ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესია

ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესია გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მდებარეობს. იგი XIII საუკუნის II ნახევრის დარბაზული ნაგებობაა. ტაძარს გარეთ გამოსული ხუთწახნაგიანი აფსიდი აქვს. აბსიდი ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას, დარბაზი კი – ერთსაფეხურზე. აბსიდის სამ წახნაგზე თითო ფართო და თაღოვანი სარკმელია, ასეთივე სარკმელია გაჭრილი დასავლეთის კედელში. სარკმლებს ორნამენტული, ლილვებით მოჩარჩოებული საპირეები აქვთ. ორნამენტული საპირითაა მოჩარჩოებული ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში გაჭრილი სწორკუთხა სარკმლებიც. ფასადებს თაროსებრი ლავგარდანი შემოუყვება. შესასვლელი ორია, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. დასავლეთის კარს კარიბჭე აქვს მიშენებული. კარიბჭე დასავლეთის მხრიდან შეწყვილებული თაღითაა გახსნილი. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის კარგად გათლილი, მონაცრისფრო კვადრებით, სახურავისთვის გამოყენებულია ორფერდა კრამიტი. ტაძარმა ჩვენამდე გადაკეთებული სახით მოაღწია. შენობას სამშენებლო წარწერა არ გააჩნია, იგი ხუროთმოძღვრებისა და დეკორატიული მორთულობის, სტილისტური ნიშნების ანალიზის საფუძველზე დათარიღდა. ლიხაურის ეკლესია მთლიანად მოხატული იყო. ფრესკები XV-XVI საუკუნეებით თარიღდება. მოხატულობიდან საინტერესო იყო ერისკაცთა ოთხი პორტრეტი. ლიხაურის ფრესკები ჩამოფხიკეს 1990-იანი წლების პირველ ნახევარში მოხატულობის განახლების საბაბით ჩამოფხიკეს და ინტერიერი ხელახლა მოხატეს. ფრესკების ძალიან დაზიანებული ნარჩენები თბილისის სამხატვრო აკადემიაში ინახება და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი აქვს. ძველი მხატვრობიდან ტაძარში ამჟამად მხოლოდ ორი სცენაა შემორჩენილი: გარდამოხსნისა და საფლავის გახსნის. ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესიის დასავლეთით XV საუკუნით დათარიღებული სამრეკლო დგას. იგი ორსართულიანი ნაგებობაა. პირველი სართული დასავლეთ-აღმოსავლეთის ღერძზე თაღით გახსნილი კარიბჭეა. მეორე სართული ექვსთაღიანი ფანჩატურია, რომელშიც სამრეკლოა მოწყობილი. ნაგებობა გუმბათისებური სახურავით სრულდება. სამრეკლოს ფასადებში ვერძის თავის ჰორელიეფი და საამშენებლო წარწერა ჩართული: „ქორონიკონსა 110 ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო რეხოელისაო შეიწყალე გრიგოლ გურიელი და დედოფალი ელენე ამინ და კირილეისონ“. წარწერა 1422 წლით თარიღდება. სამრეკლო, ისევე როგორც თავად ეკლესია მნიშვნელოვნად დაზიანებული და გადაკეთებული სახითაა მოღწეული. ტაძარს შემოვლებული ჰქონდა ქვის გალავანი, რომელშიც სამრეკლო იყო ჩართული, თუმცა ამჟამად გალავნის მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი ეკლესიის ჩრდილოეთით. 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.