი 1010 წელს, რანი კი 1010-1014 წლებს შორის შემოიერთა), უნდა დასრულებულიყო: “ქ. წმიდაო სამებაო, ადიდე შენ მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფე, ტაოისა, და რანთა, კახთა და ყოვლისა აღმოსავალისა დიდი კურაპალატი”. მშენებლობის დასაწყისი X საუკუნის მიწურულისთვის უნდა ვივარაუდოთ. კაცხის ტაძრის მეორე უძველესი წარწერა ჩართულია ჯვრის ამაღლების კომპოზიციაში, ეკლესიის სამხრეთ წახნაგზე და მოქცეულია სამხრეთ ეკვდერში: “ქ. [უფალო, შეეწიე მონასა] ღმრთისასა, დღესა [მას] დიდსა განკითხვისასა, იოვანე ერისთავთა ერისთავისა ასულსა ცხორებას, ამენ”. წარწერა ნამდვილად გარშემოსავლელის აგების შემდეგ ჩანს გაკეთებული. ტექსტში მოხსენიებული ცხოვრება შესაძლოა იყოს რატის ძის ლიპარიტის მეუღლე ან ლიპარიტის ძის ივანეს ასული. გარშემოსავლელი ძირითადი კორპუსის დასრულებიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ აუგიათ, პირველ შემთხვევაში გარშემოსავლელის აგების ზედა ზღვარი 1048 წელია, მეორე შემთხვევაში კი – XI ს-ის II ნახევარი. XI საუკუნის მოვლენებთან დაკავშირებით “მატიანე ქართლისაიში” გვხვდება ცნობა, რომ 1064 წელს საბერძნეთში გარდაცვლილი ლიპარიტ ბაღვაში ჩამოუსვენებიათ და კაცხში დაუკრძალავთ: “წამოიყვანეს… ერთგულთა და გაზრდილთა მისთა… და დამარხეს კაცხს, სამარხოსა მამათა მათთასა”. ტაძრის ჩრდილოეთ შესასვლელის ტიმპანზე მოთავსებულია გიორგი II-ის წარწერა: “წმიდაო სამებაო, შეიწყალე დიდებული გიორგი მეფეი” (1072-1089 წწ.). XI საუკუნეების წერილობით წყაროებში გვხვდება ასევე ცნობები სხვადასხვა შეწირულობების შესახებ. კაცხის ტაძარში დაცული იყო 1054 წლით დათარიღებული “ალავერდის ოთხთავი”, იოანე ოქროპირის ნათარგმნი სახარება და მრავალი ძვირფასი ნივთი. 

კაცხის ეკლესიის შემდგომი ხანების ისტორიის შესახებ წერილობითი ცნობები უკვე XVI საუკუნეს მიეკუთვნება. კაცხის სიგელთა შორის გვხვდება ცნობები, რომ იავარქმნილი კაცხის მონასტერი იმერეთის მეფე ბაგრატ III-ს აბულასხარ ამირეჯიბისთვის უბოძებია, აბულასხარს მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი აღუდგენია და წინამძღვრად მელქისედეკ მაჭავარიანი დაუყენებია: “პირველად თქუენი ყოვლად პატიოსანი მონასტერი უკეთურთა და განდგომილთა კაცთა მიზეზითა მეფეთაგან იავარ ქმნილი კეთილად ხსენებულსა პაპასა პაპასა ჩუენსა მეფეს ბაგრატს ღმრთის მოყუარის ამირეჯიბის აბულახსარისთვის მიეცა და მას კეთილად და გულსმოდგინედ განეახლებინა” (იმერეთის მეფის გიორგი III-ის 1615 წლის საბუთი); “მოველ ღარიბობიდაღ˜მნ და დამხუდა შენი საყდარი და სამრევლო დაქცეული და ხელვყავ და აღვაშენე და დავდგი საწინამძღუროდ დარბაზები და დავაყენე წინამძღუარი მაჭავარიანი მელქისედეკ. რაც სოფლისგან დამცალდა გავაშენე და შემოგწირე და მოგახსენე შენ მხსნელო ყოველთა ცისა და ქუეყანისა მფლობელო საშინელო მაცხოარო ცხოველსმყოფელო კაცხისაო” (საბუთი სათაურით: “აბულახსარის შეწირული მოდებაძენი მათის საზღურებით”). ტაძრის წარწერიდან და აღნიშნული საბუთებიდან ჩანს, რომ კაცხის ტაძარი თავიდან სამების სახელზე აგებულა, XVI საუკუნიდან კი მაცხოვრის სახელზე ეკურთხა. XVII საუკუნის საბუთების მიხედვით 1627 წლიდან კაცხი აბაშიძეთა მფლობელობაშია და მათი საძვალეა. ტაძარში გვხვდება წითელი საღებავით შესრულებული წარწერა, რომელშიც პაატა აბაშიძე იხსენიება: “ღმერთო და მაც[ხო]ვარო, შენისა [მსახური] [ ]ალე სვიმონსა ცოდვანი მისნი [ ]უნდევ და [პატა] აბაშიძეს გაუ[მარჯვე] და განაძლიერე, ამინ”. 1769 წელს სოლომონ I-ს აბაშიძეთათვის მამულები ჩამოურთმევია (ჩანს, მათ შორის იყო კაცხიც), მის მემკვიდრეს – დავითს 1790 წელს კვლავ დაუბრუნებია, სოლომონ II-ს კვლავ წაურთმევია და საუფლისწულოდ გამოუცხადებია, 1804 წელს კი მეფემ “საუფლისწულო კაცხი” სოლომონ ლეონიძეს უბოძა. XIX საუკუნეში კაცხი უკვე ლეონიძეთა ხელშია. ეკლესიის ინტერიერსა და ფასადებზე შემორჩენილია ბერძნული წარწერები, რომელთა შორის არის გუმბათის ფასადზე მოთავსებული თარიღიანი ლაპიდარული წარწერა: “…კაცხისა შეიწყნარე. 1854”. წარწერა ერთ-ერთი უკანასკნელი კაპიტალური შეკეთებისასაა გაკეთებული. 1854 წლის რემონტმა, რომელზეც ბერძენი ოსტატები მუშაობდნენ, გუმბათის ყელისა და ტაძრის კორპუსის ორნამენტაცია იმსხვერპლა. 

კაცხის ეკლესიის შენობის შესახებ პირველი ცნობები დიუბუას ეკუთვნის. მისი შესრულებული ნახაზები მცდარია, თუმცა 1854 წლის რესტავრაციამდეა გაკეთებული და გარკვეულ ცნობებს გვაწვდის პირვანდელი საფასადო დეკორაციის შესახებ. პირვანდელ ორნამენტაციაზე მეტად დამაჯერებელ მასალას გვაწვდის მუსლოვის ნახაზები ბროსეს ატლასში, რომლებიც 1848 წლის მდგომარეობას ასახავს. ამ ნახაზების მიხედვით, გუმბათის ყველა სარკმელი მოჩუქურთმებულ ფართო საპირეშია ჩასმული, უხვად ყოფილა შემკული ასევე აფსიდის სამი სარკმლის კომპოზიცია. დიუბუასა და მარი ბროსეს ექსპედიციების შემდეგ დაკარგულა ასევე აფსიდის ფასადზე მოთავსებული ფილა წარწერით: “წმიდაო სამებაო, მოიხსენე წყალობით სული ჯიკუაისძისა, ამის ეკლესიისა მოძღურისა, ამენ”. 

 

ძეგლის აღწერა

კაცხის ტაძრის კომპლექსი (კაცხის მონასტერი) მოიცავს გუმბათოვან ეკლესიას, გალავანსა და სამრეკლოს. კაცხის ტაძარი მრავალაფსიდიან ტაძართა ჯგუფს მიეკუთვნება (ბოჭორმა, გოგიუბა, ოლთისი, კიაღმის ალთი, ნოჯიხევი) და იგი საქართველოში ამ ხუროთმოძღვრული ტიპის ყველაზე გვიანდელი ნიმუშია. კაცხის ეკლესიის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული გადაწყვეტა ყურადღებას იმსახურებს ევოლუციური თვალსაზრისით, როგორც ცვალებადობათა პროცესის თავისებური გამოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია X საუკუნის მრავალაფსიდიან ტაძართა ჯგუფში ეწერება, იგი ახალი ეპოქისთვის (XI ს-ის) სახასიათო მრავალ ნიშანს ატარებს. ამ ტიპის სხვა ნაგებობებისგან განსხვავებით, კაცხის ტაძრის მთავარ ნაწილს გარშემოსავლელი ეკვრის. გარშემოსავლელი ეკლესიის აგებიდან დაახლოებით სამი ათწლეულის შემდეგაა მიშენებული, თუმცა სავარაუდოა, რომ მისი არსებობა თავიდანვე გათვალისწინებული იყო. კაცხში ქრება საფასადო ნიშები (სწორედ ამის გამო ითვლება, რომ გარშემოსასვლელის აგება თავიდანვე ჰქონდათ მიზნად), რაც დამახასიათებელი იყო წინა პერიოდის მსგავსი ძეგლებისთვის, სამაგიეროდ აფსიდებს შორის ხუროთმოძღვარი მცირე სამლოცველოებს ათავსებს. ახალი ეპოქისთვის სახასიათოა ასევე დეკორატიული თაღებისა და უხვი მორთულობის გამოყენება და პროპორციების აზიდულობა (მორთულობა დიდწილად განადგურდა 1854 წლის რესტავრაციისას). კაცხის ტაძრის მორთულობა, როგორც შესრულების ტექნიკით, ასევე მხატვრული თვალსაზრისით, სრულად მომწიფებულია და თავისი ეპოქის ერთ-ერთ შესანიშნავ ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

კაცხის ტაძარი გეგმით მრავალწახნაგაში ჩაწერილ ექვსაფსიდიან ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც სამი მხრიდან გარშემოსავლელი ეკვრის. შესასვლელი სამია – დასავლეთით, სამხრეთ-დასავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით. დასავლეთის შესასვლელს ტიმპანი აღარ აქვს, დანარჩენ ორში კი ტიმპანი გარედანად გამოყოფილია და შიგნიდანაც. სამხრეთ-დასავლეთის შესასვლელის კვადრატული არე ვარსკვლავისებური კამარითაა გადახურული. საკურთხევლის აფსიდი დაგრძელებულია ბემით (დანარჩენი ხუთი აფსიდი უბემოა), ძირითადი გარშემოწერილობიდან მცირედით შვერილია და ექსტერიერში ხუთწახნაგაა. გარე მასებში ნაგებობა საფეხურებად განლაგებული სამი კონცენტრული, წახნაგოვანი მოცულობისგან შედგება: გარსშემოსავლელი, ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი. სამივე საფეხურის თითოეული წახნაგი, გარდა საკურთხევლის აფსიდის ნაწილისა, ფრონტონით სრულდება, რაც ხერხულა ლავგარდანს ქმნის და გადახურვა ნახევრადდაკეცილ ქოლგას ჰგავს. ეს თავისებურება დეკორატიულ ეფექტს აძლიერებს. ინტერიერში გუმბათქვეშა სივრცის გარშემო აფსიდები რადიალურადაა განლაგებული. აფსიდების შეხვედრის კუთხეებში ნახევარწრიული პილასტრებია აყოლებული, რომლებიც პროფილირებული კაპიტელებით სრულდება. კაპიტელთა პროფილები აფსიდების სიღრმეშიც გადადის კარნიზისებურად. თავისებურია პილასტრების ბაზისები, ისინი პილასტრის გარკვეულ სიმაღლეზე შემოყოლებული ორმაგი სალტის სახითაა წარმოდგენილი. გუმბათქვეშა სივრცე ექვსწახნაგაა. ექვსწახნაგადან გუმბათის წრეზე გადასვლა ბრტყელი ტრომპების ორი რიგით ხორციელდება. საკურთხეველში სამი სარკმელია, დანარჩენ აფსიდებში – თითო, გუმბათში კი – თორმეტი. გუმბათის სარკმლებს ზემოთ მსუბუქი თაღედი ევლება. თაღებს შორის კიდევ ერთი რიგი ტრომპებია. საკურთხეველი, დარბაზის იატაკის დონესთან შედარებით, ერთი საფეხურითაა ამაღლებული. საკურთხევლის აფსიდის კედლებში ორი თაღოვანი თახჩაა. აფსიდებს შორის, კედლის სისქეში ხუთი მინიატურული კამერაა მოთავსებული, ორი მათგანი წრიულია, ორი – სროტკუთხა, აღმოსავლეთის აფსიდით, ერთი კი – ოვალური. საკურთხევლის ჩრდილოეთით მდებარე კამერას შესასვლელი დასავლეთიდანაც აქვს და საკურთხევლიდანაც, მას სამკვეთლოს ფუნქცია ჰქონდა, დანარჩენ სათავსებს კი თითო შესასვლელი აქვთ. სამკვეთლოს ერთი მრგვალი სარკმელი აქვს. გარშემოსავლელის სამხრეთ ნახევარი ღია თაღოვან გალერეას წარმოადგენდა, ჩრდილოეთ ნაწილი კი დახურულს ეკლესიის მხრიდან შესასვლელით. გალერეის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში აფსიდალური კაპელებია მოწყობილი. სამხრეთ კაპელის აფსიდის წინა კვადრატული არე ვარსკვლავისებური კამარითაა გადახურული. სამხრეთის ეკვდერის აფსიდში შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების (სავარაუდოდ XVII-XVIII სს.) მოხატულობის ფრაგმენტები. კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, მეორე რეგისტრში წმ. სტეფანე, წმ. ნიკოლოზი და კიდევ ორი ფიგურა, რომელთა სახელები აღარ განირჩევა. წმინდა მამებს ხელში ბერძნულ წარწერიანი გრაგნილები უჭირავთ. 

ტაძრის ძირითადი კორპუსის საფასადო მორთულობა თითქმის სრულად განადგურებულია, მთელი ზედა ნაწილის და გუმბათის ყელის პერანგი შეცვლილია. გარსშემოსავლელის ინტერიერში (ტაძრის ზირითადი ნაწილის ფასადზე), ერთ-ერთი კამერის მრგვალი სარკმლის გარშემო, პლასტიკური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია შემონახული – მოჩუქურთმებულ მრგვალ ჩარჩოში ჩასმული ჯვრის ამაღლების რელიეფი. ამ რელიეფის მხატვრული გადაწყვეტა და დამუშავების ხასიათი დიდ სიახლოვეს ამჟღავნებს ნიკორწმინდის ჯვრის ამაღლების კომპოზიციასთან, მიიჩნევა რომ ეს რელიეფები ერთ ოსტატს ან ერთ სახელოსნოს უნდა ეკუთვნოდეს. სამხრეთ-დასავლეთის შესასვლელის ერთ მხარეს, პილასტრის კაპიტელზე, ლომის თავის გამოსახულებაა მოთავსებული, მეორე მხარეს კი – მესვეტის მკერდამდე ფიგურა. იმავე შესასვლელის ტიმპანს დიდი ორნამენტული კომპოზიცია ამკობს, მთლიანად შესასვლელს კი მოჩუქურთმებული ჩარჩო აქვს შემოვლებული. კაცხის ტაძრის ფასადის ერთი რელიეფური ფილა ლომის მონუმენტური, მოცულობითი გამოსახულებით ამჟამად გალავნის კედელშია ჩასმული. ჩრდილო-დასავლეთის შესასვლელის ტიმპანზე განედლებული ჯვრისა და ლომების გვიანდელი რელიეფებია. ბევრად უკეთ არის შემორჩენილი გარშემოსავლელის დეკორი. გარშემოსავლელს დეკორატიული თაღედი შემოსდევს, რაც ძალიან სახასიათოა XI საუკუნეში. თაღედის ლილვები, ბაზისები და კაპიტელები მოჩუქურთმებულია. ჩუქურთმები ამკობს ასევე პორტალებსა და სარკმლებს. ლავგარდანი ფოთლოვანი დეკორითაა გაფორმებული. კაცხის ტაძრის მთავარი ნაწილის ჩუქურთმები ჯერ კიდევ ნაკლებად პლასტიკურია, უფრო ინტიმური ხასიათისა და არა მონუმენტური, ჭრა ირიბია, მხოლოდ მსუბუქი ჩრდილებია და არა ვარდნილი. ამგვარი შესრულების ყველაზე ახლო პარალელს ეხვევის ეკლესიის მორთულობა წარმოადგენს. ვ. ბერიძე მიიჩნევს, რომ კაცხის პირველი ფენისა და ეხვევის ჩუქურთმები ერთ ოსტატს შეიძლება მიეწეროს. გარშემოსავლელის ჩუქურთმები კი უკვე უფრო მძლავრი, ღრმა და პლასტიკური, ვერტიკალური ჭრით (ამ ფენას მიეკუთვნება ჯვრის ამაღლების რელიეფიც). კაცხის ტაძრის ჩუქურთმებში იკვეთება ეპოქათა შორის განსხვავება და ახალ ტენდენციებზე გადასვლა. 

სამრეკლო, რომელიც გალავანში შესასვლელ კარიბჭესაც წარმოადგენს (ამჟამად გალავანში შესასვლელი ჭიშკარი სხვა ადგილასაა ჩართული), ხუთწახნაგა გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში დგას. იგი გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება (სავარაუდოდ XVI-XVII სს.) შენობის პირველი სართული კუბური მოცულობაა, ყრუ კედლებით, რომლის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში შესასვლელებია გაჭრილი (გალავანში შესასვლელი კარიბჭე). ჩრდილოეთ კედელში ბუხარია მოწყობილი, სამხრეთ კედელში კი – თახჩა. მეორე სართული შედარებით დაბალია და სათოფურებითაა აღჭურვილი, აქვს სარკმლებიც. მესამე სართული რვაწახნაგა ფანჩატურს წარმოადგენს და უშუალოდ ზარებისთვისაა განკუთვნილი. სამრეკლოს კუბური ნაწილი ქვაყორითაა ნაგები, კუთხეები ამოყვანილია უხეშად დამუშავებული ქვით, ფანჩატურის ბოძების ქვედა ნაწილები თლილი ქვისაა, ზედა ნაწილები კი – აგურისა.

 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *