მთავართას კომპლექსი

მთავართას კომპლექსი

მთავართას კომპლექსი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუჩაანის მიმდებარედ, მთის წვერზე მდებარეობს. ძეგლი გარდამავალ ხანას უნდა მიეკუთვნებოდეს. კომპლექსი მოიცავს გალავანს, წმ. გიორგის ეკლესიას, საცხოვრებელ და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს. ნაგებობები ორ ჯგუფადაა განლაგებული და თითქმის წრიული მოხაზულობის მძლავრი გალავნითაა შემოფარგლული. ერთ ჯგუფს ეზოს შუაში მდებარე წმ. გიორგის ეკლესია და მასზე სამხრეთიდან და დასავლეთიდან მიშენებული რამდენიმე ნაგებობა შეადგენს, მეორე ჯგუფს კი – ეზოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდგარი ორსართულიანი საცხოვრებელი, რომელსაც აღმოსავლეთიდან ოროთახიანი ნაგებობა ეკვრის. ძეგლი ძალიან დაზიანებულია, შენობები ნანგრევებათაა ქცეული და მიწითა და მცენარეულობითაა დაფარული. მიუხედავად ამისა, მასშტაბურობით, გეგმარებისა და კომპოზიციის თავისებურებით იგი დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. მთავართას კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული ნიმუშია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს კვლევასა და რეაბილიტაციას. მთავართასთან ახლოს შეგიძლიათ მოინახულოთ მზეწვერის კომპლექსი

 

ძეგლის აღწერა

მთავართას კომპლექსი კომპაქტურად განლაგებული სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებისგან შედგება, რომლებსაც წრიული მოხაზულობის გალავანი აქვს შემოვლებული (დიამეტრი 40 მ, სიმაღლე 2.5–3.5 მ, სისქე 1.5 მ). გალავანი ნაგებია ნაწილობრივ დამუშავებული, მოზრდილი ზომის ფლეთილი ქვებით. შესასვლელი ორია – მთავარი შესასვლელი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია, მეორე კი – სამხრეთ-დასავლეთით, ორივე მათგანი არქიტრავულია. მეორე შესასვლელის არქიტრავზე საშუალო ზომის ჯვარია ამოკაწრული. გალავნის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია რამდენიმე საისრე. 

წმინდა გიორგის ეკლესია კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და დარბაზული ნაგებობას წარმოადგენს. ძეგლი ძალიან დაზიანებულია, ჩამონგრეულია კამარა, კონქის უმეტესი ნაწილი და კედლების ზემოთა ნაწილები, მიწით ისეთ სიმაღლემდეა ამოვსებული, რომ შესასვლელის მხოლოდ ზედა მცირე ნაწილი ჩანს. შესასვლელი ერთია – სამხრეთიდან, არქიტრავული. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდში ერთი სარკმელი და მცირე ზომის კვადრატული ნიშია. საკურთხეველი დარბაზისგან სხვადასხვა სიგანის მხრებითაა გამოყოფილი: მათგან ჩრდილოეთისაში ღრმა, თაღოვანი ნიშია მოწყობილი, რომელიც სამკვეთლოს ფუნქციას ასრულებდა. ნიშის თაღის ქუსლებთან შირიმის მარტივპროფილიანი იმპოსტებია გამოყოფილი. ნიშის ზემოთ, კედლის სისქეში, სამალავი იყო, რომელიც ამჟამად ჩაშლილია. დარბაზის გრძივი კედლები ერთი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, რომელსაც კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. ძველი აღწერილობის მიხედვით, დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში მიწყობილია პატარა ღიობი, საიდანაც რამდენიმე საფეხური ეშვება კამაროვან გვირაბში. ამჟამად ეს ღიობი მიწითაა დაფარული და არ ჩანს. ეკლესია ნაგებია კლდის ნატეხი ქვით, გამოყენებულია შირიმიც.

საცხოვრებელი ნაგებობა ეზოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დგას. იგი გეგმაში სწორკუთხა, ორსართულიანი შენობაა, რომლისგანაც შემორჩენილია I სართული და II სართულის ნახევარი. ნაგებობის ჩრდილოეთი კედელი გალავანშია ჩართული. I სართული რამოდენიმე ოთახს შეიცავს. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარე ოთახი იზოლირებულია და აღმოსავლეთიდან დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს ქვის კიბით. ოთახის ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში თითო ვიწრო სარკმელია გაჭრილი. საცხოვრებელი ნაგებობის ჩრდილოეთ კედელში ფართო სწორკუთხა კარია, რომელიც მოზრდილ ოთახში გადის. ეს ოთახი ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი ორი სარკმლით ნათდება, რომლებსაც საფეხურებად დამუშავებული ძირი აქვს. მსგავსი სარკმელი ანათებდა სამხრეთ-დასავლეთ ოთახსაც. პირველი სართულის კედლებში რამდენიმე სწორკუთხა ნიში გვხვდება. მეორე სართულის კედლებისგან მხოლოდ მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. შენობას აღმოსავლეთიდან ოროთახიანი სადგომი ეკვრის, რომელიც თითქმის მთლიანად დანგრეულია. სადგომის ორივე ოთახს დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს მოწყობილი ჩრდილოეთიდან. 

 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი II. 2004. თბილისი. 

 

რესურსები ინტერნეტში:

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *