მარტყოფის ღვთაების მონასტერი

მარტყოფი

მარტყოფის ღვთაების მონასტერი ქვემო ქართლის მხარეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ მარტყოფის მახლობლად, იალნოს ქედზე. იგი ანტონ მარტყოფელმა დააარსა VI საუკუნეში. ტყით დაფარულ ქედზე მდებარე მონასტრიდან ულამაზესი ხედები იშლება და შესანიშნავი ადგილია სიმყუდროვისა და სიმშვიდის მოყვარულთათვის. როგორც წერილობითი წყაროები გვამცნობს, მარტყოფს ადრე აკრიანი (ქვიანი ადგილი) ერქვა. ღვთაების მონასტრის გუჯარის თანახმად, ტაძარი აქ ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუშენებია. VI საუკუნის I ნახევარში აკრიანის მთებში 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, მამა ანტონი დამკვიდრდა. მამა ანტონი განცალკევებით ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მას მარტომყოფელი (მარტყოფელი) უწოდეს და სოფელმაც სახელწოდება მარტყოფი მიიღო. ანტონ მარტყოფელს მალე გაუფარდა სახელი, როგორც სასწაულმოქმედს და მის გარშემო თანდათან მორჩილებმა დაიწყეს შემოკრება, ამას მარტყოფში სამონასტრო ცხოვრების განვითარება მოჰყვა. სწორედ მარტყოფის მონასტერშია დაკრძალული მამა ანტონი, მისი საფლავი ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილშია. 1265 წელს “ოქროს ურდოს” მბრძანებელის, ბერქა ყაენის, ლაშქრობას შეეწირა ქალაქი რუსთავი, ამის შემდეგ საეპისკოპოსო კათედრალი რუსთავიდან მარტყოფში გადავიდა. 1395 წელს მონასტერი თემურ-ლენგმა ააოხრა და სწორედ ამდროს დაიკარგა მონასტრიდან ანტონ მარტყოფელის მიერ ჩამოტანილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატიც. ამ ხატის სახელს უკავშირდება მონასტრის სახელწოდებაც – ღვთაების მონასტერი. XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, ქვეყნის ცენტრალიზაციის მიზნით კახეთის მეფე გიორგი I-მა საერისთავოები გააუქმა და მათ ნაცვლად მთელი კახეთი ოთხ სადროშოდ გაყო, რომელთა სათავეშიც ერისთავების ნაცვლად ეპისკოპოსები ჩააყენა. მეორე სადროშოს და ასევე ჯარის მარცხენა ფლანგის წინამძღოლად რუსთველი ეპისკოპოსი დაინიშნა, რომელსაც რეზიდენცია მარტყოფის მონასტერში ჰქონდა. მედროშე ეპისკოპოსები სადროშოებს მოურავების საშუალებით მართავდნენ. ასეთივე მოურავი ჰყავდა მარტყოფსაც. მარტყოფი ერთგვარ პოლიტიკურ ცენტრად იქცა, რასაც მისმა თავდაცვისთვის ხელსაყრელმა მდებარეობამაც შეუწყო ხელი. მონასტერი ოდითგანვე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო, აქ გახსნილი იყო სკოლა. სკოლამ 1752 წელს, ლეკთა თავდასხმის გამო, არსებობა შეწყვიტა. მარტყოფის ღვთაების მონასტერს უკავშირდება ტრაგიკული ისტორიული ფაქტი: აქ ცხოვრობდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, კირიონ II, რომელიც 1918 წლის 26 აგვისტოს სწორედ აქ თავის სენაკში მოკლეს. 1934 წელს კომუნისტებმა მონასტერი გააუქმეს და 50-60-იან წლებში აქ უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი გახსნეს, მოგვიანებით კი 31-ე ქარხნის დასასვენებელ სახლად აქციეს. მარტყოფში 1989 წელს სამონასტრო ცხოვრება აღდგა. ამჟამად აქ თავშეფარებულია აფხაზეთის ეპარქია.

 

არქიტექტურა

მარტყოფის ღვთაების მონასტერი რამდენიმე ტაძრის, სამრეკლოს, საბერეების და სხვა ნაგებობებისგან შედგება. ტაძრები ღვთაების, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგისა და მამა ანტონის სახელობისაა. მთავარი ტაძარი “ხელთუქმნელი ხატის” გუმბათიანი ეკლესიაა. ღვთაების ტაძრის თავდაპირველი ნაგებობა უფრო დიდი ზომის ყოფილა, რომლის ნანგრევებზეც მოგვიანებით უფრო მომცრო ზომის აუგიათ. ტაძრის ძირში შემორჩენილია საძვალე. ტაძრების აღმოსავლეთით სამსართულიანი სამრეკლო დგას. სამრეკლოს ფასადში ჩასმულია წარწერა, რომლის თანახმადაც იგი 1629 წელს კალატოზს ახვერდას აუგია. ნაგებობა ნინოწმინდის, ურბნისისა და ანჩისხატის სამრეკლოებს მიემსგავსება. მონასტრის აღმოსავლეთით, მთის წვერზე მამა ანტონის სვეტი მდებარეობს, რომელიც მონასტრიდანაც კარგად ჩანს. სვეტი ნანგრევების სახით იყო შემორჩენილი და უკანასკნელ პერიოდში კოშკი ახლიდან ააშენეს. ღვთაების ტაძარში ქართულ-ბიზანტიური მოხატულობის ნაშთები იყო შემორჩენილი. XIX ს. 40-იან წლებში მიწისძვრამ ღვთაების ტაძარს გუმბათი მოანგრია. საქართველოს ეგზარქოსის ბრძანებით გუმბათი იმავე პერიოდში აღადგინეს და რუს მხატვარს, ტროშინსკის მოახატინეს. სწორედ ამ აღდგენისა და ხელახალი მოხატვის დროს განადგურდა ძველი ფრესკები, მათ შორის ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის პორტრეტები.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *