შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მდებარეობს. მონასტერი სამი ძეგლისგან შედგება: XIII-XIV საუკუნეების მაცხოვრის ეკლესია, XVI საუკუნის ფერისცვალების გუმბათოვანი ტაძარი – “ზარზმა” და XVI საუკუნის სამრეკლო. შემოქმედის ეკლესია აიგო, როგორც გურიის მთვრების, გურიელების სამარხ-საცავი. XVI საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს კი, მას შემდეგ, რაც სამცხე-საათაბაგო თურქებმა დაიპყრეს, ვახტანგ I გურიელმა გუმბათოვანი ეკლესია – „ზარზმა“ ააგო, ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატის დასაბრძანებლად და სხვა ძვირფასი ნივთების დასაცავად. მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულს შემოქმედში ეპისკოპოსი იაკობ დუმბაძე მოღვაწეობდა, რომელმაც ევროპაში იმოგზაურა და რომის პაპ ინოკენტი XI-ს შეხვდა. მთის მწვერვალზე მონასტრის მთავარი ტაძარი იდგა, კალთებზე კი ბერების სენაკები იყო განლაგებული. ბერების სამყოფელის მეორე მხარეს კი – დედათა სენაკები. 1820 წელს იმერეთის აჯანყების ჩახშობისას გენერალმა ველიამინოვმა შემოქმედის ციხე და მის კედლებში მოქცეული სამონასტრო ნაგებობანი ააფეთქა. 1846 წელს შემოქმედის მონასტერი წინამძღვრის გარეშე იყო. XIX საუკუნეში მონასტერი რამდენიმეჯერ გაიძარცვა. გარდა ამისა, ძალიან დაზიანდა ტაძარი. წინამძღვრის მიერ დატოვებული დარაჯები შუაგულ ოთახში ანთებდნენ ცეცხლს გასათბობად და ჭვარტლმა კედლებისა და ჭერის ფრესკები და ჩუქურთმები დაფარა. დაზიანებულ ტაძარში ჩამოდიოდა წყალი და მხატვრობა ჩამოირეცხა, ნივთები დაინესტა. მოგვიანებით ვინმე ნიკო გალოგრემ მონასტრის შეკეთებას 200 მანეთი შესწირა. 1894-95 წლებში შემოქმედში ოლივერ და მარჯორი უორდროპები მოგზაურობდნენ. მარჯორი უორდროპი თავის ჩანაწერებში აღნიშნავს: ,,შემოქმედი, ისე როგორც საქართველოს ყველა სხვა მონასტერი, ძველად გამაგრებული სიმაგრეც ყოფილა, მას მთელი გურია ემორჩილებოდა”. შემოქმედის მონასტერს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონდა. დაცული ხელნაწერებიდან ჩვენამდე მოღწეულია: “გულანი”, “ფუთკარი”, “ზატიკი” და სხვა. გარდა ბიბლიოთეკისა მონასტერში დაცული იყო ძვირფასი ხატები და საეკლესიო ნივთები. ეს სიწმინდეები აღწერილი აქვს დიმიტრი ბაქრაძეს თავის ნაშრომში – ,,არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში”. აღსანიშნავია 886 წლით დათარიღებული ზარზმის ფერისცვალების ხატი, რომელიც ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
არქიტექტურა
შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი სამი ძეგლისგან შედგება: XIII-XIV საუკუნეების მაცხოვრის ეკლესია, XVI საუკუნის ფერისცვალების გუმბათოვანი ტაძარი – “ზარზმა” და XVI საუკუნის სამრეკლო. მონასტერს გარს გალავანი უვლის, შიგა ეზოში კი გალავანში ჩართული სამრეკლოდან შევდივართ. მაცხოვრის ეკლესია და ზარზმა ერთმანეთს ეკვრის. შემოქმედის მაცხოვრის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. ის მრავალჯერ გადაკეთებულა. ვ. ბერიძის აზრით ეკლესია თავდაპირველად ერთნვიანი უნდა ყოფილიყო, მოგვიანებით კი გრძივი კედლები მოარღვიეს და ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავები მიუშენეს. ნავების მიშენების შემდგომ ეკლესია ახალი პერანგით შემოსეს და ჭადრაკულად განლაგებული სხვადასხვა ფერის ქვებით მოაპირქეთეს. ტაძრის დასავლეთ ფასადი ფანჯრის ირგვლივ შემოვლებული ჩუქურთმითაა შემკული. მორთულობა წნულებისა და სვეტების ორი მწკრივისაგან შედგება. ფასადებს ღარისებრი ლავგარდანი შემოუყვება. ტაძრის კედლებზე ორი ასოთმთავრული წარწერაა ამოკვეთილი. ერთი წინა მხარეზეა, გვიან მიშენებულ თეთრ ქვაზე: “ქე (ქრისტე) ყდ (ყოვლად ძლიერო) შეიწყალე აფხაზთ კათალიკოსი მაქსიმე, ამინ”. მეორე წარწერა კი აღმოსავლეთის ფასადზეა, ლავგარდანის ქვეშ, კიდეში, წარწერაში ნახსენებია იაკობი, თუმცა სრული შინაარსი არ იკითხება. ტაძარი შიგნიდან მთლიანად მოხატული იყო, ამჟამად ფრესკები ძალიან დაზიანებულია. ფერისცვალების სახელობის ეკლესია – „ზარზმა“ მაცხოვრისაზე მცირეა და გუმბათით დასრულებულ ერთ ნავს წარმოადგენს. აღმოსავლეთის ფასადი ხუთწახნაგოვანი განზიდული აბსიდით სრულდება. ეკლესია მრავალჯერ გადაუკეთებიათ. ტაძარს ჩუქურთმები არ აქვს. გუმბათის ყელი რვასარკმლიანია. მოპირკეთებულია მოცისფრო პორფირის ცისფერი ქვით. იატაკი თეთრი მარმარილოსია. შესასვლელის არქიტრავზე გამოსახულია ტოლმკლავა ჯვარი და ორი ვარსკვლავი. ინტერიერი მოხატულია, ფრესკები დაზიანებულია. ზარზმის კედელზე შემორჩენილია პირველი შემოქმედელი ეპისკოპოსის, ბესარიონ მაჭუტაძის გამოსახულება. შემოქმედის სამონასტრო კომპლექსის სამრეკლო ორსართულიანი ნაგებობაა. პირველი სართული კარიბჭეა, რომლის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში ღიობებია გაჭრილი ეზოში შესასვლელად, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლები ყრუა. მეორე სართულზე სამრეკლოა მოწყობილი და ოთხივე მხარეს ორმაგი თაღებით გახსნილ ფანჩატურს წარმოადგენს.