კოჯრის ციხე (აზეულას ციხე)

კოჯრის ციხე (აზეულას ციხე)

კოჯრის ციხე (იგივე აზეულას ან ქოროღლის ციხე) თბილისში, დაბა კოჯორში მდებარეობს, აზეულას მთის წვერზე, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე. ციხე-სიმაგრიდან ულამაზესი ხედები იშლება. ეს ადგილი შესანიშნავია ბუნებაში განტვირთვისთვის, პიკნიკისთვის. ლამაზი ტყე, მრავალფეროვანი ფლორა, სასიამოვნო ნიავით ავსებული მინდვრები, თვალუწვდენი სივრცეები და უდიდესი ისტორიის მნახველი კოჯრის ციხე, სადაც მეფენი დააბიჯებდნენ და მრავალი ბრძოლაც გამართულა, ნამდვილად შეგაყვარებთ ამ ადგილს.

 

ისტორია

კოჯრის ციხე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია, მას ოდითგანვე მნიშვნელოვანი როლი ეკავა საქართველოს ისტორიაში. კოჯრის ციხეს ადრე აგარათა ციხე ერქვა, რადგან მის მიმდებარე ტერიტორიებს (წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი) აგარები ეწოდებოდა. მოგვიანებით კი ვახუშტი ბატონიშვილი მას აზეულას ციხის სახელით იხსენიებს. სახელწოდება ქოროღლის ციხე კი უფრო მოგვიანებით, XVIII-საუკუნეში გაჩნდა. კოჯრის ციხე იცავდა სომხეთისა და თბილისის დამაკავშირებელ საქარავნო გზას, ამიტომაც მას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა შუასაუკუნეებში. აგარათა ციხე თავისი არსებობის მანძილზე მრავალი შემოსევისა თუ დარბევის მოწმე გამხდარა. “დიდი თურქობისას” (1080წ) იგი მტრის ხელში გადავიდა და მხოლოდ 1118 წელს დაიბრუნა დავით აღმაშენებელმა, რომელმაც ციხე 1123 წელს ივანე ორბელს უწყალობა. 1177წ. ქოროღლის ციხე გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებული დემნა ბატონიშვილის და იოანე ორბელის შეთქმულების ბუდე იყო. მეფე გიორგიმ ციხე იმავე წელს 25 დღიანი ალყის შემდეგ აიღო და მას ამის შემდეგ თამარ მეფესთან ერთად ფლობდა. კოჯრის ციხეში მიიღო თამარ მეფემ შირვან შაჰი შამქორის ბრძოლის წინ. თამარის ერთ-ერთი ისტორიკოსის, ბასილი ეზოსმოძღვრის, მიხედვით თამარ მეფე სწორედ აგარათა ციხეში გარდაცვლილა. აგარანი ძველთაგანვე ქართველ მეფეთა საზაფხულო სადგომად ითვლებოდა, აქ იყო მეფეთა მთავარი საჯინიბოებიც. კოჯრის ციხე XV საუკუნიდან სომხით-საბარათიანოს დიდი ფეოდალის, სოლაღაშვილის საგვარეულო ციტადელი იყო. ციხე-სიმაგრე 1488 წელს იაყუბ-ყაენის მიერ გამოგზავნილმა ლაშქარმა ძალიან დააზიანა. 1795 წელს საქართველოში აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას, ქართველებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწევიათ სპარსი დამპყრობლებისთვის კოჯრის ციხის მისადგომებთან. კოჯრის ციხეს კიდევ ერთი ტრაგიკული ისტორია უკავშირდება, 1921 წელს აქ გაიმართა უკანასკნელი ბრძოლები რუსეთის 11 არმიასა ქართველ იუნკერებს შორის. 1989 წლის 9 აპრილამდე ციხესთან ახლოს, ფერდობზე იდგა მემორიალი წარწერით: „აქ შემოვიდა რუსეთის XI არმია“, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ახალგაზრდებმა გადააგდეს. ამ ადგილას დღეს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალია აღმართული.

 

არქიტექტურა

კოჯრის ციხე ძლიერ სათავდაცვო ნაგებობას წარმოადგენდა. იგი კლდეზეა დაშენებული, რამდენიმე იარუსად. ციხე-სიმაგრე მრავალჯერ გადაკეთებულა, გენერალური გეგმა სამწუხაროდ არ არსებობს. ციხე ნატეხი ქვითა და აგურითაა ნაგები და შელესილია სქელი დუღაბით. დღესდღეობით მხოლოდ გალავნისა და მის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ბოლოებში მდგარი ორი კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. კოშკები მრგვალი ფორმის ყოფილა. კოჯრის ციხის უძველესი ფენა არა უგვიანეს XI საუკუნის II ნახევრით თარიღდება, დღემდე მოღწეული კედლის ფრაგმენტები კი XVI-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება.

 

როგორ მივიდეთ

კოჯრის ციხე დაბა კოჯორში მდებარეობს. ციხე-სიმაგრესთან მიდის სამანქანო გზა, რომლის ბოლო მონაკვეთიც გრუნტის გზაა. კოჯორში დადის ავტობუსი, გაჩერებიდან ციხემდე დაახლოებით 1.5 კმ გექნებათ გასავლელი. 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *