ქობთავის ეკლესია

ქობთავის ეკლესია

ქობთავის ეკლესია კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პალდოდან დაახლოებით 1,5-2 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ძეგლი VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს და მაღალი, კოხტა პროპორციებით ხასიათდება. ტაძარი გეგმაში კვადრატულია და არ აქვს ბაზილიკისთვის დამახასიათებელი წაგრძელებული სიგრძივი ღერძი. ძეგლი დაზიანებულია, გარკვეულ ნაწილში წყალიც ჩადის და საჭიროებს ყურადღებას. ქობთავის ეკლესია კახეთის არქიტექტურის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. ნაგებობას ეტყობა გვიანი შეკეთების კვალი, რომლის დროსაც გამოყენებულია აგური. შესასვლელი ორია, ორივე – თაღოვანი. სამხრეთის შესასვლელი მოგვიანებით დაუდაბლებიათ, ჩრდილოეთისა კი ამოშენებულია და დატოვებულია მხოლოდ ლუნეტი. ნავები ერთმანეთისგან ერთი წყვილი ბურჯითა და მათზე გადაყვანილი თაღებითაა გამოყოფილი. ბურჯები მასიურია, მართკუთხა ფორმისა. თაღები აღმოსავლეთით საკურთხევლის კედლებს ეყრდნობა, დასავლეთით კი – მცირედით შვერილ პილასტრებს. თაღების ქუსლებთან სადა პროფილის მქონე იმპოსტებია გამოყოფილი. შუა ნავი, გვერდითა ნავებთან შედარებით, ორჯერ უფრო მაღალი და განიერია. მთავარი ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, გვერდითები კი – უაფსიდო. პასტოფორიუმები გამოყოფილი არ არის. ეკლესიის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებსი თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, თითო სარკმელი აქვს აღმოსავლეთით გვერდითა ნავებსაც. ნავები გადახურულია ცილინდრული კამარებით. ფასადების ერთადერთ მორთულობას წარმოადგენს აღმოსავლეთის სარკმლის გადანაკეცებიანი თაღოვანი თავსართი და ასევე არმოსავლეთ ფასადზე მოთავსებული ორი რელიეფური ჯვარი. კედლებს თაროსებრი ლავგარდანი ასრულებდა. თაძარი მოპირკეთებულია უხეშად გათლილი ქვიშაქვით, თაღებზე გამოყენებულია შირიმი. ნაგებობას ეტყობა გვიანი შეკეთების კვალი, რომლის დროსაც გამოყენებულია აგური და შირიმის წვრილი ქვები. ქობთავის ეკლესიის ჩრდილოეთით, დაახლოებით 200 მეტრსი გამოქვაბულთა კომპლექსია. 

კოორდინატები: Lat: 41.840011°, Lon: 45.116515°. 

 

 

იხილეთ სამნავიანი ბაზილიკები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი 1-III. 2019. თბილისი.

 

რესურსები ინტერნეტში:

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *